ევროპა ჩვენში
ევროკავშირი რუსეთს სანქციების მეთერთმეტე პაკეტს უწესებს
ევროკომისია მიესალმება ევროპული საბჭოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეთერთმეტე პაკეტის მიღებას. ეს პაკეტი უზრუნველყოფს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების უკეთეს აღსრულებას და განხორციელებას გასულ წელს მიღებული გამოცდილების საფუძველზე.

მეთერთმეტე პაკეტი შემდეგ ძირითად ზომებს მოიცავს:


ვაჭრობის სფერო

• სანქციების გვერდის ავლის საწინააღმდეგო ახალი ინსტრუმენტი საშუალებას მისცემს ევროკავშირს შეზღუდოს გარკვეული სანქცირებული საქონლისა და ტექნოლოგიების გაყიდვა, მიწოდება, გადაცემა ან ექსპორტი განსაზღვრულ მესამე ქვეყნებში, რომელთა იურისდიქციები გვერდის ავლის მუდმივ და განსაკუთრებით მაღალ რისკად განიხილება. ეს ახალი „გვერდის ავლის საწინააღმდეგო“ ინსტრუმენტი იქნება განსაკუთრებული და უკიდურესი საშუალება, როდესაც სხვა ინდივიდუალური ზომები და ევროკავშირის ურთიერთქმედება დაინტერესებულ მესამე ქვეყნებთან არასაკმარისი იქნება სანქციების გვერდის ავლის თავიდან ასაცილებლად.
• ევროკავშირიდან რუსეთის გავლით მესამე ქვეყნებში ექსპორტირებული გარკვეული მგრძნობიარე საქონლის (მაგ. მოწინავე ტექნოლოგიების, ავიაციასთან დაკავშირებული მასალების) ტრანზიტის აკრძალვის გამკაცრება. ეს ასევე სანქციების გვერდის ავლის რისკს შეამცირებს.
• უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში რუსეთის სამხედრო - სამრეწველო კომპლექსის უშუალო მხარდამჭერთა სიაში 87 ახალი სუბიექტის დამატება. მათ უფრო მკაცრი საექსპორტო შეზღუდვები უწესდებათ ორმაგი დანიშნულების და მოწინავე ტექნოლოგიების პროდუქტებისთვის. სიაში შესული რუსეთისა და ირანის სუბიექტების გარდა, მას ჩინეთში, უზბეკეთში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, სირიასა და სომხეთში რეგისტრირებული სუბიექტები ემატება.
• უკრაინაში ბრძოლის ველზე აღმოჩენილი კიდევ 15 ტექნოლოგიური ერთეულის ან ასეთი ერთეულების წარმოებისთვის საჭირო აღჭურვილობის ექსპორტის შეზღუდვა. პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით ვმუშაობთ და შვეიცარიას ჩვენი პარტნიორი ქვეყნების სიას ვამატებთ.
• რკინისა და ფოლადისგან დამზადებული საქონლის იმპორტზე შეზღუდვების გამკაცრება, სანქცირებული რკინისა და ფოლადისგან მესამე ქვეყანაში დამზადებული საქონლის იმპორტიორებთან მოთხოვნით დაამტკიცონ, რომ გამოყენებული რესურსები არ მოდის რუსეთიდან.
• აკრძალულ საქონელთან დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებებისა და სავაჭრო საიდუმლოების გაყიდვის, ლიცენზირების, გადაცემის ან მითითების აკრძალვა იმისთვის რომ არ მოხდეს სანქცირებული საქონლის უბრალოდ ევროკავშირის ფარგლებს გარეთ წარმოება.
• ძვირადღირებული ავტომობილების ექსპორტის აკრძალვის გამკაცრება, რომელიც მოიცავს ყველა ახალ და მეორად ავტომობილებს ძრავის გარკვეული ზომით (> 1.900 სმ³) და ასევე ყველა ელექტრო და ჰიბრიდულ ავტომობილებს.
• გარკვეული ტიპის დანადგარების ნაწილების სრული აკრძალვა.
• სამრეწველო საქონლის დანართის სტრუქტურის გამარტივება, აკრძალული პროდუქტების ერთ სექციაში ჩამოთვლის საშუალებით და პროდუქტის უფრო დეტალური აღწერით, იმისთვის რომ უკეთესად მოხდეს საექსპორტოდ აკრძალული საქონლის იდენტიფიცირება და შემცირდეს სანქციების გვერდის ავლა არასწორი კლასიფიკაციის მეშვეობით.

