covid-19
წახალისება სამედიცინო პერსონალისათვის - „ვაქცინაციის მარათონი“ იწყება
სოფლად ვაქცინაციის გააქტიურებისთვის 15 ოქტომბრიდან „ვაქცინაციის მარათონი“ დაიწყება. თამარ გაბუნიას შეფასებით, ვაქცინაციის პროგრამის განხორციელება კვლავ კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხია, რისთვისაც საკოორდინაციო საბჭოზე რამდენიმე წამახალისებელი მექანიზმის ამოქმედება განიხილეს. ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, კვირის ბოლომდე იგეგმება ოჯახის ექიმების და ექთნების წახალისების სქემის ამოქმედება, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ ექიმი ან ექთანი 60 წელს ზემოთ ადამიანს დაარწმუნებს, რომ აიცრას და მოქალაქე აიცრება, ის დამატებით ანაზღაურებას - პირველ და მეორე აცრაზე 8-8 ლარს მიიღებს.

"ოჯახის ექიმების და ექთნების წახალისების სქემა, პირველ რიგში, ითვალისწინებს იმას, რომ ოჯახის ექიმმა და ექთანმა ჩაატაროს კონსულტაცია და აუხსნას 60 წელს ზემოთ მოქალაქეს დეტალურად აუხსნას ვაქცინაციის სიკეთეები, გვერდითი მოვლენები და ა.შ. ამისთვის განსაზღვრული თანხა არის 20 ლარის ოდენობით, საიდანაც 80% უნდა მოხმარდეს ექიმის და ექთნის ანაზღაურებას, 20% კი შეიძლება დაიხარჯოს ადმინისტრაციულ რესურსზე. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე აიცრება, ექიმი და ექთანი მიიღებს ასანაზღაურებელი თანხის 50%-ს პირველი აცრის შემდეგ, მეორე აცრის შემდეგ კი მეორე 50%-ს", - თქვა გაბუნიამ.

„ვაქცინაციის მარათონის“ დეტალებზე ამირან გამყრელიძემაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პირველი მარათონი 68 დასახლებულ პუნქტში გაიმართება.

"ოქტომბრის შუა რიცხვებიდან ე.წ. მარათონს ანუ იმუნიზაციის კვირეულებს ვამზადებთ. თბილისში სამიზნე (მოსახლეობის 60%) აცრის შედარებით კარგი მაჩვენებელი - 79% გვაქვს; მეორე ადგილზე სამიზნე მაჩვენებლის 58%-ით აჭარაა და მესამეზე - რაჭა-ლეჩხუმი 51%-ით. საწუხაროდ, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ქვემო-ქართლსა და სამცხე-ჯავახეთშია.

პირველ ეტაპზე შევარჩიეთ 68 დიდი დასახლებული პუნქტი, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 3 000-ზე მეტია, ეს ძირითადად სოფლებია, თუმცა საქართველოს ყველა რეგიონის მოსაცავად, მაგალითად რაჭაში, ლეჩხუმში ან სვანეთში 3 000 მოსახლით სოფელი არ არის, ამიტომ იქ მხოლოდ ადმინისტრაციული ცენტრები შევარჩიეთ - ონი, ამბროლაური, ცაგერი, მესტია და ა.შ.

68 დასახლებულ პუნქტში ყალიბდება ჯგუფები, ვინც იმუშავებს. ყველგან არის ამბულატორია და სოფლის ექიმი, თუმცა დამატებით მობილური ჯგუფები თბილისიდან მობილიზდებიან. ვთვლით, რომ 15 ოქტომბერს 1-კვირიანი მარათონი დაიწყება. 68 სოფელი, დაახლოებით, 250 000 მოსახლეს მოიცავს, აქედან 25% ბავშვები არიან, ეს რიცხვი დააკლდება და სამიზნედ ავიღებთ კვლავ 60%-იან მაჩვენებელს“,
- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე ინფორმაციით, "ვაქცინაციის მარათონები" 3 თვის განმავლობაში ყოველკვირეულად სხვადასხვა დიდ დასახლებაში ჩატარდება.

„ასეთი რამდენიმე კვირეული ჩატარდება და თუ გაამართლა, მაშინ ჩამოვალთ უფრო მცირე დასახლებებზე და 2 000-მოსახლიან სოფლებს ავიღებთ, რათა, დაახლოებით 3 500-მდე დასახლებული პუნქტი მოვიცვათ. ჩართული იქნება ადგილობრივი ხელისუფლებიდან თითოეული სოფლის რწმუნებული, ექთანი და ასევე თითოეულ სოფელზე გვეყოლება იმუნიზაციის ოფიცრები, მარტივი ენით რომ ვთქვათ, ვაქცინაციის აგიტატორები“, - განმარტა NCDC-ის ხელმძღვანელმა.



Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.