ახალი ამბები
ვინ და რატომ ართმევს ამომრჩევლებს პირადობის მოწმობებს
საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მედიასაშუალებებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამომრჩევლებს პირადობის მოწმობებს ართმევენ ან მათ პირად ნომრებს ინიშნავენ.

საარჩევნო პერიოდში მსგავსი ფაქტები, შესაძლოა, ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენის ან მათთვის არჩევნებში მონაწილეობაში ხელის შეშლისთვის იქნას გამოყენებული.

ამ სტატიაში განვიხილავთ, ვის და რა გზებით ართმევენ პირადობის მოწმობებსა და ნომრებს და როგორ შეიძლება ისინი არჩევნებზე გამოიყენონ?

რა ხდება?


ერთ-ერთი ვინც ამომრჩევლებისთვის პირადობების ჩამორთმევაზე საუბრობს „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“
ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანა წითლიძეა. წითლიძე თითქმის ყოველ დღე მართავს ბრიფინგს, სადაც იმ ადამიანების ვინაობას ასახელებს, ვინც ამომრჩევლებისთვის პირადობების ჩამორთმევის სქემაში არიან ჩართული.

მისი თქმით, მოქალაქეებს პირადობას მოწმობების ჩამორთმევის სქემაში „ქართული ოცნების“ აქტივისტებთან ერთად, ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებიც არიან ჩართული.

„მაგალითად, ზუგდიდელი კონტრდაზვერვის თანამშრომლები, რომლებიც თბილისში მუშაობენ, ახლა ზუგდიდში ჰყავთ ამისთვის გამოშვებული [პირადობების ჩამოსართმევად]. მთელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჰყავთ ჩართული. ყველა ის ადამიანი, ვინც ზუგდიდელია, მაგრამ თბილისში მუშაობს, გამოშვებული ჰყავთ ახლა აქეთ, რომ ამ ყველაფერზე იმუშაონ.

როგორც ანა წითლიძე ამბობს, „ქართული ოცნების“ აქტივისტებს, სოფლის რწმუნებულებს, შტაბის წევრებს სხვა დავალება, გარდა იმისა, რომ ამომრჩევლებისგან პირადობის მოწმობები ამოიღონ, არ აქვთ.

არარეალური დავალება აქვთ, რომ ერთმა 200-დან 300-მდე პირადობის მოწმობა უნდა ამოიღოს. მხოლოდ პირადი ნომრების ამოღებით არ მგონია, რომ შტაბში ვინმემ დაუჯეროს ხალხი მაგათი მომხრეა, ამიტომ აქვთ ძირითადი აქცენტი ამ ჩამორთმევებზე“, – ამბობს ანა წითლიძე.

რამდენად მასშტაბური ხასიათი აქვს პირადობის მოწმობების ჩამორთმევას, ანა წითლიძე ვერ ამბობს. მისი თქმით, ეს არჩევნების დღეს გამოჩნდება.

ზუგდიდში 300-მდე პირადობის მოწმობის დაბრუნება შევძელით მოქალაქეებისთვის, მაგრამ ეს არ არის ზუსტი ციფრი და არ აჩვენებს რამდენი პირადობის მოწმობა შეიძლება იყოს რეალურად ჩამორთმეული“, – აცხადებს ანა წითლიძე.


ვის ართმევენ პირადობის მოწმობებსა და პირად ნომრებს?

როგორც ანა წითლიძე ამბობს, მოქალაქეები, რომლებსაც პირადობის მოწმობებს ართმევენ მეტწილად ოპოზიციურად განწყობილები და ოპოზიციის ამომრჩევლები არიან.

თუმცა მისი თქმით, პირადობებს ართმევენ ისეთ ადამიანებსაც, რომლებზეც დარწმუნებულები არ არიან, რომ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები არიან.

„მაგალითად, 1 კვირის წინ ჩვენ მოვახერხეთ და დავაბრუნეთ 20 პირადობა, რომლიდანაც 15 იყო ოპოზიციის ამომრჩევლის და 5 ისეთი ადამიანის, რომელზეც არ ვიცით არის თუ არა ოპოზიციის ამომრჩეველი, ყოველ შემთხვევაში, წინა არჩევნებზე არ ყოფილა. როგორც ჩანს, ეს ადამიანები ეეჭვებათ და არ იციან ზუსტად მათ [„ქართულ ოცნებას] აძლევენ თუ არ ხმას და ამიტომ ეს ტენდენციაც არის“, – ამბობს ანა წითლიძე.

