ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი შესაძლოა გაფართოვდეს
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის გაფართოებისა და მისი ტერიტორიის
კორექტირებისთვის პარლამენტში კანონპროექტი დარეგისტრირდა.
„ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“
კანონში ცვლილების პროექტი ბიუროს ხვალ, 2 მარტს წარედგინება.
კანონპროექტის ძირითადი მიზანია დიდი ზომის ძუძუმწოვრების და
უპირველესად, „საქართველოს წითელი ნუსხით“ დაცული ორი სახეობის -
კავკასიური კეთილშობილი ირმის და კავკასიური არჩვისთვის დასავლეთ
მცირე კავკასიონზე ეკოლოგიური დერეფნების შექმნა. ამისთვის
გამოიყენება ლანდშაფტური მიდგომა, რაც გულისხმობს არსებული დაცული
ტერიტორიების გაფართოებას და ახალი დაცული ტერიტორიების
დაარსებას.
საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, ბორჯომ - ხარაგაულის ეროვნული
პარკის გაფართოება ადიგენის მუნიციპალიტეტში იგეგმება. ტერიტორია
4179,6 ჰექტარს მოიცავს, რაც ადიგენის სატყეოს ფართობის თითქმის
13,9%-ს შეადგენს.
რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს, მთავრობის განმარტებით, 2020 წელს
სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი უნდა იყოს 151 000 ლარი, რომელიც
საჭირო იქნება ხარაგაულის ეროვნულ ადმინისტრაციაში დამატებით ექვსი
თანამშრომლის ასაყვანად და მათი აღჭურვისათვის.
საკანონმდებლო ცვლილების პროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.