საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი უახლოეს მომავალში მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებების განხორციელებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ კვირიკაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. კვირიკაშვილის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ის ამ ეტაპზე პარლამენტს მთავრობის შემადგენლობას უცვლელად წარუდგენს.
„ჩემთვის დიდი პატივია, რომ სახელისუფლებო გუნდმა გამომიცხადა ნდობა და ქვეყნის პრემიერმინისტრის პოსტზე ჩემი კანდიდატურა წარადგინა. ეს დიდი პასუხისმგებლობაა.
მინდა განვაცხადო, როგორც პრემიერმინისტრობის კანდიდატი, საქართველოს პალამენტს ამ ეტაპზე დასამტკიცებლად უცვლელად წარვუდგენ მთავრობის სრულ შემადგენლობას, გუნდს, რომლის წევრიც პირველი დღიდან ვარ. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე კი, წარვადგენ მიხეილ ჯანელიძის კანდიდატურას.
პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადების შემთხვევაში, მე მომეცემა საშუალება, უკვე პრემიერმინისტრის პოზიციიდან, ღრმად და დეტალურად გავეცნო თითოეული სამინისტროსა და მინისტრის საქმიანობას, მათ სტრატეგიას, გრძელვადიან და მოკლევადიან გეგმებს, რაც დარწმუნებული ვარ, სამომავლოდ სწორი და რაციონალური გადაწყვეტილების მიღების საშუალებას მომცემს. არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს მომავალში მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებები განხორციელდება“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.