ბუნებრივი აირის მიწოდება დილის 10:00 საათიდან შეუწყდება ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მცხოვრებ მოსახლეობას, ასევე გაზი გაითიშება ლიკანისა და ახალი უბნის დასახლებაში. მთლიანობაში 3400-მდე აბონენტი დარჩება ბუნებრივი აირის გარეშე.
"სოკარ ჯორჯია ქართლი-გაზის" ბორჯომის ბიზნეს ცენტრის მენეჯერი - ალექსი გელაშვილი ტელეკომპანია "ბორჯომთან" აცხადებს, რომ ავარიული მდგომარეობის გამო შეუწყდება მოსახლეობას ბუნებრივი აირის მიწოდება.
"ბუნებრივი აირის მილი დაზიანებული იყო, რის შედეგადაც ჭაში მოხდა გაზის გაჟონვა" - განაცხადა ალექსი გელაშვილმა.
მისი განმარტებით, მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება აღდგენითი სამუშაოები. ბორჯომის ბიზნეს ცენტრის მენეჯერის ვარაუდით, ბუნებრივი აირი აბონენტებს 19:00 საათიდან ეტაპობრივად მიეწოდებათ.