სამცხე-ჯავახეთში ტური დიპლომატიური კორპუსისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით მოეწყობა. მიმდინარე წლის 24-25 მაისს, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები სამცხე-ჯავახეთს გაეცნობიან, ესტუმრებიან რეგიონის დაბებს და ქალაქებს, შეხვედრებს გამართავენ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, მოინახულებენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს.
აღნიშნული საინფორმაციო-შემეცნებითი ტური საშუალებას მისცემს დიპლომატებს მეტი ინფორმაცია მიიღონ რეგიონის კულტურული მახასიათებლების, მისი ტურისტული, საინვესტიციო და ინფრასტრუქტურული პოტენციალის შესახებ.
დიპლომატები ბორჯომში 24 მაისს 11:00 საათზე ჩამოვლენ, მოინახულებენ მინერალური წყლების პარკს და რომანოვების სასახლეს, რის შემდეგაც რაბათს და ვარძიას დაათვალიერებენ.