მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ახალციხეში და თელავში ის ტერიტორიები დაათვალიერა, სადაც სამომავლოდ სამცხე-ჯავახეთის და კახეთის რეგიონების მასშტაბით მასწავლებლის სახლები აშენდება.
მასწავლებლის სახლები აღნიშნული რეგიონების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით იფუნქციონირებს და ორგანიზებას გაუწევს როგორც გრძელვადიან და მოკლევადიან ტრენინგებს, ისე სემინარებს, კონფერენციებსა და სხვა ღონისძიებებს.
მასწავლებლის სახლების ამოქმედება კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების გარდა სამეგრელოსა და გურიის მასშტაბითაც იგეგმება. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში უკვე დამტკიცებულია კონცეპტუალური მოდელი, რომლის მიხედვით რეგიონებში მასწავლებლის სახლები შეიქმნება.
გიორგი მაჩაბელმა ვიზიტის ფარგლებში ახალციხის N1 და თელავის N9 საჯარო სკოლები მოინახულა და პედაგოგებს ახლახან გამოცემული სქემის გზამკვლევი პირადად გადასცა. გზამკვლევში დეტალურადაა განმარტებული მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ყველა დეტალი, რაც მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციებს გაუმარტივებს სქემით გათვალისწინებული საქმიანობების განხორციელებას.