ეს პრობლემა უნდა მოგვეგვარებინა - პრემიერი წყლის პრობლემაზე ბაკურიანში
წყალმომარაგების პრობლემა
ბაკურიანსა და გუდაურში უნდა მოგვეგვარებინა. ეს არ უნდა მომხდარიყო,
- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა
გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მთავრობას
ამ მიმართულებით მეტი პრევენციული მუშაობა მართებდა. გახარიას
განცხადებით, 2020 წელი უნდა დაეთმოს იმას, რომ მომდევნო სეზონზე
მსგავსი პრობლემა აღარ განმეორდეს.
„სამწუხაროდ, წლის დასაწყისში ზამთრის კურორტებზე გარკვეული
გართულებები გვქონდა. მოგეხსენებათ, წყალმომარაგების თვალსაზრისით
როგორც გუდაურში, ასევე ბაკურიანში პრობლემები იყო. აქ
ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ეს პრობლემა უნდა
მოგვეგვარებინა. ეს არ უნდა მომხდარიყო მიუხედავად იმისა, რომ დღეს
ზუსტად ვიცით, გამომწვევი მიზეზები იყო როგორც ობიექტური, ასევე
სუბიექტური. თუმცა ის ძალისხმევა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ბოლო
წლების განმავლობაში ტურისტების მოსაზიდად ახორციელებს, არის უაღრესად
გასაფრთხილებელი. სწორედ ამიტომ უფრო მეტი პრევენციული მუშაობა
გვმართებდა. შესაბამისად, დღეს ზუსტად ვიცით გამომწვევი მიზეზები.
გვესმის, რომ პრობლემა არის სისტემური და გვესმის, რომ შესაბამისი
დასკვნებია გასაკეთებელი, რომელიც უკვე გაკეთდა და ჩვენ 2020 წელი
უნდა დავუთმოთ იმას, რომ მომავალ წელს მსგავსი პრობლემა აღარ
განმეორდეს,“ - განაცხადა გახარიამ.