რა მიზანს ემსახურება დეზინფორმაციის გავრცელება სამცხე-ჯავახეთში
10:09 / 29.06.2024
„ჯავახეთში დიდია
გავლენა რუსეთის საინფორმაციო წყაროების, ადგილობრივებს რუსეთთან აქვთ
ეკონომიკური კავშირი,იქ მუშაობენ, იქ ჰყავთ
ნათესავები, ახლობლები. საინტერესოა ისიც, რომ ახალქალაქში ყოველთვის
კარგად იციან რუსული რუბლის კურსი, იციან დოლარის კურსი რუსულ რუბლთან
მიმართებაში და არა ლართან მიმართებაში“ - გვიზიარებს
საკუთარ დაკვირვებას მახარე მაცუკატოვი, ახალქალაქის ბიზნეს ცენტრის
ხელმძღვანელი.
ჯავახეთის მოსახლეობა, რომ ინფორმაციას რუსული ტელეარხებიდან იღებს,
სიახლეს არავისთვის წარმოადგენს. რუსეთზე არც რეგიონის მოსახლეობის
ნაწილის ეკონომიკური დამოკიდებულება წარმოადგენს ახალ ამბავს.
ჯავახეთში მცხოვრები კაცების დიდი ნაწილი, თვეობით რუსეთში მუშაობს და
ოჯახებს საქართველოში რუსული ფულით არჩენს.
ნინო გონგაძე, მახარე მაცუკატოვი და ლადო ტერტერიანი სამცხე-ჯავახეთში
ცხოვრობენ. ადგილობრივები გვიყვებიან რა ფორმით და რა მიზნით
ვრცელდება დეზინფორმაცია სამცხე-ჯავახეთში, რომლის სამიზნე ხშირად
ევროკავშირია.
დეზინფორმაციის სამიზნე წლების განმავლობაში არ იცვლება. პროპაგანდის
მასშტაბები იზრდება, არადა ევროსაბჭოს გადაწყვეტილება საქართველოს
კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შემდეგ 9 დათქმას გულისხმობდა,
აქედან პირველი ქვეყანაში დეზინფორმაციის შემცირებას
ითვალისწინებს.
ქვეყანაში დეზინფორმაციის შემცირების საპასუხოდ პირველი ნაბიჯი, რაც
მთავრობამ გადადგა, იყო სამოქმედო გეგმის დამტკიცება. 2023 წლის 27
ნოემბერს საქართველოს ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიამ დაამტკიცა
„ევროკომისიის 2023 წლის გაფართოების პოლიტიკის შესახებ
კომუნიკაციაში, საქართველოსთვის განსაზღვრული ნაბიჯების
განსახორციელებელი ღონისძიებების”გეგმა.
გეგმის განხორციელებაზე პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას
დაევალა. დეზინფორმაციასთან ბრძოლის კონტექსტში განისაზღვრა
განსახორციელებელი აქტივობები და ვადები.
• მთავრობის 2024-27 წლების საკომუნიკაციო სტრატეგიის
დამტკიცება. სტრატეგიის ერთ-ერთ კომპონენტს სწორედ დეზინფორმაციის
წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.
• საგარეო საქმეთა სამინისტრომ განსაზღვრა უწყების მიერ
განსახორციელებელი ღონისძიებები, რომლებიც მიზნად ისახავს
ევროკავშირში საქართველოს გაწევრების შესახებ საქართველოს მთავრობის
კომუნიკაციის სტრატეგიაში ცვლილებებს ახალი რეალობებისა და
ევროკომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით.
• ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის გაძლიერებას როგორც
ფინანსური ისე ადამიანური რესურსებით.
• დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ევროკავშირის, ასევე
ევროპული ფასეულობების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით
აქტივობების განხორციელებას.
• საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას, მათ შორის საგარეო
ქმედებათა ევროპული სამსახურის შესაბამის სამსახურებთან სტრატკომის
მიმართულებით.
გეგმაში გაწერილი ამ ჩამონათვალის დასაზუსტებლად და მისი
დამტკიცებიდან დღემდე, უკვე განხორციელებული საქმიანობების
გასარკვევად საგარეო საქმეთა სამინისტროს და ნატოსა და ევროკავშირის
საინფორმაციო ცენტრს დავუკავშირდით. ამ უკანასკნელმა გვითხრა რომ
ინტენსიურად ხორციელდება საინფორმაციო შეხვედრები მოსახლეობასთან და
დეტალური ინფორმაციის მისაღებად საგარეო საქმეთა სამინისტროსთან
გადაგვამისამართა, სამინისტროსთან კომუნიკაცია და საკითხზე
პასუხისმგებელ პირთან ინტერვიუ ვერ შედგა. ტელეკომპანია „ბორჯომი“
სამინიტროსგან ინფორმაციას წერილობით გამოითხოვს.
„ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ უფროსი მკვლევარი გიგი
გიგიაძე სამცხე-ჯავახეთში რუსული დეზინფორმაციის გავრცელების
მიზეზებზე საუბრობს - „საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობა
მხარს უჭერს საქართველოს როგორც ევროპულ, ასევე ქვეყნის
ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ამ მხარდაჭერის შესამცირებლად
სამცხე-ჯავახეთში ხდება ხოლმე ხელოვნური შიშების გაჩენა, ამ
გზავნილებს არაფერი არ აქვთ საერთო ჭეშმარიტებასთან.“
რა მიზანს ემსახურება დეზინფორმაციის გავრცელება სამცხე-ჯავახეთში
ცხადია, რას აკეთებს მასთან გასამკლავებლად საქართველოს მთავრობა -
ბუნდოვანი. მთავარია რეგიონში მცხოვრებლებმა შეძლონ პროპაგანდის
გამიჯვნა, ინფორმაციის სანდო წყაროებიდან მიღება და დასკვნების ამის
შემდეგ გაკეთება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.