"რეანიმაციაში პაციენტების რაოდენობა მცირდება" - თამარ გაბუნია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის,
თამარ გაბუნიას განცხადებით, ჰოსპიტალურ სექტორში 8200-მდე
მობილიზებული საწოლიდან 35%-მდე თავისუფალია.
მისი ინფორმაციით, რეანიმაციულ
განყოფილებაში 263 პაციენტი რჩება. გაბუნიას განცხადებით, ტესტირების
პროგრამა გრძელდება ისე, როგორც ეს 1-ელ თებერვლამდე იყო.
„ჰოსპიტალურ სექტორში 8200-მდე საწოლი გვაქვს
მობილიზებული. მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევების სწრაფი მატება
გვაქვს, ჰოსპიტალურ სექტორში თავისუფალი საწოლები არის 35%-მდე.
კარგია ის, რომ რეანიმაციაში პაციენტების რაოდენობა მცირდება. 263
პაციენტი იტარებს მკურნალობას რეანიმაციაში, ინტენსიური თერაპიის
განყოფილებაში არის 1048 პაციენტი. მობილიზებულია ასევე, ცალკე
ბავშვებისთვის საწოლფონდი და ბავშვების შემთხვევების უმრავლესობა არის
მსუბუქი და საშუალო სიმძიმის. დაყოვნების საშუალო ხანგრძლივობა არის
1-დან 3 დღემდე. რაც შეეხება პირველად ჯანდაცვას, დღეიდან შევიდა
კიდევ ერთი ცვლილება და სრულად დეცენტრალიზებულ მოდელზე გადავედით,
რაც ნიშნავს იმას, რომ თითოეულ მოქალაქეს შეუძლია მეთვალყურეობა
მიიღოს თავისივე ოჯახის ექიმისგან. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
ხანდაზმულ პირებში, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში, რომლებმაც
იციან, ვინ არის მათი ოჯახის ექიმი და როგორც კი დიაგნოზი
დაუდასტურდებათ, შეუძლიათ ოჯახის ექიმს დაუკავშირდნენ და მისგან
მიიღონ რჩევა. ტესტირებების პროგრამა გრძელდება ისევე, როგორც ეს
გასული თვეების განმავლობაში იყო. უსიმპტომო პირებში ჩვენ ვნახეთ
20-23% შემთხვევებისა დასტურდებოდა, ამდენად ეს პროგრამა
გაგრძელდება,“ - განაცხადა გაბუნიამ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან
გამყრელიძის განცხადებით კი ქვეყანაში, მოსახლეობის 80%-ზე მეტს აქვს
იმუნური ფენა.