შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ბორჯომში
მცხოვრებ შალვა აბულაძეს ეძებენ, რომელმაც პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა
და მიიმალა.
შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 23 იანვარს, ლიკანში, შსს-ს
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული
სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები გიორგი ბერუაშვილი და
გიორგი მახარაშვილი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფეხით
პატრულირებას ახორციელებდნენ, რა დროსაც წარსულში მრავალჯერ
ნასამართლევმა, ბორჯომში მცხოვრებმა, 1977 წელს დაბადებულმა შალვა
აბულაძემ, დანახვისთანავე, შემხვედრ პოლიციელებს ცეცხლსასროლი
იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა და შემთხვევის ადგილიდან
მიიმალა.
მათივე ინფორმაციით, სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი
დაიჭრა. პოლიციელებს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ბორჯომის
რაიონულ საავადმყოფოში ჩაუტარდათ, შემდეგ კი თბილისში
გადმოიყვანეს.
"მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები შალვა აბულაძის
დასაკავებლად. თუ ფლობთ აღნიშნული პირის ადგილსამყოფელის შესახებ
რაიმე სახის ინფორმაციას, მიმართეთ პოლიციის განყოფილებას ან დარეკეთ
112-ზე", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
წყარო: ინტერპრესნიუსი