ქალის ბლოგი
ემიგრანტი ქალები ოჯახებისგან შორს, საკუთარი ჯანმრთელობის ფასად
თეა ლონდარიძე ესპანეთიდან - დამსხვრეული ოცნებებით და გაუარესებული ჯანმრთელობით

„როდესაც შენი ქვეყანა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ სამშობლო დატოვო და ემიგრანტი გახდე, როდესაც დიდი იმედით და ოცნებებით მიდიხარ, რომ იქნებ იქ სადღაც, უცხო მიწაზე მაინც შეძლო შენი პრობლემების მოგვარება, მაშინ კი ნამდვილად უმეორებ შენს თავს რომ სხვა გზა არ არის და უნდა გაუძლო, გაუძლო ყველა იმ სირთულეს რასაც ემიგრანტობის დროს შეხვდები. საქართველოდან წამოსვლის პერიოდში სახლებს აგირავებენ და უარეს შემთხვევაში ყიდიან, რომ იქნებ აქ ესპანეთში უკეთესი მომავალი შეიქმნან, მაგრამ აქ ჩამოსული ქართველი სხვა რეალობის წინაშე დგება“ - ასე იწყებს ამბის მოყოლას თეა ლონდარიძე, რომელიც უკვე მეხუთე წელია საქართველოდან ესპანეთში იმ იმედით წავიდა, რომ „პრობლემებს მოიგვარებდა“. ქალაქ ბარსელონაში ცხოვრობს და მუშაობს, თუმცა ოცნებებით წასულ თეას, „ვარდისფერი სათვალე“ მალე დაემსხვრა და იმ დღიდან მისი ცხოვრება მუქ ფერებში შეიცვალა. ენობრივი ბარიერი, საბუთების არქონა, სამსახურების დეფიციტი, ამ გამოწვევებმა მის რეალობაში ერთიანად მოიყარა თავი და მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა კორონავირუსმა.




"მითუმეტეს ახლა, Covid 19 - ის პანდემიის დროს, რთულია ახალ ჩამოსულზე დასაქმება, რადგან არ იცი ენა, არ გაქვს საბუთები, თან აქ ისედაც იმდენი ლათინო ამერიკელი ემიგრანტია, ვინც ესპანურად ლაპარაკობს რომ აქაურებიც არჩევენ მსგავს მუშა ხელს, ესპანეთი ადრე თუ იბარებდა წელიწადში 200 ადამიანს (ქართველს) ახლა შეიძლება ხუთიც არ ჩაიბაროს და ხშირად ბავშვიანი ოჯახები ღია ცის ქვეშ რჩებიან ღმერთის და კეთილი ადამიანების ანაბარად. თვითონ ადგილობრივებსაც გაუჩნდათ სამუშაოს მოძიების პრობლემა, რადგან პანდემიის დროს ძალიან ბევრი მაღაზია, რესტორანი, კაფე, სასტუმრო დაიხურა ტურისტის არარსებობის გამო. ამიტომ, ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს ჯერ საკუთარი მოსახლეობა დაასაქმოს“ - თეა.

ყველაზე მეტად კი ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა. ოპერაცია, რომელიც სასწრაფოდ უნდა გაუკეთდეს, კორონავირუსის გამო, გადაუდეს. ექიმთან ვიზიტის საშუალება ფაქტობრივად არ აქვთ მოქალაქეებს, თუ საქმე Covid-19-ს არ ეხება. პანდემიის დროს, თეას და მის მსგავსად სხვა ემიგრანტებსაც სურდათ სამშობლოში დაბრუნება, თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ გააუქმა ფრენები ესპანეთთან და უკან დაბრუნება მხოლოდ ჩარტერული რეისით შეეძლოთ, ისიც სამმაგი და ოთხმაგი ბილეთის ფასად.

