პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ
უფლებამოსილება მინისტრებსაც შეუწყდათ. საქართველოს კონსტიტუციის
თანახმად, პრემიერ-მინისტრის გადადგომა ან მისი უფლებამოსილების
სხვაგვარად შეწყვეტა , მთავრობის წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტას
იწვევს. ასევე კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობის უფლებამოსილების
შეწყვეტის შემთხვევაში, პრეზიდენტი შვიდი დღის ვადაში საპარლამენტო
უმრავლესობის მხრიდან შეთავაზებულ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს
წარადგენს. თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი შვიდი დღის
ვადაში მინისტრთა კანდიდატურებს შეარჩევს და ნდობის მისაღებად
პარლამენტს წარუდგენს. პარლამენტსაც შვიდღიანი ვადა აქვს
გადაწყვეტილების მისაღებად.
მთავრობისათვის პარლამენტის ნდობის მისაღებად საჭიროა
პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა. ახალი
მთავრობის ფორმირებამდე პრეზიდენტი მოვალეობის შესრულებას ძველი
მთავრობის წევრებს აკისრებს.