შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული დავით გიორგაძე ამხილეს და დააკავეს. გამოძიებამ დაადგენა, რომ დაბა ბაკურიანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა დავით გიორგაძემ წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფთან ერთად, თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, დაბა ბაკურიანში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებულ მიწაზე კომერციული ფართის ნებართვის გარეშე აშენების სანაცვლოდ მოქალაქეს მოსთხოვა და გამოართვა 3000 აშშ დოლარი. სამართალდამცველებმა დავით გიორგაძე ბრალდებულის სახით 24 ნოემბერს დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას ქრთამის სახით აღებულ ფულთან ერთად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი ერთი მჭიდითა და სამი ვაზნით, რომელიც დავით გიორგაძემ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და უკანონოდ ატარებდა. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქრთამის აღების, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით, 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.