„მე პირადად, შემექმნა ჯანმრთელობასთნ დაკავშირებული პრობლემა. მივედი, ექიმთან დავიწყე გამოკვლევები და პანდემიის პერიოდში გამიუქმდა ყველა ვიზიტი, შემდეგ აღსდგა ისევ და ჩავიტარე გამოკვლევები და ჩაინიშნა სასწრაფო ოპერაცია, რომელიც მითხრეს რომ სამი-ოთხი თვის შემდეგ მომიწევს გავიკეთო, ისიც თუ კოვიდმა გვაცალაო. ძალიან გართულდა ჯანდაცვასთან დაკავშირებული მდგომარეობა, რადგან ადამიანებს არ შეუძლიათ მივიდნენ ექიმთან გამოკვლევებზე ან დანიშნონ ვიზიტი, რადგან მხოლოდ კორონავირუსის შემთხვევაში აღმოგიჩენენ დახმარებას, ისიც თუ გართულებული ფორმით გაქვს, სხვა შემთხვევაში მოგიწოდებენ რომ დარჩე სახლში და გაუფრთხილდე საკუთარ და სხვის ჯანმრთელობას“ - გვიყვება თეა ლონდარიძე.


ირმა ჩითინაშვილი თურქეთიდან - ჩახუტების ნაცვლად, შვილების მოფერება ეკრანიდან



ირმას ვერასდროს წარმოედგინა, რომ ოდესღაც ემიგრანტი გახდებოდა და საკუთარი ოჯახისგან მოშორებით, უცხო ქვეყანაში იცხოვრებდა. როდესაც სხვისი ემიგრანტობის ამბებს ისმენდა, ყოველთვის უკვირდა როგორ ტოვებდნენ მეუღლეს, შვილებს და მიდიოდნენ საზღვარგარეთ ეს ქალები. თუმცა, ერთ დღეს ამ არჩევანის წინაშე თავადაც დადგა.

„2009 წელს, განქორწინების შემდეგ, ჩემი ცხოვრება თავდაყირა დადგა, როდესაც მარტო დავრჩი ოთხ შვილთან ერთად. მშობლები მეხმარებოდნენ, თუმცა ბავშვებისთვის მომავლის შესაქმნელად, ეს ძალიან მიზერული იყო და ასე ვერაფერს შევძლებდი მათთვის. ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება. მახსოვს, 2009 წლის 19 მარტი იყო, ჩავჯექი ავტობუსში თვალცრემლიანი და მეგობარ გოგოსთან ერთად წამოვედი თურქეთში სამუშაოდ. პირველ წელს არ გამიმართლა, ცუდ ოჯახში მოვხვდი. შემდეგ, ახლობლებმა მომიძებნეს კარგი ოჯახი, სადაც უკვე 11 წელია ვმუშაობ. ამ ოჯახში, საკუთარი შვილივით მიმიღეს მე და ჩემი შვილები როცა მსტუმრობდნენ, მათაც ისე იღებდნენ, როგორც საკუთარ შვილიშვილებს. თუმცა, ისიც უნდა ვთქვა, რომ ყველა ასე არ არის. აქ ჩამოსულ ქართველ ქალებს ისე უყურებენ, თითქოს ჩვენ საქართველოში არაფერი გაგვაჩნია, ზემოდან გიყურებენ და ეს ყველაფერი ჩვენში დიდ სტრესს იწვევს. კარგი ოჯახის და სამუშაო პირობების დამსახურებით, მე შევძელი ფეხზე წამოდგომა და ჩემი შვილების, შვილიშვილების დახმარება“ - გვიყვება ირმა.

მიუხედავად ამ სიკეთეებისა, თვლის რომ ემიგრანტობა მაინც რთულია. იმისათვის, რომ იქ მცხოვრებმა გარკვეული სერვისებით სარგებლობა შეძლოს, უნდა ჰქონდეს დაზღვევა. დაზღვევით, შეუძლიათ მიხედონ ჯანმრთელობის მდგომარეობას, ისარგებლონ საბანკო მომსახურებებით, მიიღონ მედიკამენტები უფასოდ, მაღაზიებიდან სახლში მიტანის სერვისი გამოიყენონ და ა.შ. ირმას ეს „ფუფუნება“ აქვს, დაზღვევითაც სარგებლობს და თურქული ID ბარათიც აქვს, თუმცა ერთი სული აქვს მშობლიურ ქვეყანას როდის დაუბრუნდება, რადგან საქართველოში ოთხი ყველაზე ძვირფასი ადამიანი - შვილები ელოდებიან, რომლებთან საუბარს და მოფერებას ამ ეტაპზე მხოლოდ ეკრანიდან ახერხებს და გული სტკივა, რომ მათთან ჩახუტების შესაძლებლობა არ აქვს.

