"რეგულაციების უმრავლესობა ფორმალურ ხასიათს ატარებდა" - მაია ბუწაშვილი
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი,
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას, შეზღუდვების შემსუბუქებასთან
დაკავშირებით ეთანხმება და ამბობს, რომ რეგულაციების უმრავლესობა
ფორმალურ ხასიათს ატარებდა.
ბუწაშვილმა ტელეკომპანია "ბორჯომთან"
განაცხადა, რომ უცხოეთიდან საქართველოში ვირუსის შემოტანა აქტუალური
აღარ არის. ექიმი ეთანხმება იმ საკითხსაც, რომ გარე სივრცეში პირბადის
ტარების საკითხი გადაიხედოს.
"უცხოეთიდან შემოტანა ვირუსის აღარ არის აქტუალური, როცა
აქ ისედაც ამდენი შემთხვევაა. ასევე, რეგულაციების უმრავლესობა მაინც
სრულიად ფორმალურ ხასიათს ატარებდა ისედაც. გარე სივრცეში პირბადის
მოთხოვნად ალბათ გადასახედია" - აცხადებს მაია
ბუწაშვილი.
შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭომ მარტიდან საქართველოში შეზღუდვების
შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ:
• 27 თებერვალს დაგეგმილ საქართველო-რუსეთის სარაგბო მატჩზე
დაიშვება მაყურებელთა 50%;
• 1-ლი მარტიდან, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო საზღვრით შემოდის
უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქე/რეზიდენტი, რომელიც - არის სრულად
ვაქცინირებული; ხოლო ვაქცინაციის არქონის შემთხვევაში - წარადგენს
72-საათიანი ვალიდურობის მქონე PCR-ტესტს (მესამე დღეს PCR ტესტირების
ვალდებულების გარეშე); იხსნება ქვეყნების ე.წ. ჩამკეტი;
• ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების PCR-ტესტით შემოსვლის
შემთხვევაში, იხსნება მესამე დღეს PCR-ტესტირების ვალდებულება, ხოლო
PCR-ტესტის არქონის შემთხვევაში, არსებული 8-დღიანი თვითიზოლაცია
შემცირდება 5 დღემდე;
• რეგულაციების შემსუბუქების გათვალისწინებით, უქმდება
ბიზნესვიზიტორების, „იმუშავე საქართველოდან“ და სტუდენტური
აპლიკაციები.
• კვების ობიექტებში ღია სივრცეში ერთ მაგიდასთან დაიშვება 15
ადამიანი (არსებული 10-ის ნაცვლად);
• დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან დაიშვება 10 ადამიანი (არსებული
6-ის ნაცვლად);
• უქმდება სტუმართა მაქსიმალური რაოდენობის შეზღუდვა;
• სოციალური ღონისძიებების (წვეულება, დაბადების დღე, ქორწილი,
ქელეხი) გამართვა დასაშვები იქნება იმავე პირობით - დახურულ სივრცეში
ერთ მაგიდასთან - 10 ადამიანის, ხოლო ღია სივრცეში - ერთ მაგიდასთან
15 ადამიანის განთავსება.
• 1-ლი მარტიდან უქმდება საკარანტინე სივრცეები, ე.წ
კოვიდ-სასტუმროები, დღეიდან აღნიშნულ სივრცეებში ინფიცირებულთა
შეყვანა შეჩერდება;
• უქმდება თერმოსკრინინგისა და ჟურნალის წარმოების ვალდებულება;
• უქმდება დეზობარიერის ქონის ვალდებულება.
• უქმდება ბუფეტის მომსახურებაზე შეზღუდვა;
• 4 მარტიდან დასაშვებია კლუბების ფუნქციონირება - ღონისძიების საერთო
ფართის 60%-იანი დატვირთვით.
• 15 მარტიდან დასაშვებია კონფერენციების, სემინარების და ტრენინგების
ჩატარება შეზღუდვების გარეშე;
• საკოორდინაციო საბჭოს სხდომები ყოველკვირეული სიხშირის ნაცვლად, ორ
კვირაში ერთხელ გაიმართება;
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის
უფროსი გიორგი ღიბრაძე არ გამორიცხავს, რომ საქართველოში პირბადის
ტარების ვალდებულება
მოიხსნას.