საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე 86 წლის ასაკში დღეს გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ახლობლები ადასტურებენ. იგი ლანჩხუთის რაიონის სოფელ მამათში 1928 წლის 25 იანვარს დაიბადა. 1959 წელს დაამთავრა ქუთაისის ა. წულუკიძის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი დაუსწრებლად. 1972-1985 წლებში იყო საქართველოს ცკ-ს პირველი მდივანი, 1985-1990 წლებში – საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი, 1995-2003 წლებში ედუარდ შევარდნაძე საქართველოს პრეზიდენტი იყო. თანამდებობიდან ის "ვარდების რევოლუციის" შედეგად გადადგა. ედუარდ შევარდნაძე საქართველოს პრეზიდენტად 1995 წელს აირჩიეს, 2000 წელს კი მისი არჩევა მეორე ვადით მოხდა.