„დედისთვის ყველაზე დიდი სასჯელია შვილების მარტო დატოვება. გული დარდით მაქვს სავსე, რადგან ჩემ შვილებს ვერ მივეცი ის სითბო, რაც მათ სჭირდებოდათ. იმ დროს, როცა ყოველ დილით უნდა ჩავხუტებოდი, მოვფერებოდი და საღამოს კი ტკბილი ძილი მესურვებინა, მე სხვა ქვეყანაში ვიყავი, მათგან ძალიან შორს და ეს ყველაფერი ჩემ შვილებს ყოველთვის აკლდათ. როგორც დედამ, ვერ გავიგე როგორ გაიზარდნენ ჩემი შვილები, რა უნდოდათ, რა უჭირდათ. როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდათ დედის გვერდით ყოლა, მე ფიზიკურად იქ არ ვიყავი. აქედან მარტო ფინანსურად შემეძლო დახმარება... მხოლოდ ვიდეო ზარის დროს, ეკრანიდან ვეფერები მათ სახეებს. ყოველი დარეკვისას, სულ იმას მეკითხებიან: „დედა გზები როდის გაიხსნება?“ „არის რამე ახალი?“ როდის მოდიხარ საქართველოში?“ მე კი არ ვიცი რა ვუპასუხო... აქ მხოლოდ ჩემი შვილების გამო ვარ და მხოლოდ მათ გამო ვუძლებ ემიგრანტობას! საქართველოში აუცილებლად დავბრუნდები და ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ჩემ ოჯახთან ერთად დავიწყო მცირე ბიზნესი და ცხოვრება მათ გვერდით ტკბილად გავაგრძელო“ - ირმა.


მარინა სამსონიძე საბერძნეთიდან - ემიგრანტი ემიგრანტების დასახმარებლად




მარინა სამი შვილის დედაა. შვილები სტუდენტები იყვნენ, როდესაც იმ არჩევანის წინაშე დადგა, რომ სწავლის საფასურის გადასახდელად საზღვარგარეთ უნდა ემუშავა. საქართველოში საჭირო თანხას ვერ გამოიმუშავებდა, ამიტომ გარისკა და საქართველო 11 წლის წინ დატოვა. საბერძნეთში არალეგალურად ჩავიდა და როდესაც საბუთები არ ჰქონდა, მუშაობა ოჯახში ბებია-ბაბუასთან დაიწყო, რომლებიც ავადმყოფობდნენ. ამბობს, რომ ემიგრანტებს მომვლელად მუშაობა საკუთარი ჯანმრთელობის ფასად უწევთ და იქ ყოფნა განსაკუთრებით რთულია, როდესაც ახალბედა ხარ და გზის გაკვლევა გჭირდება.

„ძალიან რთულია ახალ ჩამოსულზე გაერკვიო სიტუაციაში. როცა არ იცი ენა, ვერ გადიხარ გარეთ, დახმარება გინდა და ვერავის ეუბნები, ოჯახში მუშაობ და კომუნიკაციას ვერ ამყარებ, ენობრივი ბარიერის გამო. ვერ აღგიწერთ იმდენად რთულია. ზოგი ვერ უძლებს ამ სტრესს. ზოგს სუსტი ფსიქოლოგიური მდგომარეობა აქვს. მე ვიცი რამდენიმე ადამიანი, რომელმაც ფსიქოლოგიურად ამ მდგომარეობას ვერ გაუძლო, ჭკუიდან გადავიდა და შემდეგ მას ეძებდნენ ქალაქის ქუჩებში. ოჯახში გარდაცვლილი ემიგრანტიც უნახავთ, ყოფილა შემთხვევა რომ მოხუცს მისთვის თავში რაღაც ჩაურტყამს და მოუკლავს. იმდენად რთულია მომვლელად მუშაობა რომ ფაქტობრივად ნახევარ ჯანმრთელობას ჩვენ ვტოვებთ აქ. ზოგი ისეა გადაღლილი, რომ 50 წლის ქალებს ასაკი უფრო მეტი ეტყობათ. ძალიან საშიშ პირობებში უწევთ ქალებს მუშაობა, მდგომარეობა განსაკუთრებით გართულდა პანდემიის დროს. მე ვიცი, რომ ერთ ქალს რომელიც ბებია-ბაბუას ოჯახში იყო მომვლელად, ამ მოხუცებისგან შეხვდა კორონავირუსი. რამდენიმე ადამიანმა, რომლებმაც აქ ადგილზე მკურნალობა ვერ შეძლეს, დაბრუნდნენ საქართველოში“ - ყვება მარინა სამსონიძე ჩვენთან საუბრისას.

