ხანძრის ლიკვიდაცია სოფელ საკირის ტყეში დროულად მოხერხდა. ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა ვარაოდობენ რომ მონადირეებმა კოცონი დაანთეს და მის ჩაქრობას არ დაელოდნენ. კვამლი კოდიანის მთიდან ადგილობრივებმა შენიშნეს. ბორჯომის საგანგებო სიტუაციების მართვისა და სახანძრო დაცვის სამსახურის უფროსის - ლევან ჩაჩანიძის განცხადებით, შეტყობინება მათთან დღეს 13:42 საათზე შევიდა. ცეცხლის ლოკალიზებას ისინი ამ დრომდე ცდილობდნენ. მისივე განმარტებით ე.წ. "თელეები", სადაც ცეცხლი გაჩნდა რთულად მისასვლელი ადგილი იყო და ხანძრის ლიკვიდაცია გართულდა. ადგილობრივ მეხანძრეებთან ერთად შემთხვევის ადგილზე ასევე მობილიზებული იყო ახალციხის სახანძრო-სამაშველო სამსახური, ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბანი და რამდენიმე რეინჯერი. ტყე სადაც ცეცხლი გაჩნდა დასახლებული პუნქტისგან მოშორებით იყო და მოსახლეობისათვის საფრთხე არ შეუქმნია.