4 იანვარს სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქის,
უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაბადების დღეა.
კათოლიკოს-პატრიარქს 83 წელი შეუსრულდა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და
უნეტარესი, ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4
იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია
კობაიძის ღვთისმოსავ ოჯახში დაიბადა. 1952 წელს ვლადიკავკაზის 22-ე
საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა მოსკოვის სასულიერო
სემინარიაში განაგრძო. 1957 წლის 16 აპრილს
სასულიერო აკადემიის მე-2 კურსის სტუდენტი ილია მეორე საქართველოს
მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, მელქისედეკ III-ს ლოცვა კურთხევით
თბილისის წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში ბერად აღკვეცეს და
მას სახელად ილია უწოდეს. 1960 წელს მოსკოვის სასულიერო აკადემია
პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა.
1963 წლის 26 აგვისტოს საქართველოს მაშინდელი
კათოლიკოს-პატრიარქის, ეფრემ მეორის მიერ არქიმანდრიტი ილია
ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის ეპისკოპოსად აკურთხეს, 1967 წელს კი
ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად გადაიყვანეს. ორი წლის შემდეგ ილია მეორე
მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანეს. ილია მეორემ სოხუმში 11 წელი
დაჰყო.
საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, დავით მეხუთის
გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს
მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე
პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.