როგორც ანა წითლიძე ამბობს, ადამიანებს პირადობის მოწმობებს ძირითადად დაშინებითა და მოსყიდვის გზით ართმევენ.

მისი თქმით, პირადობის მოწმობების ჩამორთმევის სქემაში ჩართული ადამიანები საჯარო მოხელეების ოჯახის წევრებთანაც მიდიან და ეუბნებიან, რომ პირადობა უნდა მისცენ, თუ არ უნდათ საჯარო უწყებაში დასაქმებულ ოჯახის წევრს პრობლემები შეექმნას.

ანა წითლიძის თქმით, არის შემთხვევები, როცა პირადობის სანაცვლოდ მოქალაქეებს თანხას სთავაზობენ.

მათ დამუშავებული აქვთ სოფლებისა და ქალაქის უბნების მიხედვით ვინ ვისი მომხრეა. სოფლებში ბევრად მარტივია, იციან ვინ არის ოპოზიციურად განწყობილი და ზუსტად ვინ არის თავიანთი მომხრე. მათ ასევე აქვთ სიები, მაგალითად, ვინ არის სოციალურად დაუცველი ან ვინ არის ადამიანი, ვისაც ოჯახის წევრი შეიძლება ჰყავდეს საჯარო მოხელე. აუცილებელი არ არის ზუგდიდში მუშაობდეს, შეიძლება მუშაობდეს თბილისში ან სხვაგან, მაგრამ იყოს სამხედრო სამსახურში ან რომელიმე ნებისმიერ საჯარო სამსახურში. ამ ადამიანებს სხვანაირად ელაპარაკებიან.

ვისაც სოციალური დახმარება აქვს, მიდიან და ეუბნებიან, რომ ამას მოუხსნიან თუ პირადობას არ მისცემენ. მარტო ის არ ყოფნით, რომ უთხრან არჩევნებზე არ მივლენ. მხოლოდ სიტყვაზე არ ენდობიან და იმის დასტურად რომ არ მივლენ, ართმევენ პირადობებს. საჯარო მოხელეების ოჯახის წევრებთანაც ასე შვებიან, მიდიან და ეუბნებიან, რომ თქვენი შვილი აქ მუშაობს და თუ არ უნდა პრობლემები შეექმნას, მაშინ უნდა მოგვცეთ პირადობაო“, – აცხადებს ანა წითლიძე.
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთმა წევრმა, თამარ კორძაიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პირადობის მოწმობები ჩამოართვეს წნორის მოხუცებულთა თავშესაფარშიც, მათ შორის 22 ხანდაზმულსა და დაწესებულების 9 თანამშრომელს. კორძაიას განცხადებით, წნორის თავშესაფარში ჩამორთმეული პირადობის მოწმობები „ქართული ოცნების ოფისში“ წაიღეს.

ინფორმაცია პირადობების მოწმობების ჩამორთმევის შესახებ აქვთ პარტიაში „გახარია საქართველოსთვის“. პარტია მსგავს შემთხვევებზე ინფორმაციას აგროვებს და მტკიცებულებების შეგროვების შემდეგ მათ გამოაქვეყნებას გეგმავს.

მანამდე კი პარტიის თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ მათი ინფორმაციითაც პირადობების ჩამორთმევაში ჩართული არიან სუს-ის, მუნიციპალიტეტების და პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები.

„ზოგადად ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ოჯახებს ართმევენ პირადობის მოწმობებს ერთადერთი მიზნით, რომ ეს ხალხი არ მივიდეს არჩევნებზე. ჩვენი ინფორმაციით უნდათ ერთგვარი კარუსელის დატრიალებაც. ყველა რეგიონიდან დაგვირეკეს ამ თემაზე და ყველა გვეუბნება და ერთი და იმავეს. ეს ოჯახები შეშინებულები არიან, ვერ ლაპარაკობენ, რადგან ზოგს ფულს უხდიან და ზოგზე ზეწოლაა“, – აცხადებს ნათია მეზვრიშვილი.

გარდა პირადობების ჩამორთმევისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნების“ კოორდინატორები მოქალაქეების პირად ნომრებს ინიშნავენ.

