ევროპა ჩვენში
10 მითი ევროკავშირის შესახებ
1. მითი, რომ ევროპული ღირებულებები ქართულ ტრადიციებთან და ცხოვრების წესთან შეუთავსებელია, მცდარია!

ისტორიულად, საქართველოს საგარეო პოლიტიკა და მისი ეროვნული არჩევანი ყოველთვის დასავლური სამყაროსკენ სწრაფვით იყო განპირობებული. ჩვენი ქვეყნის ქრისტიანულმა ღირებულებებმა, რაც გულისხმობს ტოლერანტობას, შემწყნარებლობას, საზოგადოების ყველა ინდივიდის თავისუფლებას, სამართლიანობასა და ოჯახისადმი განსაკუთრებულ პატივისცემას – საქართველოს მოსახლეობის დასავლურ მისწრაფებებს ნაყოფიერი ნიადაგი მოუმზადა. ევროკავშირიც სწორედ ქრისტიანულ საფუძვლებსა და მორალზე დგას, რაც მას საშუალებას აძლევს, იყოს მრავალფეროვანი და თავისუფლების იდეაზე დაშენებული ერთობა. დეკლარირებულად, ევროკავშირი შემდეგ ძირითად ფასეულობებს ეყრდნობა: ადამიანის ღირსებისა და უფლებების პატივისცემა, თავისუფლება, სოლიდარობა, დემოკრატიული მმართველობა, თანასწორობა და კანონის უზენაესობა. თუ გადავხედავთ ჩვენს კონსტიტუციას, ის პირდაპირ იმეორებს ზემოთ ჩამოთვლილ ღირებულებებს. თუმცა, კონსტიტუციის გარეშეც, საქართველოსთვის ღირსებისა და თავისუფლების, ისევე როგორც დემოკრატიული მმართველობის და თანასწორობის იდეა, ყოველთვის იყო მისი ბუნებრივი შემადგენელი ნაწილი.



2. მითი, რომ ევროკავშირი ოჯახურ ღირებულებებს ებრძვის, მცდარია!


ხშირად ვრცელდება მოსაზრება, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის ოჯახური ღირებულებები, ფასეულობები და ტრადიციები უცხოა და აღნიშნული შეხედულების არგუმენტად განქორწინებათა განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი სახელდება. თუმცა, ეს მოსაზრება არ შეესაბამება არსებულ სტატისტიკას და შედარებისთვის, მაგალითად მეორე და მესამე ქორწინების პროცენტული მაჩვენებელი გაცილებით მაღალია რუსეთის ფედერაციაში (52%), ვიდრე იტალიაში, ლიეტუვაში, გერმანიაში, ბულგარეთში, ლატვიაში და სხვ. უფრო მეტიც, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ოჯახში ძალადობისა და ჩაგვრის წინააღმდეგ პოლიტიკის შემუშავებას და განხორციელებას. ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ პროგრამის ფარგლებში საქართველომ ევროკავშირისგან ასეულობით ათასი ევროს ოდენობის მხარდაჭერა მიიღო. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი არ ითხოვს არც საკუთარი წევრი სახელმწიფოებისა და არც მისი მეზობელი ქვეყნებისგან, მათ შორის საქართველოსგან (არც წერილობითი და არც ზეპირი სახით) ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას. ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყანა, სადაც ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონებულია, მოქმედებს საკუთარი მოსახლეობის შეხედულებების (არჩევანის) შესაბამისად. ყველა იმ ქვეყანაში, სადაც დაშვებულია ერთსქესიანთა ქორწინება, გადაწყვეტილება მიღებული იქნა ამ ქვეყნების მოსახლეობის უმრავლესობის მიერ რეფერენდუმის გზით და ეს გადაწყვეტილება არანაირად არაა დაკავშირებული არც ევროკავშირის ვალდებულებასთან და არც სხვა რაიმე მოთხოვნასთან. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არიან ისეთი სახელმწიფოები, სადაც ერთსქესიანთა ქორწინება აკრძალულია: პოლონეთი, ლიეტუვა, ლატვია, სლოვაკეთი და ბულგარეთი. უფრო ნათელი მაგალითისთვის, ხორვატიაში ქორწინება კონსტიტუციაში განმარტებულია, როგორც ქალისა და კაცის თანაცხოვრება.



