ევროპა ჩვენში
6 მაისს თბილისში ევროპის დღე ღონისძიებებით აღინიშნება
პანდემიით გამოწვეული ხანმოკლე პაუზის შემდეგ, ევროპის დღე თბილისში კვლავ დიდი სახალხო ღონისძიებით აღინიშნება. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა იწვევს ყველას, შემოუერთდეს სადღესასწაულო ღონისძიებებს, რომლებიც 6 მაისს „ექსპო ჯორჯიაში“ (აკაკი წერეთლის გამზირი 118) გაიმართება. ვიწვევთ ყველა ასაკის ადამიანს ჩვენთან ერთად საქართველოსა და ევროპის საერთო ღირებულებების აღსანიშნავად და ქვეყანაში ევროკავშირის მუშაობის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად.

ეს გამორჩეული ღონისძიება გააერთიანებს სხვადასხვა ასაკისა და ინტერესების მქონე აუდიტორიებსა და განსხვავებულ ჯგუფებს, მათ შორის, ბიზნესს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, სტარტაპებს, ფერმერებს, სამოქალაქო აქტივისტებს, და სხვა. შემოგთავაზებთ ახალგაზრდებისთვის, ზრდასრულებისა და ბავშვებისათვის განკუთვნილ სხვადასხვა აქტივობებს. ჩატარდება ინოვაციური ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები საკუთარ ევროპულ გამოცდილებას გაგვიზიარებენ.

თუ გაინტერესებთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და გსურთ გაიგოთ მეტი თითოეული ქვეყნის კულტურისა და ტრადიციების შესახებ, ამის შესაძლებლობა მე-5 პავილიონში მოწყობილ ტრადიციულ „ევროსოფელში“ მოგეცემათ. მობრძანდით და შეხვდით საელჩოების წარმომადგენლებს და გაიგეთ მეტი თითოეული წევრი სახელმწიფოს ეროვნული თავისებურებებისა და განსხვავებული ტრადიციების შესახებ.

30 წელიწადზე მეტია, რაც ევროკავშირი საქართველოში სხვადასხვა პროგრამებსა და პროექტებს აფინანსებს. ევროპის დღეს საქართველოში ევროკავშირის მუშაობის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებას მე-11 პავილიონში შეძლებთ. შესაძლებლობა გექნებათ, შეხვდეთ ევროკავშირის პროექტებზე მომუშავე ადამიანებს და გაეცნოთ ცალკეულ ინოვაციურ იდეებსა და შედეგებს.

„ექსპო ჯორჯიას“ გარე სივრცეში მოეწყობა აგრომარკეტი – „უნიკალური ქართული გემო“, სადაც წარმოდგენილი იქნება იმ ფერმერებისა და მეწარმეების მიერ წარმოებული პროდუქცია, რომლებმაც ევროკავშირის მხარდაჭერა მიიღეს და ტრენინგებზე მიღებული ცოდნის გამოყენებით საკუთარი საქმიანობის განვითარება შეძლეს. გაიმართება დაგემოვნებაც.

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის! 6 მაისს „ექსპო ჯორჯია“ იქცევა სივრცედ, სადაც მოსული სტუმრები საკუთარ ოჯახთან და მეგობრებთან ერთად გართობას, სასიამოვნო დროის გატარებას, ევროკავშირის სახელმწიფოების შესახებ საინტერესო ინფორმაციისა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებების მიღებას შეძლებენ. მოეწყობა საბავშვო კუთხეც – აქ პატარებს სხვადასხვა ტიპის საინტერესო თამაში, სახატავი სივრცე, თოჯინების თეატრი, და სხვ. დახვდებათ.
სცენა ახალგაზრდებსაც დაეთმობა! ენთუზიაზმით სავსე გამომსვლელები, სტუდენტები და ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ახალგაზრდულ სცენაზე: საქართველო და ევროპა, ერთმანეთს ინოვაციურ იდეებს და მნიშვნელოვან გამოცდილებებს გაუზიარებენ (მე-6 პავილიონი). აქ ისეთ თემებზე იმსჯელებენ, როგორიცაა გარემოსდაცვითი საკითხები და ციფრული ინოვაციები. თუ გაგიმართლათ, ახალგაზრდა ევროპელ ელჩებსა და ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის შორის გამართულ დისკუსიაზე დასწრებასაც შეძლებთ. დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გამოქვეყნდება.

მე-3 პავილიონში ახალი ფორმატის ღონისძიებაზე საუბრები „ჩემი ევროპა“ დასწრებასაც შეძლებთ. სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა, მოუსმინონ იმ ცნობილი ადამიანების ინსპირაციულ გამოსვლებს, რომლებიც მსმენელებს ევროპასთან მათი კავშირის შესახებ საკუთარ ისტორიებს გაუზიარებენ. სასაუბრო თემები მრავალფეროვანი იქნება და იმ ევროპულ ღირებულებებსა და შესაძლებლობებს მოიცავს, რომლებსაც თანამედროვე ევროპა გვთავაზობს. უახლოეს მომავალში მოგაწოდებთ ინფორმაციას, თუ როგორ უნდა დარეგისტრირდეთ ამ კონკრეტულ ღონისძიებაზე.

ევროპის დღე საქართველოში უკვე მრავალი წელია აღინიშნება. ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ყოველთვის გამორჩეული და დაუვიწყარია, დატვირთულია სხვადასხვა საინტერესო აქტივობებით, რომლებშიც ათასობით მოქალაქე იღებს მონაწილეობას.

ევროპის დღის შესახებ:

ევროპის დღე, რომელიც მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად 9 მაისს აღინიშნება, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რობერტ შუმანის 1950 წლის დეკლარაციის პატივსაცემად დაწესდა. შუმანმა წარმოადგინა იდეა ევროპაში პოლიტიკური თანამშრომლობის ახალი ფორმის შესახებ, რომელიც ევროპის ქვეყნებს შორის ნახშირისა და ფოლადის მარაგების გაზიარებას ითვალისწინებდა და ევროპაში ომს წარმოუდგენელს ხდიდა. ამ კონცეფციამ საფუძველი ჩაუყარა იმ გაერთიანებას, რომელსაც დღეს ევროკავშირი ეწოდება. მას შემდეგ, უკვე 73 წელია, ევროკავშირი ვითარდება, მუშაობს, აერთიანებს 27 ქვეყანაში მცხოვრებ 447 მილიონამდე ადამიანს და უზრუნველყოფს მათ მშვიდობასა და კეთილდღეობას.


წყარო: eu4georgia.eu/


Print E-mail
FaceBook Twitter
კვირის პოპულარული სიახლე
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.