მარინა სამსონიძე საბერძნეთში ჩასვლიდან ორ წელიწადში დაქვრივდა, თუმცა ვერც მეუღლის საფლავი დაიტირა და მას შემდეგ ამდენი წლის შემდეგაც ვერ მოახერხა შვილების და ახლობლების მონახულება. საქართველოში სამი შვილი, დედამთილ-მამამთილი, სამი შვილიშვილი, დედა და ძმა ჰყავს. მათი თანადგომით და მოტივაციით მარინამ შეძლო ნელ-ნელა ფეხზე დამდგარიყო. საბუთი აიღო, მუშაობა დაიწყო საავადმყოფოში მორიგე ექთნად და მდგომარეობა შედარებით გაიუმჯობესა. შვილების, ოჯახის დახმარების გარდა, გადაწყვიტა გვერდში დადგომოდა იმ ადამიანებსაც, რომლებსაც ძალიან უჭირთ. მან და მისმა მეგობარმა კახა ადეიშვილმა შემნეს ჯგუფი „იმედი“, რომელიც ცდილობს ახალბედა ემიგრანტებს გზა გაუკვალოს და ხელი ისე შეუწყოს, როგორც მათ სჭირდებათ. კორონავირუსის დროს, ისინი ხალხს ეხმარებოდნენ მედიკამენტებით, საკვებით. ამის პარალელურად, არც მშობლიური ბორჯომი და თანაქალაქელები დაივიწყა.

„პანდემიის დროს, როდესაც სახლიდან გარეთ ვერ ახერხებდნენ გამოსვლას და სჭირდებოდათ, წამალი, საკვები თუ სხვა რამ... ჩვენი ჯგუფი ადგილზე მიდიოდა და მიჰქონდა ეს ყველაფერი. ასევე საავადმყოფოში ვაკითხავდით ამ ადამიანებს და ვეხმარებოდით. ორი წელია, რაც ეს ჯგუფი არსებობს. ათენში მცხოვრები ემიგრანტები ვიკრიბებით და ყოველთვიურად 5-5 ევროს ვდებთ, იმისათვის რომ დავეხმაროთ გაჭირვებულებს, ავადმყოფებს, საქართველოში იქნება ეს, ათენში თუ სხვაგან. ბორჯომში, ახალგაზრდა ცოლ-ქმარს, ოთხშვილიან ოჯახს დავეხმარეთ. ტანსაცმელი, საჭირო ნივთები და 300 ლარი გადავეცით. ქუთაისში კიდევ ბინა დაეწვა ოჯახს და მას დავეხმარეთ. ახლა კიდევ ერთ ბიჭს ვეხმარები, რომელსაც სიმსივნე აქვს. ათენში ემიგრანტებს დახმარება ძირითადად სამსახურების კუთხით სჭირდებათ, რადგან სამუშაოს ვერ ნახულობენ. ზოგს ესაჭიროება ფულადი დახმარება, ზოგს ესაჭიროება პროდუქტით უზრუნველყოფა. ჩვენი ჯგუფის მიზანიც სწორედ ასეთი ადამიანების დახმარებაა. ჯგუფის წევრები სთავაზობენ სამუშაო ადგილებს და შეუძლიათ დასაქმდნენ“ - მარინა.

მარინას საქართველოში ჩამოსვლა სურდა, თუმცა კორონავირუსმა ხელი შეუშალა. საბუთები მოამზადა, თუმცა ვერ დაბრუნდა. მშობლიურ ქვეყანაში, მონატრებული ხალხი ელოდება და იმ დღეს ელოდება მოუთმენლად, როცა მათთან შეხვედრას და ჩახუტებას შეძლებს. მარინა სამსონიძე, საკუთარი ბედის გაზიარებას არცერთ ქალს არ ურჩევს. პირიქით, მოუწოდებს დარჩნენ თავიანთი მეუღლის და შვილების გვერდით.