3. მითი, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია ჩვენს რწმენას – მარლთმადიდებლობას დაგვაკარგვინებს, მცდარია!


ევროკავშირის წევრები არიან მართლმადიდებლური სამყაროს ისეთი მნიშვნელოვანი ქვეყნები, როგორიცაა საბერძნეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ბულგარეთი (40 მილიონამდე ადამიანი). ამასთან, ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის – სერბეთის მოსახლეობის უმრავლესობაც მართლმადიდებელი ქრისტიანია. შესაბამისად, ევროკავშირში გაწევრიანებას ზემოაღნიშნული ქვეყნების მართლმადიდებლური ეკლესიებისათვის, ისევე, როგორც ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების მართლმადიდებელი მოსახლეობისთვის, არანაირი საფრთხე არ შეუქმნია. თუ განვიხილავთ მორწმუნეთა სტატისტიკას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, აქაც საინტერესო ფაქტებს წავაწყდებით. მაგალითისთვის, პოლონეთის მოსახლეობის 87% საკუთარ თავს ეკლესიის აქტიურ მიმდევრად და მორწმუნედ თვლის. ევროკავშირი უფრთხილდება და პატივს სცემს თითოეული ადამიანის რწმენისა და გამოხატვის თავისუფლებას. ევროკავშირის ქვეყნებში ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობები ინდივიდუალურად, ეროვნულ საკანონმდებლო დონეზე რეგულირდება, ქვეყნების მიხედვით, ასევე, განსხვავებულია ეკლესიის როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში. უფრო მეტიც, ევროკავშირში წევრობით, მის წევრ ქვეყნებს ეძლევათ უფრო მეტი საშუალება შეინარჩუნონ საკუთარი სარწმუნოება და დაიცვან საკუთარი აღმსარებლობის ინტერესები.



4. მითი, რომ ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაცია შეუძლებელია ოკუპირებული ტერიტორიების არსებობით, მცდარია!


ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მისი შემადგენელი ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებით და აღნიშნული საკითხი გადახედვას არ ექვემდებარება. სამართლებრივი თვალსაზრისით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ნიშნავს მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებით, რა თქმა უნდა, აფხაზეთისა და ცხინვალის (ამჟამად ოკუპირებულ) რეგიონებთან ერთად. არსებობს არაერთი ქვეყნის მაგალითი, რომლებსაც ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების დროს ტერიტორიული და საზღვრების პრობლემები ჰქონდათ. მაგალითად, შეგვიძლია განვიხილოთ კვიპროსი, რომელიც 2004 წელს გახდა ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. არსებულ კონფლიქტს ევროკავშირში ინტეგრაციის არც ერთ ეტაპზე არ დაუყენებია კვიპროსის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ.



5. მითი, რომ ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლა რიგითი მოქალაქეებისთვის არ არის ხელმისაწვდომი, მცდარია!



