ევროპა ჩვენში
ევროკომისიამ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ციფრული წიგნიერების გავრცელების გზამკვლევი გამოაქვეყნა
ევროკომისიამ გამოაქვეყნა დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ციფრული წიგნიერების გავრცელების გზამკვლევი განათლების დაწყებითი და საშუალო საფეხურის მასწავლებლებისა და პედაგოგებისთვის, რომელიც ასწავლის, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ დეზინფორმაციას და ხელი შეუწყონ ციფრული წიგნიერების ამაღლებას მათ კლასებში. გზამკვლევი უზრუნველყოფს პრაქტიკულ მხარდაჭერას მასწავლებლებისა და პედაგოგებისთვის და მოიცავს ტექნიკური ცნებების განმარტებებს, საკლასო სავარჯიშოებს დეზინფორმაციასთან გამკლავებასა და ჯანსაღი ონლაინ ჩვევების წახალისებასთან დაკავშირებით. ეს ინსტრუმენტი მოიცავს სამ ძირითად თემას: ციფრული წიგნიერების განვითარებას, დეზინფორმაციასთან გამკლავებას და ციფრული წიგნიერების ანალიზსა და შეფასებას.

ამჟამად ევროპაში, ყოველ მესამე 13 წლის მოსწავლეს არ აქვს საბაზისო ციფრული უნარები უშუალოდ ტესტირებისას; ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მონაცემების თანახმად, ევროკავშირში 15 წლის მოზარდების მხოლოდ ნახევარზე მეტს ასწავლიდნენ, როგორ ამოიცნონ არის თუ არა ინფორმაცია სუბიექტური ან მიკერძოებული. შესაბამისად, დეზინფორმაციის წინააღმდეგ საბრძოლველად და ციფრული წიგნიერების, ასევე მედია წიგნიერების ასამაღლებლად განათლებისა და ტრენინგის როლის გაძლიერების მკაფიო საჭიროება არსებობს. ეს მდგრადობას და ონლაინ დეზინფორმაციის გავლენასთან უფრო ეფექტიანად ბრძოლის შესაძლებლობას გაზრდის.

მარია გაბრიელმა, ევროკომისარმა ინოვაციების, კვლევების, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხებში განაცხადა: „ეს გზამკვლევი არის პრაქტიკული ინსტრუმენტების ნაკრები მასწავლებლებისა და პედაგოგებისთვის. ის მასწავლებლებს მიაწვდის იმ ცოდნას და საშუალებებს, რომლებიც მათ სჭირდებათ, რათა ასწავლონ ჩვენს ახალგაზრდებს, თუ როგორ გაიკვლიონ გზა ციფრულ სამყაროში. ისეთი მასწავლებელიც კი, რომელსაც არ აქვს ან აქვს მცირე გამოცდილება ციფრულ განათლებაში, ახლა შეძლებს ეფექტიანად აუხსნას მოსწავლეებს, როგორ ამოიცნონ დეზინფორმაცია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გზამკვლევი ბევრ პოზიტიურ ცვლილებას შემოიტანს.”

შიდა ბაზრის საკითხებში ევროკომისარმა ტიერი ბრეტონმა განაცხადა: „მასწავლებლები და პედაგოგები ახალგაზრდებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მისაბაძი მაგალითია და მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისად გადამზადდნენ, რათა მათ მოსწავლეებს ახალი ამბების დეზინფორმაციისგან განსხვავებაში დაეხმარონ. ამ ახალი გზამკვლევით და ახალი სტრატეგიით - უკეთესი ინტერნეტი ბავშვებს - მიზნად ვისახავთ ევროპის სკოლებში ციფრული წიგნიერების უნარების განვითარება ადრეული ასაკიდან გავაადვილოთ“.

წარმოდგენილი გზამკვლევი შემუშავდა კომისიის ექსპერტთა ჯგუფის მხარდაჭერით, რომელიც განათლებისა და ტრენინგების გზით დეზინფორმაციასთან ბრძოლისა და ციფრული წიგნიერების ხელშეწყობის საკითხებზე მუშაობს. ის განათლებისა და ტრენინგის, მაუწყებლობის, აკადემიის, სოციალური მედიისა და ჟურნალისტიკის სამყაროდან პრაქტიკის ფართო სპექტრს აერთიანებს. ამავე დროს, ექსპერტთა ჯგუფმა ასევე გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც გაანალიზებულია დეზინფორმაციასთან ბრძოლაში განათლებისა და ტრენინგის როლი და წარმოდგენილია შესაძლო გადაწყვეტილებები პოლიტიკის საშუალებით ევროკავშირისა და ეროვნულ დონეებზე.
კომისია ამ საქმეში დამატებით ინვესტირებას განახორციელებს 2023 წლის Erasmus+ ყოველწლიური სამუშაო პროგრამის მეშვეობით, რომელიც უზრუნველყოფს ფართომასშტაბიანი პერსპექტიული პროექტების დაფინანსებას, რომელიც დეზინფორმაციასთან ბრძოლასა და ციფრული წიგნიერების ასამაღლებლად მასწავლებელთა ტრენინგზე და სასწავლო გეგმის შემუშავებაზე არის მიმართული.

