ბორჯომში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილი პოლიციელის გიორგი ბერუაშვილის სახელობის ქუჩა, სკვერი და მემორიალი დღეს შს მინისტრმა ოფიციალურად გახსნა. ვახტანგ გომელაურმა დაღუპული პოლიციელის ოჯახის წევრებს თბილისში მდებარე საცხოვრებელი ბინის გასაღები პირადად გადასცა. გიორგი ბერუაშვილის მეუღლე შსს-ს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში დასაქმდა. დაღუპული პოლიციელის ოჯახის წევრებთან ერთად გახსნაზე იმყოფებოდა გიორგი მახარაშვილიც, რომელიც პატრულირებისას გიორგი ბერუაშვილთან ერთად იმყოფებოდა და დაიჭრა. ვახტანგ გომელაური გიორგი ბერუაშვილის საფლავზეც მივიდა და მის ხსოვნას პატივი მიაგო. იმ ქუჩას, სადაც გარდაცვლილი პოლიციელი ცხოვრობდა, გიორგი ბერუაშვილის სახელი მიენიჭა.
შეგახსენებთ, გიორგი ბერუაშვილი 23 იანვარს, ლიკანში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, პატრულირებისას, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევმა, ბორჯომში მცხოვრებმა, 1977 წელს დაბადებულმა შალვა აბულაძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაჭრა. გიორგი ბერუაშვილი მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.