ერთ-ერთი ვინც ამაზე ისაუბრა პრორუსული და ძალადობრივი „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, კოკა მორგოშიაა. მისი განცხადებით, „ქართული ოცნების“ კოორდინატორები მოქალაქეებს პირად ნომერს ართმევენ და თავიანთ სიებში მმართველი პარტიის მხარდამჭერებად აფორმებენ.

მორგოშიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ კოორდინატორების სიაში მხარდამჭერებად ჩაწერილი მოქალაქეების უმრავლესობა მმართველი პარტიის მხარდამჭერი საერთოდ არაა.

ასეთ მაგალითად მორგოშია თავის ძმებს ასახელებს, რომლებიც მისი თქმით, „ქართული ოცნების“ კოორდინატორებმა პარტიის მხარდამჭერების სიაში ჩაწერეს. მორგოშიას თქმით, მათ შორისაა მისი ერთ-ერთი ძმა, ირაკლი მორგოშია, რომელიც „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიის მეშვიდე ნომერია.

„ამათი [„ქართული ოცნების“] კოორდინატორები რას შვრებიან – მიაქვთ 15-20 კაცის სია, რაშიც რაიონების მიხედვით, არ ვიცი, ამას როგორ ყოფენ, 200-300 ლარს უხდიან შტაბებში და ფულს შოულობს ხალხი. ყველაზე პარადოქსული ის არის, რომ ეს სიები რომ მიაქვთ, უბან-უბან დადიან და ეუბნებიან, რომ უბრალოდ პირადობა მომეცით და ჩაგწერ და ვისაც გინდა, იმას ხმა მიეციო. ამ 20 და 15 კაციდან 14 და 18 „ქართულ ოცნებას“ საერთოდ არ აძლევს ხმას“, – განაცხადა კოკა მორგოშიამ.

პირადი ნომრის ჩაწერის განსხვავებულ მიზეზს ასახელებს ანა წითლიძე. მისი თქმით, არის შემთხვევები, როდესაც ამას ამომრჩევლის მოსყიდვისთვის აკეთებენ.

„მაგალითად, მიდიან ოჯახში, რომელზეც იციან, რომ მძიმე სოციალური პირობები აქვს, მაგრამ სოციალური დახმარება არ აქვს. იწერენ პირად ნომერს, თუმცა პირადობის მოწმობას უტოვებენ, ამას აკეთებენ მოსყიდვისთვის. მე რა ფაქტებიც ვიცი, სადაც მხოლოდ პირადი ნომრები ჩაიწერეს, ძირითადად, იყო მოსყიდვის მცდელობა. ეუბნებიან, რომ ეს პირადი ნომერი რაღაც საბუთისთვის სჭირდებათ, რათა პრობლემა მოუგვარონ“, – აცხადებს ანა წითლიძე.

გარდა ამისა, ანა წითლიძე აღნიშნავს, რომ ხელისუფლება ამით მოქალაქეებზე ფსიქოლოგიური ზემოქმედებას და მათ დაშინებასაც ცდილობს, თითქოს მათ შეეძლოთ ელექტრონული საშუალებებით იმის დანახვა, რომელი პირადობის მოწმობით ხმა ვინ ვის მისცა, რაც შუძლებელია.

„ყველაზე ცუდი, რასაც ასევე აკეთებენ სოფლებში, ხალხს ეუბნებიან, რომ რადგან არჩევნები ელექტრონულია, ჩვენ ვნახულობთ ვინ ვის აძლევს ხმასო. საჯარო მოხელეებს ეუბნებიან კონკრეტულ დროებს, როდის უნდა მისცენ ხმა. მაგალითად, ზუგდიდში მასწავლებლებს ეუბნებიან, რომ 10-დან 12 საათამდე უნდა მივიდნენ საარჩევნო უბანზე. ამით კი ვერაფერს აკონტროლებენ, მაგრამ ფსიქოლოგიურად ზემოქმედებენ, რომ „ვიცით და გაკონტროლებთ“, – ამბობს ანა წითლიძე.

თუმცა ნათია მეზვრიშვილის თქმით, ერთადერთი, რაშიც შეიძლება პირად ნომრებს იყენებდნენ, ყალბი პირადობების დამზადებაა.