„11 წელია რაც საქართველოში არ ვყოფილვარ, არ მინახავს ჩემი შვილები, არ დამიტირია ჩემი მეუღლის საფლავი... მოვუწოდებ ქალებს, თუკი არ აქვთ ისეთი გასაჭირი, თუკი მეუღლე ჰყავთ საქართველოში, დარჩნენ მათ გვერდით, ნუ მიატოვებენ ოჯახს, შვილებს! ჩემი მეუღლე ცოცხალი რომ ყოფილიყო, მე ერთი წელიც არ გავჩერდებოდი აქ. მწარე ლუკმა შეჭამონ, ნატეხი პური შეჭამონ და თავიანთი მეუღლეების გვერდით დარჩნენ, ოჯახები არ დაანგრიონ!“ - მარინა სამსონიძე.

ქეთევან ხიდაშელი იტალიდან - ჯერ სამოქალაქო აქტივისტი ემიგრანტების დასახმარებლად, შემდეგ ემიგრანტი



56 წლის ქეთევან ხიდაშელი ემიგრაციაში მიმდინარე წლის თებერვალში წავიდა იტალიაში, სწორედ იმ დროს, როდესაც მსოფლიო ახალმა კორონავირუსმა მოიცვა. მარტში უკვე კოვიდ 19 -ის იზოლაციაში მოყვა. თუმცა, ამ გადაწყვეტილების მიღება არ იყო მარტივი. იქამდე, საქართველოში ძალები არაერთი მიმართულებით მოსინჯა. ქეთევანს უმაღლესი განათლება აქვს მიღებული. 33 წლის ასაკში ოჯახი შექმნა და ორი შვილი გაზარდა. 9 და 10 წლის ასაკში იყვნენ შვილები, როცა თავად მუშაობა დაიწყო. მას მერე რაც თბილისიდან მეუღლის სოფელში გადავიდა საცხოვრებლად, დააფუძნა ორგანიზაცია „ქალები რეგიონის განვითარებისთვის“. ქალთა უფლებების კუთხით და მათ შორის არალეგალურ მიგრაციაზეც მუშაობდა. პროექტებზე იყო დამოკიდებული და ფინანსურად არასტაბილური იყო. შემდეგ ბიზნესის წამოწყება მოსინჯა თუმცა არ გაუმართლა. მაშინ ვერც კი იფიქრებდა, რომ ასეთი აქტიური და ამხელა გამოცდილების მქონე ადამიანი თავად გახდებოდა ემიგრანტი, თუმცა ცხოვრებისეული სიურპრიზი ახლა მისი რეალობაა.

„იოლი არ იყო ემიგრაციაში წასვლის გადაწყვეტილების მიღება. მაგრამ, რადგან შვილები უკვე დიდები იყვნენ და დამოუკიდებლად შეძლებდნენ ცხოვრებას, გავბედე წასვლა. 2020 წლის თებერვალში წამოვედი იტალიაში, მარტში უკვე კოვიდ 19 -ის იზოლაციაში მოვყევი.ხუთ თვეში მხოლოდ ორჯერ შევძელი სამსახურში შესვლა პირველად ერთი კვირით, შემდეგ ერთი თვით. სრულიად განსხვავებული საქმის სწავლას შევუდექი, ურთულესი საქმის. საქმე, სადაც არ გაქვს პირადი სივრცე, დრო, ცხოვრება... ემიგრანტები უამრავი გამოწვევის წინაშე ვდგავართ

• მარტოობის განცდა
• ენის ბარიერი
• ხელმიუწვდომელი სამედიცინო სერვისები
• ტელეფონის საჭირო ფუნქციების არცოდნა
• სოც ქსელების როგორც სწრაფი კომუნიკაციის საშუალების სწავლება
• გამოცდილების გაზიერების დეფიციტი
• 60 წელს გადაცილებული ქალების ჯანმრთელობა
• ოჯახიდან მუდმივად ფულის მოთხოვნა და ამის გამო ემიგრანტის შფოთვები
• არასტაბილური სამსახური
• არასტაბილური საცხოვრებელი სივრცე
• საკვებზე ხელმისაწვდომობა
• წამლებზე ხელმისაწვდომობა
• დასვენების საათების/დღეების არარსებობა
• დაუსრულებელი რუტინა
• საკუთარ ცხოვრებაზე უარის თქმა, სხვისი ცხოვრებით ცხოვრება
• საკუთარი ოჯახის წევრებიდან კომუნიკაციის დეფიციტი

სამუშაოს პოვნა ძალიან რთულია, ემიგრანტების უმრავლესობას უწევს თვეობით ლოდინი. ელოდებიან და იხდიან ქირას, რომელიც კიდევ უფრო მეტ ფინანსურ ტვირთად აწევთ“
- ყვება ქეთევან ხიდაშელი.

