ბორჯომის მუნიციპალიტეტის facebook გვერდზე, დღეს მუნიციპალიტეტის გამგებლის დიმიტრი ბერიძის მიმართვა გავრცელდა.
ბერიძე მოსახლეობას მიმართავს - "ვარ უსაზღვროდ ბედნიერი იმისათვის, რომ წელიწადი და სამი თვე თქვენგან მომეცა საშუალება და ნდობა ვმდგარიყავი იმ საკითხების ირგვლივ რასაც ბორჯომის მომავალი ჰქვია.
დღეს ბორჯომის წინაშე უამრავი პრობლემატური საკითხი დგას, როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე სოციალური მიმართულებით. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობამ თავდაუზოგავად იმუშავა რათა თითოეული მოსახლის პრობლემა სასიკეთოდ გადაეწყვიტა. დაფინანსდა უამრავი სოციალური თუ ინფრასტრუქტურული პროექტი, თუმცა გვყავს ბევრი უსახლკარო და მეწყერ საშიშ ზონაში მყოფი მოქალაქეები, რომლებიც ყოველ დღე დახმარების მოლოდინში არიან.
დღესაც მიმდინარეობს ორმოცდაათზე მეტი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტი სოფელსა თუ ქალაქში, რაც ჯამში შეადგენს 10, 000, 000 ლარზე მეტს.
ბოდიში მინდა მოვუხადო ყველა იმ მოქალაქეს ვისი გვერდში დგომა და დახმარება გარკვეულ წილად ამ მოკლე პერიოდში ვერ შევძელი. მაქვს იმედი, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში მათი პრობლემების გადაჭრის გზები უფრო ეფექტურად გამოიძებნება."
შეგახსენებთ, რომ დიმიტრი ბერიძის განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ, ბორჯომის საკრებულომ დღეს დააკმაყოფილა.