გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ცენტრალური სამსახურის თანამშრომლებმა ე.წ. „ცხელ წერტილებში“ პრევენციული ღონისძიებების გატარებისას სამი უკანონო, არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს. ხაშურის მუნიციპალიტეტში აღმოჩენილი ამავე საამქროების ტერიტორიაზე ნაპოვნია სხვადასხვა ჯიშის და მოცულობის უკანონოდ მოპოვებული 18 ერთეული მორი და პირველადი გადამუშავების პროდუქტი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სახერხი დანადგარები დაილუქა. სამართალდამრღვევებს კი ჩამოერთვათ უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მრგვალი ხე-ტყის გადამამუშავებელი საამქროების მიერ გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დაცვის შესწავლის მიზნით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განაგრძობს პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას.