საქართველოში ომიკრონის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა
საქართველოში ლაბორატორიულად
დადასტურებულია კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტით ინფიცირების 1754
შემთხვევა, თუმცა, რეალურად, ყოველდღიურად აღრიცხული დადებითი
შემთხვევების 90-95% „ომიკრონია“.
ამის შესახებ დღეს, 1 თებერვალს,
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ
ბრიფინგზე განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის
დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძის ინფორმაციით, ვისაც „ომიკრონი“ ლაბორატორიულად
დაუდასტურდა, ანუ 1754 ადამიანიდან, გარდაიცვალა სამი პირი.
„მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იანვრის განმავლობაში, ან
დეკემბრის მეორე ნახევარში ომიკრონისგან გარდაიცვალა მხოლოდ სამი
ადამიანი. რადგან დღეს ძირითადი შტამი, რომელიც ცირკულირებს
ქვეყანაში, 90-95%-ში ომიკრონია, რა თქმა უნდა, გართულებაც და
შესაბამისად, ლეტალობაც მაღალია ომიკრონზე, მაგრამ დაახლოებით სამჯერ,
ოთხჯერ ნაკლებია, ვიდრე ეს იყო დელტასთან მიმართებაში“
- აცხადებს ამირან გამყრელიძე.
დეტალურად შესწავლილი შემთხვევებიდან 50% ორჯერადად იყო აცრილი და
მათთან ინფექცია შედარებით მსუბუქად მიმდინარეობდა. კორონავირუსის
ვაქცინის ბუსტერ დოზა კი 1 184 შემთხვევიდან მხოლოდ 50-ს ჰქონდა
გაკეთებული.
"ეს ნიშნავს, რომ ისინი, ვისაც ბუსტერი აქვს გაკეთებული
შედარებით იშვიათად ინფიცირდებიან და ინფექციაც “მიმდინარეობს ბევრად
უფრო მსუბუქად”. ამასთან, შესწავლილი შემთხვევების 14%
რეინფიცირებაა. “ანუ ადამიანს, რომელსაც ჰქონდა დელტა, შემდეგ
დაუდასტურდა ომიკრონი”, – განმარტა
გამყრელიძემ.