სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, ბავშვთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ფიზიკური დასჯა, უგულებელყოფა, შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი მოპყრობა კანონით აიკრძალება. აღნიშნულს „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების“ შესახებ კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული.
კანონპროექტის თანახმად, დაწესებულება ვალდებული იქნება უზრუნველყოს, რომ ყველა პედაგოგი, აღმზრდელი და სხვა პერსონალი იყენებდეს არაძალადობრივი მოპყრობისა და აღზრდის მეთოდებს. აგრეთვე, ინფორმაცია გააჩნდეს ბავშვის მიმართ ძალადობის განხორციელების შედეგებისა და პასუხისმგებლობის ფორმების შესახებ.
ასევე, დაწესებულება ვალდებული იქნება, უზრუნველყოს ბავშვზე ძალადობის პრევენცია, მათ შორის, მშობელთა განათლება და ინფორმირება. დაწესებულებებში გამოიყოფა ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და ბავშვთა ძალადობისგან დაცვაზე პასუხისმგებელი პირები.