„ამომრჩევლის იდენტიფიცირებისთვის გამოყენება გამორიცხულია. მაგალითად, გამორიცხულია ჩემი ნომერი წაიღონ და გაიგონ მე ვინ გავაფერადე. შესაძლოა, ამას იყენებდნენ ყალბი პირადობების დასამზადებლად, თავის მიზნებისთვის, რომ აღრიცხონ ამომრჩეველი, თავისი პოტენციური მხარდამჭერი და ოპოზიციის პოტენციური მხარდამჭერი, რაღაც კალკულაციები გააკეთონ. თორემ ის, რომ პირადობის მოწმობით გაიგონ ხმას ვის აძლევს მოქალაქე, ეს გამორიცხულია“, – აცხადებს ნათია მეზვრიშვილი.

ბრალდებებს უარყოფენ მმართველ პარტიაში და პირადობების ჩამორთმევაზე გავრცელებულ ინფორმაციას მათ წინააღმდეგ აგორებულ დეზინფორმაციას უწოდებენ.

„არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერი მედიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დეზინფორმაციული კამპანია იზრდება. გვინდა, ყურადღება გავამახვილოთ ბოლო დღეებში აგორებულ სიცრუის ტირაჟირებაზე, რომ ვითომ, ქართული ოცნების სასარგებლოდ, ამომრჩევლებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევა ხდება. ამგვარი სიცრუის კამპანია რადიკალებისთვის დამახასიათებელია“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა გივი მიქანაძემ.

რატომ შეიძლება ართმევდნენ ამომრჩევლებს პირადობის მოწმობებს?

როგორც წესი, მოქალაქეებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევას ორი მიზეზი აქვს:

ოპოზიციის ან საეჭვო ამორჩევლის სახლში დატოვება;
კარუსელის დატრიალება.

არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მოქალაქეებს მოქმედი პირადობის მოწმობა ან პასპორტი უნდა ჰქონდეთ და საარჩევნო უბანზე ამ ორიდან ერთ-ერთით უნდა მივიდნენ. იმ შემთხვევაში თუ არჩევნების დღეს მათ პირადობის მოწმობები ჩამორთმეული ექნებათ, ისინი არჩევნებში მონაწილეობას ვერ შეძლებენ, თუ, რა თქმა უნდა, პირადობის ნაცვლად, საარჩევნო უბანზე პასპორტით არ გამოცხადდებიან.

თუმცა როგორც ანა წითლიძე ამბობს, რეგიონებში იმ ადამიანების უმეტესობას, რომელთაც პირადობის მოწმობებს ართმევენ, პასპორტები არ აქვთ. შესაბამისად, ასეთი ადამიანები არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ შეძლებენ.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ყველაზე მძიმე შედეგი, რაც პირადობის მოწმობების ჩამორთმევას მოჰყვეს, არჩევნებზე აქტივობის შემცირებაა. ასეთ შეთხვევაში პირადობის მოწმობებ ჩამორთმეული ხალხი, შესაძლოა, არჩევნების დღეს სახლში დარჩეს და კენჭისყრაზე არ მივიდეს.

„პირადობის მოწმობების გამოყენების ერთადერთი მარგი კოეფიციენტი არის ის, რომ ხალხი დატოვონ [არჩევნებში მონაწილეობის გარეშე]. რეგიონებში მოსახლეობის უმრავლესობას არ აქვს პასპორტი, მხოლოდ პირადობები აქვთ. სოფლებში ძალიან იშვიათად თუ იპოვით ადამიანს, რომელსაც პასპორტი აქვს. ამიტომ მათ ართმევენ პირადობებს, ოღონდ უბრუნებენ არჩევნების მეორე დღეს. მანამდე არ უბრუნებენ და ამით თვითონ არიან მშვიდად, რომ ეს ადამიანები არ მივლენ არჩევნებზე“, – აცხადებს ანა წითლიძე.

როგორც ანა წითლიძე ამბობს, „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ არჩევნები არჩევნების დღემდე დაასრულოს.

„ეს ნიშნავს იმას, რომ ბოლო 5 დღე განსაკუთრებით იქნებიან გააქტიურებული პირადობის მოწმობის ჩამორთმევაზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ საარჩევნო უბნებზე არაფერი განსაკუთრებული არ მოხდება“, – აცხადებს ანა წითლიძე.

როგორ შეიძლება დატრიალდეს კარუსელი?

ოპოზიციაში არ გამორიცხავენ, რომ ჩამორთმეული პირადობებით კარუსელის დატრიალებაც მოხდეს.

