ევროპის სოფლებში ახალ მოსახლეებს €80 000-მდე უხდიან
ევროპის იმ ქალაქებში, სადაც
ადამიანების რაოდენობა მცირდება, ახალ მოსახლეებს ცხოვრების სანაცვლოდ
ფულს სთავაზობენ. Euronews Travel იმ ქალაქების ჩამონათვალს
ავრცელებს, რომლებიც ახალ მოსახლეებს საჭიროებს.
შვეიცარიის ალპებში, ალბინენში 250-ზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს.
მოსახლეობის რაოდენობის გასაზრდელად, პატარა მუნიციპალიტეტი ოჯახებს
იქ გადასვლისთვის 50 000 ევროზე მეტს სთავაზობს. 45 წლამდე ასაკის
მოქალაქეები ალბინენში გადასასვლელად € 25,300 მიიღებენ. თითო ბავშვზე
კი დამატებით €10,120 გაიცემა.
სქემა მხოლოდ შვეიცარიის მოქალაქეებისთვის ან იმ უცხოელებისთვის არის
ღია, რომლებიც შვეიცარიაში უკვე დიდი ხანია ცხოვრობენ და C ბინადრობის
ნებართვა აქვთ. მსურველები ვალდებულნი არიან მინიმუმ 202 210 ევროს
ღირებულების სახლში იცხოვრონ და ალბინენში მინიმუმ 10 წელი
გაატარონ.
ესპანეთში მდებარე 600-კაციანი ქალაქი პონგა ბრიტანელებს იქ
გადასვლისთვის 2600 ფუნტ-სტერლინგს, ანუ 2971 ევროს გადაუხდის.
პონგაში დაბადებულ თითოეულ ბავშვზე დამატებით 2600 ფუნტი გაიცემა.
იმისათვის, რომ ბრიტანელებმა ადგილობრივი ხელისუფლებისგან ამ
შეთავაზებით ისარგებლონ, აუცილებელია პონგაში მინიმუმ 5 წელი
გაატარონ.
გალიციაში მდებარე ესპანური სოფელი რუბია ემიგრანტებს სოფელში
ცხოვრების სანაცვლოდ, თვეში 150 ევრომდე თანხას გადაუხდის. სქემა
ოჯახებზეა გათვლილი და მისი მიზანი, ადგილობრივ სკოლებში მოსწავლეთა
რაოდენობის გაზრდაა.
კალაბრიაში, იტალიის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში მდებარე სოფელში
ცხოვრებისთვის 28 000 ევრომდე გამომუშავებას შეძლებთ. სოფელში 2000
ნაკლები ადამიანი სახლობს. აღნიშნული ინიციატივა დეპოპულაციის
წინააღმდეგ ბრძოლას ემსახურება. კალაბრიაში გადასვლის მსურველები 40
წელზე ნაკლები ასაკის უნდა იყვნენ და სოფელში განაცხადის მიღებიდან 90
დღის განმავლობაში უნდა დასახლდნენ.
ისინი ასევე ვალდებულნი არიან წამოიწყონ ბიზნესი ან დასაქმდნენ.
იტალიის სამხრეთ რეგიონში მდებარე Presicce-Acquarica ახალ
მობინადრეებს 30 000 ევროს გადაუხდის. მუნიციპალიტეტი ორი ქალაქისგან
- პრეშიჩესგან და აკვარიკა დელ კაპოსგან შედგება. ახალი მოსახლე
ვალდებულია რომ თანხა ტერიტორიაზე არსებული დაუსახლებელი
საცხოვრებლების შეძენას და განახლებას მოახმაროს. მუნიციპალიტეტში
დაბადებული ყოველი ბავშვისთვის დამატებით 1000 ევრო გაიცემა.
იტალიის კუნძული სარდინია ახალ მაცხოვრებლებს 15 000 ევროს
გადაუხდის.სარდინიაში მცხოვრები ახალგაზრდა ადგილობრივები სამუშაოდ
საზღვარგარეთ გადადიან. ამ გადასახლების წინააღმდეგ საბრძოლველად,
მთავრობამ 45 მილიონი გამოყო. თანხის მისაღებად, მსურველები სარდინიის
მასშტაბით იქ უნდა დასახლდნენ, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 3000-ზე
ნაკლებია. თანხა სარდინიაში სახლის შეძენას ან გარემონტებას უნდა
მოხმარდეს.
ირლანდია ქვეყნის შორეულ კუნძულებზე დასახლებისთვის მსურველებს ფულად
სტიმულს სთავაზობს. ეს ინიციატივა მთავრობის „ჩვენი ცოცხალი
კუნძულების“ პოლიტიკის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ჯამში 30
თემის მოსახლეობის ზრდას.
პროექტის ფარგლებში, ირლანდიის მთავრობა ამაში 80 000 ევროზე მეტს
გადაიხდის.
პოტენციურმა მაცხოვრებლებმა ერთ-ერთ კუნძულზე უძრავი ქონება უნდა
შეიძინონ. ეს შენობა კი 1993 წლამდე უნდა იყოს აშენებული.
წყარო: bm.ge