ტრანსპორტის სფერო

• სრული აკრძალვა ევროკავშირში ტვირთის გადაზიდვაზე მძიმე სატვირთო მანქანებისთვის, რუსეთის ტრეილერებით და ნახევრად ტრეილერებით. ეს შეწყვეტს რუსეთის საგზაო სატვირთო გადაზიდვების ოპერატორების მიერ ევროკავშირში ტვირთის გადაზიდვის აკრძალვის გვერდის ავლას.
• ევროკავშირის პორტებში შესვლის აკრძალვა გემიდან გემზე ტვირთის გადამტანი გემებისთვის, რომელიც ეჭვმიტანილია რუსეთის ნავთობის იმპორტის აკრძალვის ან „დიდი შვიდეულის“ (G7) მიერ დაწესებული ფასის ლიმიტის დარღვევაში.
• ევროკავშირის პორტებში შესვლა აეკრძალება გემებს, თუ სულ მცირე 48 საათით ადრე არ აცნობებს კომპეტენტურ ორგანოს გემიდან გემზე ტვირთის გადატანის შესახებ, რომელიც მოხდება ევროკავშირის წევრი ქვეყნის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში ან 12 საზღვაო მილის მანძილზე ამ წევრი ქვეყნის საწყისი სანაპირო ზოლიდან.
• ევროკავშირის პორტებში შესვლის აკრძალვა გემებისთვის, რომლებიც ნავიგაციის მეთვალყურეობის სისტემით მანიპულირებენ ან თიშავენ მას ნავთობის იმპორტის აკრძალვას დაქვემდებარებული ან „დიდი შვიდეულის“ (G7) მიერ დაწესებული ფასის ლიმიტის მქონე რუსული ნავთობის ტრანსპორტირებისას.


ენერგეტიკის სფერო

• გერმანიაში და პოლონეთში რუსული ნავთობის მილსადენით იმპორტის შესაძლებლობის დასრულება.
• ექსპორტზე არსებული აკრძალვების მკაცრი და ძალიან მიზანმიმართული ნაწილობრივი გადავადება, რათა შესაძლებელი გახდეს CPC (Caspian Pipeline Consortium) მილსადენის შენარჩუნება, რომლითაც ევროკავშირში ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება რუსეთის გავლით ხდება.
• იაპონიისთვის სახალინის ნავთობის ფასზე ლიმიტთან დაკავშირებული გამონაკლისის გაგრძელება (2024 წლის 31 მარტამდე).


დამატებითი სიები

• აქტივების გაყინვას 100-ზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირი დაექვემდებარება. ეს სია მოიცავს სამხედრო მაღალჩინოსნებს, ომთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიმღებებს, უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციაში მონაწილე პირებს, მოსამართლეებს, რომლებმაც უკრაინის მოქალაქეების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებები მიიღეს, კულტურული მემკვიდრეობის ძარცვაზე პასუხისმგებელ პირებს, ბიზნესმენებს, პროპაგანდისტებს, ასევე რუსულ IT კომპანიებს, რომლებიც რუსეთის დაზვერვას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომუშავე ბანკებს და რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან მომუშავე ორგანიზაციებს კრიტიკული ტექნოლოგიებსა და პროგრამულ უზრუნველყოფას აწვდიან.


დამატებითი განმარტებები

• კრიტერიუმების გადასინჯვა სანქცირებულთა სიაში ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლაში ჩართული ფიზიკური / იურიდიული პირების შესაყვანად, მათ შორის ევროკავშირის სანქციებისთვის მნიშვნელოვნად ხელისშემშლელი ფიზიკური / იურიდიული პირებისა.
• ახალი კრიტერიუმის დამატება რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (FSB) ან რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ლიცენზიით რუსეთის IT სექტორში მომუშავე ფიზიკური / იურიდიული პირების სანქცირებულთა სიაში შესაყვანად.
• აკრძალვის გადავადება, რომლის შემდეგ შესაძლებელი გახდება ჩამოთვლილ პირებთან თანამფლობელობაში არსებული რუსული ერთობლივი საწარმოს საკუთრების უფლების გაყიდვა.
• აკრძალვის გადავადება, რომლის შემდეგ შესაძლებელი გახდება ჩამოთვლილი ორგანიზაციების მფლობელობაში არსებული გარკვეული ტიპის ფასიანი ქაღალდების განკარგვა.
• გარკვეული განმარტებების ჩასმა დებულებაში, რომელიც განსაზღვრავს კომპეტენტურ ორგანოებს შორის ინფორმაციის გაზიარებას და ადვოკატებსა და მათ კლიენტებს შორის კომუნიკაციის კონფიდენციალურობის დაცვას ანგარიშგების ვალდებულებების კონტექსტში.
• აკრძალვის გადავადება, რომლის შემდეგ შესაძლებელი გახდება ისეთი ბარიერის შემქმნელი სერვისების მიწოდება, რომელიც საჭიროა სანქცირებულთა სიაში შესული პირის მიერ ევროკავშირის იურიდიული პირის აქტივებზე კონტროლის მოსახსნელად.
• კონკრეტულ გარემოებებში საპილოტე მომსახურების გაწევაზე გამონაკლისის გაკეთება.