საქართველო-ევროკავშირის მრავალმხრივი ურთიერთობების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება განათლებაა. 1992 წლიდან დღემდე, ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული პროგრამები მიმართულია საქართველოში განათლების ყველა საფეხურის გაძლიერებისკენ და მოიცავს საგანმანათლებლო სფეროს თითქმის ყველა ასპექტს: სკოლამდელ, საშუალო და უმაღლეს განათლებას. განათლების სფეროში საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროგრამა, თავისი ხანგრძლივობით, მასშტაბურობითა და წარმატებით არის Erasmus + (ერაზმუს პლუსი). ამჟამად, ერაზმუსის პროექტებში საქართველოს 32 უნივერსიტეტია ჩართული, პროექტის ფარგლებში აღიჭურვა ლაბორატორიები, ბიბლიოთეკები, ითარგმნა და გამოიცა სახელმძღვანელოები, გაიმართა კონფერენციები. ერაზმუსის გაცვლითი პროგრამების რაოდენობით, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანაა რეგიონში. 2019 წლის მონაცემებით, საქართველო, პროგრამაში მონაწილე 141 ქვეყანას შორის, მეექვსე ადგილს იკავებს. განხორციელებული მობილობების რაოდენობის მხრივ, კერძოდ 2019 წელს საქართველოდან გაცვლითი პროგრამებით ისარგებლა 1144-მა სტუდენტმა და პროფესორ მასწავლებელმა, ხოლო 2014 წელს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან დღემდე, საქართველოდან განხორციელებული მობილობების რაოდენობამ 4755 შეადგინა. ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა ეფუძნება ჯანსაღ კონკურენციას და იგი ყოველთვის იყო და არის გამჭვირვალე პროცესი. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, თუ იგი აკმაყოფილებს Erasmus+-ის პროგრამის მოთხოვნებს. ამასთან ერთად, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გარკვეული პრიორიტეტი ენიჭება მათ, ვინც იძულებით გადაადგილებულ პირებს წარმოადგენენ.



6. მითი, რომ ქართული კომპანიები ვერ დააკმაყოფილებენ ევროკავშირის სტანდარტებსა და რეგულაციებს და შესაბამისად ვერ გაიტანენ პროდუქციას ევროკავშირის ბაზარზე, მცდარია!


ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერამდე, ევროკავშირში წარმოებული პროდუქცია დაუბრკოლებლად შემოდიოდა ქართულ ბაზარზე, მისი მაღალი ხარისხიდან და სურსათის უვნებლობის მაღალი სტანდარტებიდან გამომდინარე. 2014 წელს ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმება ქართველ მეწარმეებს ეხმარება ევროკავშირის სტანდარტებზე ეტაპობრივად გადასვლაში, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია იქნება მაღალი ხარისხის და კონკურენტუნარიანი არა მხოლოდ ქართულ ბაზარზე, არამედ ევროპულ და სხვა საერთაშორისო ბაზრებზეც. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ აღნიშნული სტანდარტის მისაღწევად, ქართველ მეწარმეებს ეძლევათ გარკვეული პერიოდი და ევროკავშირი საქართველოსთვის გამოყოფს ფინანსურ დახმარებას, რათა გაიზარდოს წარმოებული პროდუქტის ხარისხი, მიწოდების სტაბილურობა და შეიქმნას კონკურენტული გარემო. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ამოქმედების შედეგად (DCFTA), რომელიც ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, 2019 წელს, 2014 წელთან შედარებით ევროკავშირში ექსპორტი 31%-ით გაიზარდა და რეკორდული მაჩვენებელი – 819.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
აღნიშნული შეთანხმების შედეგია, რომ ევროკავშირის ბაზარზე საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტის წილი (ექსპორტი რე-ექსპორტის გარეშე) მნიშვნელოვნად იზრდება – კერძოდ, DCFTA-ის ამოქმედებამდე, საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტირებული პროდუქციისგან მხოლოდ 65% გახლდათ საქართველოში წარმოებული, 2019 წლის მონაცემებით ეს მაჩვენებელი 24%-ით გაზრდილია და უკვე ექსპორტის 89%-ს შეადგენს. მნიშვნელოვანია, რომ საქონლის ექსპორტის დივერსიფიკაციასა და გაზრდასთან ერთად, ევროკავშირში ექსპორტიორი კომპანიების რაოდენობა 2019 წლის მონაცემებით 2014 წელთან შედარებით 61%-ით გაიზარდა და 910 კომპანია შეადგინა.



7. მითი, რომ ევროკავშირის ბაზარზე საქართველოს მხოლოდ შეზღუდული სახეობის პროდუქცია გააქვს, მცდარია!


