სოფელ ტაძრისში, კოდიანის მხარეს, ბორჯომისა და ასპინძის საზღვარზე ხანძრის ლიკვიდაციას მეხანძრეები ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობენ. ადგილზე მთელი დღის განმავლობაში მობილიზებულია რამდენიმე რეგიონის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები. ცეცხლის ჩაქრობას საკუთარი ძალებით ცდილობენ ადგილობრივებიც.
"გაჩენილი ხანძარი სოფლის მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის. კლიმატური პირობების გამო ცეცხლი ადვილად ვრცელდება და მიუვალი ადგილის გამო ხანძრის ლიკვიდაცია რთულდება. ასე გაგრძელების შემთხვევაში შესაძლებელია ცეცხლი ასპინძის ტერიტორიასაც მოედოს" - აცხადებენ შსს-ის ბორჯომის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
ცეცხლის გაჩენის ზუსტი მიზეზი ამ დრომდე უცნობია, თუმცა ვარაუდობენ დაუდევრობას. წინასწარი მონაცემებით გადამწვარია 5-6 ჰექტარი ტყის მასივი, თუმცა ზუსტი ფართობი ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის. მეხანძრეები ადგილზე მუშაობას აგრძელებენ, გართულების შემთხვევაში ვერტმფრენის ჩართვასაც არ გამორიცხავენ - აცხადებენ ტელეკომპანია "ბორჯომთან" ბორჯომის სახანძრო-სამაშველო სამსახურში.