„ამ პირადობებს ვისაც ართმევენ, ეს ხალხი უბანზე არ მიჰყავთ და სხვები შედიან ამ პირადობებით. მთავარია კომისიაში გყავდეს შენი წევრები და წარმომადგენლები. ჩვენ გამოვაქვეყნეთ სქემა, რომ კომისიები „ოცნების“ პარტაქტივით არის დაკომპლექტებული, რაც ნიშნავს იმას, რომ ექნებათ ე.წ. გამწვანებული უბნები. ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან მარტივია გაძრომა ამ პროცესში. ასევე იყენებენ იმათ პირადობებსაც, ვინც საზღვარგარეთ არიან და საქართველოში ხმას ვერ მისცემენ“, – აცხადებს ნათია მეზვრიშვილი.

არუსელი გულისხმობს ერთი ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემას სხვადასხვა უბანზე. ამ კარუსელის დასატრიალებლად აქამდე საკმარისი იყო საუბნო საარჩევნო კომისიის მინიმუმ ორი წევრის – ნაკადის მომწესრიგებლისა და რეგისტრატორის “მხარდაჭერა”.

ნაკადის მომწესრიგებელი, შესვლისთანავე ამოწმებს, მარკირებულია თუ არა ამომრჩეველი. რაც შეეხება რეგისტრატორს, ის აქამდე ამოწმებდა ამომრჩევლის ვიზუალის შესაბამისობას მის მიერ წარდგენილ პიროვნების დამადასტურებელ დოკუმენტთან – პასპორტთან, ან პირადობის მოწმობასთან, შემდეგ კი სიაში, მისი სახელის გასწვრივ აწერინებდა ხელს და თავადაც ხელმოწერით ადასტურებდა ამომრჩევლის გამოცხადებას საარჩევნო უბანზე.

იმ შემთხვევაში, თუ ორივე გაფრთხილებული იქნებოდა ე.წ. კარუსელის შესახებ, ნაკადის მომწესრიგებელი ამომრჩევლის მარკირებულობას უგულებელყოფდა, რეგისტრატორი კი ხელს სხვა ადამიანის გასწვრივ მოაწერინებდა – მაგალითად, იმის, ვინც უცხოეთში იმყოფება, გარდაცვლილია, არასდროს მონაწილეობს არჩევნებში, ან სხვა რაიმე მიზეზით მისი უბანზე მისვლა გამორიცხული, ან ნაკლებ სავარაუდოა.

26 ოქტომბრის არჩევნებზე მარკირება, როგორც დამზღვევი მექანიზმი, კვლავ იმოქმედებს. თუმცა, სამაგიდო სიებს საარჩევნო უბნების დაახლოებით 75%-ზე ვერიფიკაციის აპარატი ჩაანაცვლებს. რეგისტრატორი ამომრჩევლის მონაცემების სწორედ ამ აპარატში ჩატვირთული მონაცემებით შეამოწმებს.

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი კონკრეტულ უბანზე სხვისი – ანუ იმ ამომრჩევლის პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტით მივიდა, რომელიც იმ უბანზეა რეგისტრირებული? ვერიფიკაციის აპარატი შეამოწმებს წარდგენილი დოკუმენტის შესაბამისობას მასში ჩატვირთულ მონაცემებთან და იგივეობას დაადასტურებს.

სწორედ აქ ერთვება საქმეში რეგისტრატორი კომისიის წევრი, რომელმაც უნდა შეამოწმოს მის წინ მდგარი ამომრჩევლის ვიზუალის შესაბამისობა წარდგენილ დოკუმენტზე, ასევე ვერიფიკაციის აპარატზე გამოსახული ფოტოსურათთან. თუ ის წინასწარ იქნება გაფრთხილებული ე.წ. კარუსელის შესახებ და არაკეთილსინდისიერად მოიქცევა, ამომრჩეველს რეგისტრაციის და არჩევნებში მონაწილეობის უფლებას მისცემს.

თუმცა ანი წითლიძის თქმით, საარჩევნო უბნებზე ოპოზიციას კომისიის წევრები ეყოლება და ძალიან ბევრი დამკვირვებელი იქნება, რაც კარუსელის დატრიალების შანსს შეამცირებს.

„სოფლებში კარუსელი გამორიცხულია, რადგან იქ ყველა ერთმანეთს იცნობს და შესაბამისად, კომისიის ყველა წევრმა იცის თავის თანასოფლელი და უცხო რომ შედის უბანზე, ხვდებიან. ქალაქში ბევრად მეტი შანსია. ბოლო არჩევნებზე გვქონდა კონკრეტული უბნები, სადაც შეეცადნენ ამას, ძირითადად, დასუფთავების და კეთილმოწყობის სამსახურს იყენებდნენ“, – აცხადებს ანა წითლიძე.