ევროკავშირი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორია, რომელზეც ქვეყნის მთლიანი საგარეო ვაჭრობის 24% მოდის. 2019 წელს საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტი 12.2%-ით გაიზარდა და 819 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. გავრცელებულია მოსაზრება, რომ ევროკავშირის ბაზარზე საქართველოდან მხოლოდ რამდენიმე სახეობის პროდუქცია თუ იყიდება, თუმცა სინამდვილეში, ფაქტები სხვა გარემოებებს გვაჩვენებს – საქართველო აქტიურად ახორციელებს ევროკავშირის ბაზარზე ისეთი პროდუქციის ექსპორტს, როგორებიცაა სპირტიანი სასმელები და მათ შორის ღვინო, მინერალური წყლები, თხილი, ხილის ჯემები და სხვა. საქართველომ აქტიურად დაიწყო ისეთი პროდუქციის გაყიდვა ევროკავშირის ბაზარზე, როგორიცაა სპილენძის მადანი და კონცენტრატები, აზოტოვანი სასუქები, ფეროშენადნობები, ნედლი ნავთობი და ა.შ. 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტის ზრდა დაფიქსირდა ისეთ პროდუქტებზე როგორიცაა უალკოჰოლო სასმელები (53%), ღვინო (14%), თხილი (22%), ახალი ან შეყინული ბოსტნეული (71%), მცენარეები სამკურნალო და პარფიუმერული დანიშნულებით (22%), მზა ტანსაცმელი (91%), სპილენძის მადნები და კონცენტრატები (42%) და სხვ. ბოლო რამოდენიმე წელია საქართველოდან რეგულარულად ხორციელდება ისეთი პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირში, რომელსაც ადრე არ ვახორციელებდით: მინის ტარა, ცხოველების ავეჯი, პლასტმასის ჭურჭელი, იზოტოპები, მატყლი, ჩირი, ფელამუში, ჩურჩხელა, კენკრა და სხვა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პირველად მიეცა შესაძლებლობა ევროკავშირის ბაზარზე გაიტანოს ცხოველური წარმოშობის საკვები პროდუქცია – კერძოდ საქართველოში წარმოებული თაფლი, ასევე შავი ზღვის თევზი, თევზპროდუქტები, ცხოველის დამუშავებული ტყავი და მატყლი. მნიშვნელოვანია, რომ ქართული პროდუქციის მიმართ ინტერესი და მოთხოვნა სულ უფრო იზრდება ევროპელი მომხმარებლების მიერ - მაგალითად, ქართული შავი მოცვი, რომელიც დიდი მოწონებით სარგებლობს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და საქართველოში წარმოებული კივი, რომელიც გერმანული ცნობილი სუპერმარკეტების ქსელში „ლიდლი“ იყიდება.



8. მითი, რომ ევროკავშირთან ვაჭრობა სხვა სავაჭრო პარტნიორებთან გვაშორებს, მცდარია!


საქართველო-ევროკავშირს შორის ვაჭრობას არ აქვს გავლენა სხვა სახელმწიფოებთან სავაჭრო ბრუნვაზე და ზოგადად ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. ასოცირების შესახებ შეთანხმება და ევროკავშირთან სხვა თანამშრომლობის ფორმატები არც ერთ ეტაპზე არ განიხილავენ საქართველოს სავაჭრო პარტნიორების პრიორიტეტიზაციას. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ევროინტეგრაციის პროცესში დაგეგმილი და მიმდინარე რეფორმები კიდევ უფრო მეტად გაზრდის საქართველოში წარმოებული პროდუქციის ხარისხს და იმიჯს მსოფლიოს მასშტაბით. ეს ყველაფერი კი დაეხმარება ქვეყანას საკუთარი ექსპორტის კიდევ უფრო დივერსიფიცირებაში, უფრო მაღალი შემოსავლის მიღებასა და სხვადასხვა სავაჭრო პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავებაში, მათ შორის ისეთ სახელმწიფოსთან, როგორიცაა ჩინეთი, დსთ-ს ქვეყნები და სხვა.



