ევროკავშირი რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივებიდან მიღებულ შემოსავალს უკრაინას გადასცემს
ევროკავშირის ლიდერებმა მხარი
დაუჭირეს რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინულ აქტივებზე ჭარბი მოგების
გადასახადის შემოღებას, რომელიც უკრაინის აღდგენას მოხმარდება.
ინფორმაციას Bloomberg წყაროებზე
დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ლიდერები მოელიან, რომ ევროკავშირის ქვეყნებში
ფედერაციის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივები, დაახლოებით, 3 მლრდ
ევროს ოდენობის ჭარბ მოგებას მოიტანს.
Bloomberg წერს, რომ ევროკავშირის ლიდერებმა ამ გეგმას ბრიუსელის 29
ივნისის სამიტზე ევროპის ცენტრალური ბანკის გაფრთხილების მიუხედავად
დაუჭირეს მხარი. კერძოდ, ევროპის ბანკი შიშობს, რომ აქტივების
შემოსავლის გამოყენებამ შესაძლოა, ოფიციალური რეზერვების მფლობელებს
ევროზე უარი ათქმევინოს. თუმცა გეგმის მხარდამჭერები თვლიან, რომ
სტაბილურობისთვის ყველაზე დიდმა საფრთხემ რუსეთის ბანკის აქტივების
დაბლოკვასთან ერთად გადაიარა.
იმის მიუხედავად, რომ რუსეთის ბანკის გაყინული აქტივების აბსოლუტური
უმეტესობა ევროპაში მდებარეობს, ევროკავშირი ამ გეგმაზე მხარდაჭერის
მოპოვებას G7-ის ქვეყნებისგანაც აპირებს. ეს პირობა რამდენიმე
სახელმწიფომ წამოაყენა. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, რუსეთის ცენტრალური
ბანკის აქტივებზე ჭარბი მოგების გადასახადის შემოღების გეგმა
ევროკავშირმა შეერთებულ შტატებთან განიხილა.
უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ევროკავშირმა ფედერაციის ცენტრალური
ბანკის 200 მლრდ ევროზე მეტი ოდენობის აქტივი გაყინა. აქტივების
ნახევარზე მეტი ნაღდი ფულის სახით და დეპოზიტებში, ხოლო მნიშვნელოვანი
თანხა ფასიან ქაღალდებშიც ინახება, რომლებიც ორ-სამ წელიწადში
გამოსყიდვის შედეგად, ასევე, ნაღდ ფულად გადაიქცევა. თანხის
მნიშვნელოვანი ნაწილი Euroclear-ის დეპოზიტარშია და მიმდინარე წლის
პირველ კვარტალში, თითქმის, 750 მლნ ევრო გამოიმუშავა.
ცენტრალური ბანკის რეზერვების გარდა, ევროკავშირს 24,1 მლრდ ევროს
აქტივები აქვს გაყინული, რომლებიც სანქცირებული რუსი კერძო პირებისა
და რუსული კომპანიების საკუთრებაა.
წყარო: bpn.ge