ნათია მეზვრიშვილი კი არ გამორიცხავს, რომ სწორედ აქ გამოადგეს ხელისუფლებას არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე შეცვლილი წესი, რომლის მიხედვითაც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს შორის მოვალეობები განაწილდება არა კენჭისყრის დღეს, როგორც ეს აქამდე იყო, არამედ ერთი კვირით ადრე.

ნათია მეზვრიშვილის თქმით, ეს ხელისუფლებას სივრცეს უტოვებს, რადგან ერთი კვირით ადრე ეცოდინება არჩევნების დღეს ვის რა ფუნქციების შესრულება მოუწევს და არჩევნებამდე დარჩენილ დროში სუს-ს საშუალება ექნება კომისიის წევრებზე ზეწოლა მოახდინოს და რიგ შემთხვევებში ზოგიერთმა წევრმა წნეხის გამო კომისიაც კი დატოვოს და მათი ჩანაცვლება „ოცნებისადმი“ ლოიალურად განწყობილი ადამიანით მოხდეს.

რა შეიძლება იყოს გამოსავალი?

იმ ადამიანებს, ვისაც პირადობის მოწმობებს ართმევენ, ანა წითლიძე ურჩევს, რომ ამის შესახებ საჯაროდ ილაპარაკონ, რათა მათი უფლებების დაცვა შეძლონ. მისი თქმით, ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ მათთვის პირადობის მოწმობის ჩამორთმევა, სისხლის სამართლის დანაშაულია.

„მთელ საქართველოში უამრავი სადამკვირვებლო მისიაა. ჩვენ თითოეული ამ ადამიანის დაცვა შეგვიძლია. საბედნიეროდ, გვქონდა შესაძლებლობა, რომ ადამიანებს პირისპირ ესაუბრათ სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან. ჩვენ უნდა მოგვაწოდონ ინფორმაცია. ამის ერთადერთი მექანიზმი, რომ ეს გაჩერდეს და ამათ შეეშინდეთ, არის ის, რომ ეს ადამიანები საჯაროდ დავასახელოთ“, – აცხადებს წითლიძე.

ასევე, საქართველოს სახალხო დამცველი გამოხატავს მზაობას მანდატის ფარგლებში დაეხმაროს ნებისმიერ მოქალაქეებს, რომელთაც მუქარით, დაშინებით, ძალადობით ან/და სხვა უკანონო გზებით ართმევენ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობებს. მსგავს შემთხვევებში ადამიანებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ აპარატს ცხელ ხაზზე – 1481.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციების შესაბამისად, შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტების საფუძველზე დაიწყონ გამოძიება.

ომბუდსმენის მსგავსად, არასამთავრობო ორგანიზაციები: „სამართლიანი არჩევნები“, საია და “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” შეშფოთებას გამოთქვამენ გავრცელებული ინფორმაციებზე და სამართალდამცავ და შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს ერთობლივად მოუწოდებენ, რომ შეისწავლონ, გამოიძიონ და დროულად მიიღონ შესაბამისი ზომები კანონის სავარაუდო დარღვევის საჯაროდ გავრცელებულ ფაქტებთან დაკავშირებით.

მთავარი იარაღი კი, რაც შეიძლება ამას დაუპირსპირდეს, ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით არჩევნებზე ამომრჩევლის მაღალი აქტივობა იქნება.


ოპოზიციაში ამბობენ, რომ სწორედ მაღალი აქტივობა გადაფარავს ყველაფერს და ეს არის ის, რაც ხელისუფლებას ყველაზე მეტად არ სურს.

„რამდენ ადამიანს უნდა ჩამოართვან ეს პირადობა? რა რაოდენობის პირადობა უნდა ამოიღონ, რომ ეს განწყობა, რაც ახლა ქვეყანაშია, შეცვალონ? ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია ამ ყველაფერს დავუპირისპიროთ არის ის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივიდეს არჩევნებზე და რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მისცეს ხმა“, – აცხადებს ანა წითლიძე.


სტატია მომზადებულია ნეტგაზეთის მიერ
Print E-mail
FaceBook Twitter
კვირის პოპულარული სიახლე
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.