9. მითი, რომ ევროკავშირი არ ერთვება საქართველოში კონფლიქტის მოგვარების საკითხში, მცდარია!


ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და წამყვან როლს ასრულებს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს სწორედ ევროკავშირის შუამავლობით მოხერხდა რუსეთსა და საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადება. კონფლიქტის გრძელვადიანი მოგვარების პროცესში ევროკავშირის განსაკუთრებულ მხარდაჭერას და ჩართულობას ადასტურებს მის მიერ მთელი რიგი ინსტრუმენტებისა და ფორმატების ამოქმედება უშუალოდ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებით, კერძოდ: ევროკავშირმა დანიშნა სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში კრიზისის საკითხებში, რომლის ამოცანაა, ხელი შეუწყოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ევროკავშირის ჩართულობას. ევროკავშირი წარმოადგენს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს.* ევროკავშირს საქართველოში მოვლენილი ჰყავს სადამკვირვებლო მისია (European Union Monitoring Mission), რომლის მანდატი ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და გულისხმობს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებაზე მონიტორინგის განხორციელებას. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ზღუდავს მისიის შესვლას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, როგორც ადგილზე ოპერირებად ერთადერთ საერთაშორისო მისიას, აქვს უმნიშვნელოვანესი დატვირთვა ვითარების ესკალაციის პრევენციისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში. ევროკავშირი ახორციელებს არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკას კონფლიქტის გრძელვადიანი მოგვარების ხელშეწყობის მიზნით, რომელიც გულისხმობს, ერთი მხრივ, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და, მეორე მხრივ, ომითა და საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ჩართულობისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობას. ამასთან, ევროკავშირი ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორია გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგების, ხალხთაშორისი კონტაქტებისა და ურთიერთობების ხელშეწყობის საქმეში.



10. მითი, რომ ევროკავშირი აღარ ფართოვდება და რაც არ უნდა გავაკეთოთ ჩვენ მაინც არ მიგვიღებენ, მცდარია!


ხშირად ვრცელდება მოსაზრება, რომ ევროკავშირის გაფართოების პროცესი წლების წინ დასრულდა და ახალი წევრების მიღება შეჩერდა. აღნიშნული მოსაზრება მცდარია, რაზეც 2018 წლის 6 თებერვალს, ევროკომისიის მიერ დასავლეთ ბალკანეთის რეგიონის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ გამოქვეყნებული სტრატეგიაც მეტყველებს. ახალი სტრატეგია ბალკანეთის რეგიონის ქვეყნებს ევროკავშირის წევრობის რეალურ პერსპექტივას სთავაზობს და მათი გაწევრიანების თარიღად 2025 წელს ასახელებს. ის ფაქტი, რომ ამ ეტაპზე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით დასავლეთ ბალკანეთის ოთხი სახელმწიფო (ალბანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, სერბეთი) სარგებლობს და 2020 წელს ევროკავშირის საბჭომ ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დაუჭირა, აქარწყლებს მითს იმის შესახებ, რომ ევროკავშირი აღარ ფართოვდება. ასევე, აღსანიშნავია, რომ სულ რაღაც, 5 წლის წინ გაერთიანებას ხორვატია შეუერთდა. ევროკავშირის გაფართოებაზე ღიად საუბრობენ ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლები და აფიქსირებენ, რომ ორგანიზაციის გაფართოების პროცესი არათუ დასრულდა, არამედ პირიქით, აქტიურ ფაზაში გადავიდა. ამრიგად, ევროკავშირში გაწევრიანებისათვის მნიშვნელოვანია, ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის შესაძლებლობები, რასაც ორმხრივი ურთიერთობები გვაძლევს, მივმართოთ ძალისხმევა რეფორმების კონსოლიდაციისა და ეკონომიკის განვითარებისკენ და მოვამზადოთ საფუძვლიანი ნიადაგი ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობისთვის.


წყარო: საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.