"ქვეყანაში შემთხვევების 50% ომიკრონია" - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლისა და
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან
გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებულია
„ომიკრონის“ 1254 შემთხვევა;
აქედან სტაციონარში მოხვდა 14 პირი
და 13 უკვე გაწერილია.
ამის შესახებ გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი
საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც
გამყრელიძემ აღნიშნა, დადასტურებული 1254 შემთხვევიდან, დაახლოებით,
17-20% რეინფიცირებაა. გამყრელიძის განმარტებით, ბოლო დღეების
განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილი ახალი შემთხვევების
50% ომიკრონია, თუმცა სურათი რეგიონების მიხედვით სხვადასხვაა.
კერძოდ: თბილისში ომიკრონის წილი არის 65%, რეგიონებში 30-35%.
"ომიკრონის ცირკულაცია თბილისის შემდეგ ყველაზე ძლიერია
იმერეთში, აჭარასა და შიდა ქართლში. ზოგადად ომიკრონით ლაბორატორიულად
დადასტურებული გვაქვს 1 254 შემთხვევა. გარდა ლუგარის ცენტრისა, უკვე
შეგვიძლია ომიკრონის იდენტიფიკაცია ქუთაისსა და ბათუმშიც, ოღონდ არა
სეკვენირებით, მუტაცია სპეციფიური ტესტებით" -
განაცხადა გამყრელიძემ.
როგორც მან აღნიშნა, მსოფლიოში 4-5-ჯერ არის გაზრდილი ინფიცირების
ყოველდღიური მაჩვენებელი, შესაბამისად, ზრდა იქნება
საქართველოშიც.
"უმორჩილესად ვთხოვ მოსახლეობას გაიკეთონ „ბუსტერი“.
შეგიძლიათ გაიკეთოთ „სინოფარმი“, „სინოვაკითაც“, მაგრამ უმრავლესობა -
ქვეყანაში გაკეთებული 120 ათასი „ბუსტერიდან“ (85%) მაინც „ფაიზერზე“
მოდის. „ბუსტერიზირებულს“ რომც დაემართოს კორონავირუსი, ან
განვითარდეს რეინფექცია, იქ ძალიან მსუბუქად მიმდინარეობს. ამიტომ
დღეს ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია მასობრივი „ბუსტერიზაციაა“. 1
მილიონ 200 ათასი ადამიანია ვაქცინირებული, სასურველია, რომ ყველა
მივიდეს და გაიკეთოს „ბუსტერი“, რათა ჩვენ ეს ტალღა შედარებით
მსუბუქად გადავიაროთ. ასევე ყველგან ვატაროთ ნიღაბი. ერთ-ერთი თვისება
„ომიკრონის“ ის გახლავთ, რომ მას სამჯერ მეტი რეინფიცირების
მაჩვენებელი აქვს. 1254 შემთხვევაზე დაახლოებით, 17-20% რეინფიცირებაა
- ანუ ინფიცირებული იყო „დელტათი“ და დაინფიცირდა „ომიკრონით“. ის
გვერდს უვლის „დელტას“ და ხდება ინფიცირება, თუმცა, „ომიკრონით“
ინფიცირება შედარებით მსუბუქია. მაგრამ არ უნდა გავთამამდეთ და არ
უნდა ვთქვათ, რომ „ომიკრონს“, როგორც სურდოს ისე გადავიტან.
„ომიკრონიც“ იწვევს გართულებას და დამძიმებას. ამიტომ სჯობს, არ
შეგხვდეთ „ომიკრონი“, - განაცხადა
გამყრელიძემ.