საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში რიგი საკანონმდებლო ცვლილებებია გათვალისწინებული:
შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთასა და საპირისპირო მიმართულებით მოძრაობაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დაწესდება ახალი ნორმა - ადმინისტრაციული ჯარიმა 300 ლარის ოდენობით.
მკაცრდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მძღოლის მიერ ქვეითებთან მიმართებაში წესების დარღვევაზე. პირველი დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმა იქნება - 40 ლარი; იმავე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი - 150 ლარი.
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა იზრდება 200-დან 300 ლარამდე იმ პირის მიმართ, რომელიც საქალაქო, საქალაქთაშორისო ან საერთაშორისო რეისებით მგზავრების რეგულარული გადაყვანისას გადააჭარბებს სიჩქარეს.
მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა 10 ლარიდან 30 ლარამდე იზრდება.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში სხვა ცვლილება, რაც ჯარიმის თანხის გაზრდას ითვალისწინებს, არ განხორციელდება. იმ მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმები, რომლებიც კონკრეტული დარღვევის დროს მართვის მოწმობის ერთწლიან შეწყევტას გულისხმობდა, შემსუბუქდა და მძღოლს, მართვის მოწმობის ჩამორთმევის ნაცვლად, ფულადი ჯარიმა დაეკისრება. ეს ცვლილება კი ქულათა სისტემის დანერგვითაა განპირობებული.