პარტიებმა, ბოლო 2 თვეში, 9 მილიონ ლარზე მეტი შემოწირულება მიიღეს, საიდანაც 8 მილიონ ლარზე მეტი „ქართულ ოცნებაზე“ მოდის
პარტიებმა, 2024 წლის 1-ელი
ივლისიდან 12 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, ჯამში, 9 571 423 ლარის
შემოწირულება მიიღო.
საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული
ინფორმაციის მიხედვით, ყველაზე მეტი შემოწირულება - 8 მილიონ
ლარზე მეტი, უფრო კონკრეტულად კი 8 246 460 ლარი „ქართულ ოცნებას“
აქვს მიღებული. ამ პერიოდის განმავლობაში პარტიაზე 250-მდე
შემოწირულება მოდის, მათგან 40-მდე პირმა „ქართულ ოცნებას“ 60-60
ათასი ლარი ჩაურიცხა.
მმართველი პარტიის შემდეგ, ოპოზიციური პარტიებიდან ყველაზე
მეტი შემოწირულება „ლელო საქართველოსთვის“ აქვს მიღებული.
პარტიამ დაახლოებით 2 თვეში, 2 ივლისიდან 4 სექტემბრის ჩათვლით
პერიოდში, 1 038 537 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო.
შემომწირველებს შორის არიან პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დავით
უსუფაშვილი და ასევე, ავთანდილ წერეთელი, რომლებმაც პარტიას,
შესაბამისად, 10 ათასი და 60 ათასი ლარი შესწირეს.
რაც შეეხება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემოწირულებას,
პარტიას 1-ელი ივლისიდან 12 სექტემბრამდე პერიოდში, 164 455 ლარი
ჩაერიცხა.
პარტიას „საქართველოსთვის“, 1-ელი ივლისიდან 8 სექტემბრის ჩათვლით
პერიოდში, 118 971 ლარის შემოწირულება აქვს მიღებული.
შემომწირველებს შორის არიან: ბექა ლილუაშვილი, ბერდია სიჭინავა, ნათია
მეზვრიშვილი და ლევან გოგიჩაიშვილი.
საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიას „ევროპელ სოციალისტებს“ კი ამავე
პერიოდში თანხა მხოლოდ ივლისის თვეში აქვს მიღებული. მას სამმა
შემომწირველმა, ჯამში, 3 ათასი ლარი ჩაურიცხა.
საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული
ინფორმაციის მიხედვით, 2024 წლის მითითებულ პერიოდში, ორ საპარლამენტო
პარტიას, „მოქალაქეებსა“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“ შემოწირულება არ
მიუღიათ.