11 მაისს, 13:00 საათზე ახალდაბაში დახვდება მრევლი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესს და უნეტარესს ილია მეორეს. ცენტრალურ გზაზე მრევლი მიმდებარე სოფლებიდან შეიკრიბება.
ილია მეორე ახალციხის და ტაო–კლარჯეთის ეპარქიას 14:00 საათზე ესტუმრება. პატრიარქს სლესის ციხესთან სამღვდელოება და მოსახლეობა დახვდებიან. მრევლი გზაზე შეგებებას გეგმავს მიმდებარე სოფლებიდანაც.
ილია მეორე ვიზიტის ფარგლებში პირველად ახალცხის წმინდა შალვა ახალციხელის სახელობის მშენებარე ტაძარს ესტუმრება. 12 მაისს, 11:30 საათიდან პატრიარქი ეპარქიის ტაძრებისა და მონასტრების მოსალოცად ადიგენში გაემგზავრება.
13 მაისს, 12:00 საათზე უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აწყურის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარს მოილოცავს, სადაც ასევე შესრულდება პარაკლისი. ამავე დღეს დატოვებს პატრიარქი ახალციხის და ტაო-კლარჯეთის ეპარქიას.