პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა რიგგარეშე სესიის დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ განმარტა ის პროცედურები, რომელიც მთავრობის დამტკიცებას სჭირდება.
„კიდევ ერთხელ მინდა თქვენთან ერთად შევეხმიანო იმ მოვლენებს, რაც გუშინ განვითარდა. მოგეხსენებათ, ამ წუთის მდგომარეობით, საქართველოს მოვალეობის შემსრულებელი მთავრობა ჰყავს. პრემიერ-მინისტრი, მინისტრები აგრძელებენ თავიანთი ფუნქციების შესრულებას. გუშინ პრეზიდენტმა გამოსცა სათანადო განკარგულება და შესაბამისად, დაიწყო კონსტიტუციური პროცესი ახალი მთავრობის ფორმირების. ამ პროცესში ახლა საპარლამენტო უმრავლესობის ჯერია, რომ ჩაერთოს და მიიღოს გადაწყვეტილება, შეარჩიოს პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი. საამისოდ პარლამენტს აქვს 6-7 დღე“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. მისი თქმით, ხვალიდან დაიწყება კონსულტაციები ფრაქციებთან, უმრავლესობასთან. „კონსულტაციებიუს შემდეგ, კონსტიტუციის შესაბამისად, პრეზიდენტს წარვუდგენთ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას. შემდგომ უკვე პრემიერ-მინისტრი შეარჩევს მთავრობის შემადგენლობას, შეადგენს სამთავრობო პროგრამას, წარმოუდგენს პარლამენტს და პარლამენტი იმსჯელებს მთავრობისთვის ნდობის გამოცხდების საკითხზე“,- აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ვარაუდობს, მთავრობის მთლიანი შემადგენლობის დამტკიცება მომავალი კვირისთვის იქნება შესაძლებელი. მისი განმარტებით, ეს არის კონსტიტუციური პროცესი, რომელიც საპარლამენტო მოდელის მართვის სისტემებში ძალიან ხშირად ხდება. მომავალი კვირისთვის დაგვჭირდება რიგგარეშე სხდომის მოწვევა, მიუხედავად იმისა, საკანონმდებლო აქტების თაობაზე რა მდგომარეობა გვექნება“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.