სხვა

• სანქცირებული მედიის სიას 5 არხი მიემატა.
• შეტანილია დამატებითი დებულებები ინფორმაციის გაცვლისა და ანგარიშგების შესახებ.
• დროებითი გადავადება აკრძალული სერვისების მიწოდების დასაშვებად, რასაც კანონი რუსეთის ოპერატორების ევროკავშირიდან გასაყვანად მოითხოვს.


ევროკავშირის სანქციები

ევროკავშირის სანქციებმა მოსკოვის პოლიტიკური და ეკონომიკური შესაძლებლობები მნიშვნელოვნად შეზღუდა, რამაც დიდი ფინანსური დაძაბულობა და რუსეთის ინდუსტრიული და ტექნოლოგიური პოტენციალის დეგრადაცია გამოიწვია. სანქციები სამ მთავარ მიზანს ემსახურება: უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის საწარმოებლად რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების დაქვეითება, კრემლისთვის იმ შემოსავლების ჩამორთმევა, რომლითაც ის ომს აფინანსებს და რუსეთის ეკონომიკისთვის ხარჯების შექმნა. სანქციები სამივე მიმართულებით მოქმედებს. მათი ეფექტი დროთა განმავლობაში იზრდება, რადგან სანქციები რუსეთის ინდუსტრიულ და ტექნიკურ ბაზას ანადგურებს.

გარდა ამისა, სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო’სალივანი აწარმოებს განმარტებით მუშაობას საკვანძო მესამე ქვეყნებში სანქციების გვერდის ავლის თავიდან ასაცილებლად. პირველი ხელშესახები შედეგები უკვე ჩანს. ზოგიერთ ქვეყანაში რეექსპორტის მონიტორინგის, კონტროლისა და დაბლოკვის სისტემები ინერგება. ანომალიური, ძალიან სწრაფად მზარდი ვაჭრობის მაჩვენებლები ზოგიერთ ძალიან კონკრეტულ პროდუქტზე / ქვეყანასთან აშკარა მტკიცებულებაა იმისა, რომ რუსეთი აქტიურად ცდილობს სანქციების გვერდის ავლას. ამიტომ უნდა გავაორმაგოთ ჩვენი ძალისხმევა სანქციების გვერდის ავლასთან საბრძოლველად და მეზობლებს კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ვთხოვოთ. პარტნიორებთან მუშაობისას ჩვენ ასევე შევათანხმეთ ბრძოლის ველზე გამოსაყენებელ სანქცირებული საქონლის პრიორიტეტული ჩამონათვალი, რომლის მიმართაც ბიზნესმა უნდა გამოიყენოს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და რომელიც მესამე ქვეყნებმა არ უნდა გაიტანონ რუსეთში. გარდა ამისა, ევროკავშირის ფარგლებში ჩვენ ასევე განვსაზღვრეთ ეკონომიკურად კრიტიკული საქონელი, რომლის მიმართაც ბიზნესმა და მესამე ქვეყნებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ.


საკითხის ისტორია

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები ეფექტიანია. სანქციები ზღუდავს რუსეთის უნარს, იომოს უკრაინის წინააღმდეგ, მათ შორის, აწარმოოს ახალი იარაღი და შეაკეთოს არსებული, ასევე მასალების ტრანსპორტირებას აფერხებს.

რუსეთის გამუდმებული აგრესიის გეოპოლიტიკური, ეკონომიკური და ფინანსური შედეგები აშკარაა, რადგან ომმა დააზიანა საქონლის მსოფლიო ბაზრები, განსაკუთრებით აგროსასურსათო პროდუქტებისა და ენერგეტიკის მიმართულებით. ევროკავშირი აგრძელებს იმის უზრუნველყოფას, რომ მისმა სანქციებმა რუსეთიდან მესამე ქვეყნებში ენერგეტიკისა და აგროპროდუქტების ექსპორტზე არ იმოქმედოს.

როგორც ევროკავშირის ხელშეკრულებების დამცველი, ევროკომისია ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ ევროკავშირის სანქციების აღსრულებას აკონტროლებს.

ევროკავშირი უკრაინის მიმართ სოლიდარობაში ერთიანია და გააგრძელებს უკრაინისა და მისი ხალხის მხარდაჭერას მის საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მათ შორის დამატებითი პოლიტიკური, ფინანსური და ჰუმანიტარული მხარდაჭერის გზით.


წყარო:
https://www.eeas.europa.eu/delegations/georgia_ka?s=221


Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.