დღეს ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბაკურიანში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. მან დიდველზე აკვაპარკის მშენებლობისთვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთი ნახა, ასევე გაეცნო კოხტაგორაზე საბაგირო გზის მშენებლობის პროცესს. საბაგიროს სამშენებლო სამუშაოები წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს, რაც შეეხება აკვაპარკს, სავარაუდოდ მშენებლობა მომავალი წლის გაზაფხულიდან დაიწყება.
დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, შეთანხმება შედგა ინვესტორთან და გაკეთდება აღნიშნული მიწის ნაკვეთის გენერალური განაშენიანების გეგმა, რომელიც შემდეგში საინვესტიციო ხელშეკრულებას დაერთვება. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ეს მეტი რწმუნება იქნება სახელმწიფოსთვის, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთზე განაშენიანება მოხდება არა ქაოტური, არამედ მიზანმიმართული და წინასწარშეთანხმებული გეგმით.