კომისია ახალ გზამკვლევს ასევე გამოიყენებს ახალი ევროპული სტრატეგიის - უკეთესი ინტერნეტი ბავშვებს (BIK+) ფარგლებში მასწავლებლების მხარდასაჭერად.

საკითხის ისტორია

გზამკვლევი ციფრული განათლების სამოქმედო გეგმის (2021-2027) და ევროპის დემოკრატიის სამოქმედო გეგმის ნაწილია, რომელიც 2025 წლისთვის ევროპის საგანმანათლებლო სივრცის მიღწევას ხელს შეუწყობს. ასევე დამატებით ავსებს სამუშაოს, რომელსაც ევროკომისია უკვე ახორციელებს დეზინფორმაციასთან გასამკლავებლად მისი Erasmus+ პროგრამის, ევროპის სოლიდარობის კორპუსისა და eTwinning-ის მეშვეობით.

მედიაწიგნიერების როლი დეზინფორმაციასთან ბრძოლაში მხარდაჭერილია „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამის ფარგლებში და ევროკომისიის მიერ მოცული ევროპის ციფრული მედია ობსერვატორიისა და მისი რეგიონული ჰაბების მეშვეობით.

გზამკვლევის შემუშავების მხარდაჭერის მიზნით, კომისიამ შექმნა არაფორმალური ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც განათლებისა და ტრენინგების გზით დეზინფორმაციასთან ბრძოლისა და ციფრული წიგნიერების ხელშეწყობის საკითხებზე მუშაობს. ვაკანსია ექსპერტთა ჯგუფში გასაწევრიანებლად 31 მაისს გამოქვეყნდა და 29 ივნისს დაიხურა.

ექსპერტთა ჯგუფის საბოლოო ანგარიშში მოწოდებულია ინფორმაცია განათლებისა და ტრენინგის ძირითად როლზე ახალგაზრდების თანამედროვე ციფრული სამყაროსთვის საჭირო კომპეტენციებით აღჭურვაში, მათ შორის, როდესაც საქმე ეხება დეზინფორმაციასთან ბრძოლას, ამავდროულად ხაზს უსვამს მთავარ გამოწვევებს და პოტენციურ გადაწყვეტილებებს ამ კომპლექსურ და დინამიურ საკითხთან დაკავშირებით. ანგარიში მოიცავს ევროკავშირის დონეზე არსებულ პოლიტიკას და საერთაშორისო ინიციატივებს, რაც ხაზს უსვამს ჩატარებულ მუშაობაზე დაფუძნების დამატებით ღირებულებას. ანგარიშში წარმოდგენილია განათლებისა და ტრენინგის გზით დეზინფორმაციასთან ბრძოლისა და ციფრული წიგნიერების ამაღლების ოთხი ძირითადი მიმართულება, რომელიც მოიცავს დეზინფორმაციის ტექნოლოგიურ და ფსიქოლოგიურ ხასიათს; ციფრული წიგნიერების ძირითად განზომილებებს, მასწავლებლებისა და პედაგოგების საჭიროებებს; და ბოლოს, ეფექტურ მიდგომებს, რომლებიც წევრ სახელმწიფოებში არის მიღებული.

დამატებითი ინფორმაცია

მასწავლებლებისა და პედაგოგებისთვის განათლებისა და ტრენინგის საშუალებით დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ციფრული წიგნიერების გავრცელების გზამკვლევის თარგმნა ევროკავშირის ყველა ოფიციალურ ენაზე ეტაპობრივად განხორციელდება.

სასარგებლო რესურსები ქართულ ენაზე

• განათლებისა და ტრენინგების გზით დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ციფრული წიგნიერების გავრცელების გზამკვლევი მასწავლებლებისა და პედაგოგებისათვის:

ევროკომისიის გზამკვლევი


• საინფორმაციო ბიულეტენი:

ევროკომისიის გზამკვლევის საინფორმაციო ბიულეტენი.

საინფორმაციო ვიდეო

• ევროკომისიის ექსპერტთა ჯგუფის ანგარიშის შემაჯამებელი ნაწილი ძირითადი გამოწვევებით, დასკვნებითა და რეკომენდაციებით:

ექსპერტთა ჯგუფის ანგარიშის დასკვნითი ნაწილი.


წყარო: https://www.eeas.europa.eu/delegations/georgia_ka?s=221

Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.