ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულ შალვა აბულაძეს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენი ახალციხის რაიონულ სასამართლოში, მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილმა გამოაცხადა. სხდომას არ ესწრებოდა თავად ბრალდებული. აბულაძეს თავდაპირველად ბორჯომსა და თბილისში ორი პოლიციელის მკვლელობაში ედებოდა ბრალი, თუმცა ბორჯომის ეპიზოდში ბრალდება გადაუკვალიფიცირდა და მკვლელობის მცდელობა დაედო ბრალად.
აბულაძეს უვადო პატიმრობა თბილისში, პოლიციელის ბექა მარგიშვილის მკვლელობის ბრალდებით მიესაჯა. ასევე აბულაძეს ბრალად დაედო 4 პოლიციელის მკვლელობის მცდელობა. შეგახსენებთ, შალვა აბულაძე სამართალდამცველებმა 2015 წლის 10 აპრილს დააკავეს ბორჯომში, არდაგნის დასახლებაში.
შალვა აბულაძის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოა და მის მიმართ შერისძიება განხორციელდა. "ეს არის უპრეცენდენტო განაჩენი, ერთი ადამიანის მკვლელობის გამო, სამუდამო პატიმრობის მისჯის მეორე მაგალითი არ არსებობს", - აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე. ადვოკატის თქმით, ჯერ უცნობია, გასაჩივრდება თუ არა ახალციხის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.