ქეთევანი 5 თვიანი ცხოვრების შემდეგ, თავი დააღწია ჩრდილოეთ იტალიას და სამხრეთ იტალიის პატარა ქალაქ პალმში გადავიდა. საბედნიეროდ აქ გაუმართლა, კარგი ოჯახი შეხვდა. თუმცა, ამბობს რომ უცხო ქვეყანაში საცხოვრებლად და სამუშაოდ ძლიერი ნებისყოფა და მყარი ფსიქიკაა საჭირო. საქართველოში დატოვებულ ოჯახებს კი წარმოდგენაც არ შეუძლიათ, თუ რისი გადატანა უწევთ აქ წამოსულ ადამიანებს. გვეუბნება, რომ კორონავირუსზე მეტად, სტრესული გარემო აშინებს. საბედნიეროდ, მის ცხოვრებაში ახლა ნათელი წერტილი გამოჩნდა. სახლში, სადაც მომვლელად დაიწყო მუშაობა, თავს გრძნობს ოჯახურ გარემოში.

„უკვე ორი თვე გავიდა რაც აქ ვარ, მხოლოდ პატივისცემას და დიდ სითბოს ვგრძნობ მათგან. მუდმივად ზრუნავენ რომ ადაფტაცია კარგად გავიარო. ენის ბარიერის დაძლევაშიც მეხმარებიან, თავს ადამიანად ვგრძნობ. ოთახი რომელიც მომცეს, დიდი და ნათელია, თბილი, ძველებური რკინის საწოლით, ძველებური დიდსარკიანი კარადითა და კომოდით.
მე გამიმართლა!
შემიყვარეს, მიმიღეს და მეც მივიღე ისინი.
ნელნელა ვაცნობ ჩემს თავს, ვაცნობ საქართველოში ჩემს საქმიანობას, ვაცნობ ჩემს შვილებს, მეუღლეს, ჩემს ძმას, მის ოჯახს. ისინი ჩემით ამაყობენ და მე ეს ძალიან მახარებს.
მომვლელის მოვალეობასაც იგივე სიყვარულით ვასრულებ, როგორც ჩემს ოფისში, ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებდი. ჩემი ახალი ოჯახი "დოლჩე სინიორას" მეძახის.
იქნებ ჩემი ოჯახისთვის აქედან იქ მაინც შევძლო ის, რისი გაკეთებაც იქ ვერ შევძელი.....
"იქნებ " არა, მე შევძლებ!

აქ ამ პატარა ქალაქში ექვსი ქართველი ვართ. ეს ექვსი ქალი, ყველა საბუთს (იტალიაში ცხოვრებისა და მუშაობის უფლება) ველოდებით, რომ შემდგომში შიშის გარეშე გავაგრძელოთ აქ ცხოვრება და მუშაობა, შევძლოთ ჩვენი შვილების ნახვა შვებულების პერიოდში, შევძლოთ მონატრებულ სახლში დაძინება“-
ქეთევანი.

საქართველოდან ემიგრანტთა რაოდენობის შესახებ მონაცემთა რამდენიმე წყარო არსებობს. საქსტატის მონაცემებით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე მეტი ემიგრანტი (მათ შორის, ყველაზე მეტი საქართველოს მოქალაქე ემიგრანტი) 2018 წელს დაფიქსირდა. 2015-2018 წლებში საქართველოდან წასული ემიგრანტების 43% ქალია, ხოლო 57% კაცი.

ვრცლად იხილეთ დოკუმენტში: საქართველოს 2019 წლის მიგრაციის პროფილი

ორგანიზაცია „ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობი საზოგადოება“-ს წარმომადგენელი ნანა ნაზაროვა აცხადებს, რომ მიგრანტმა ქალებმა წინასწარ უნდა განსაზღვრონ ის რისკები, სანამ საზღვარგარეთ წავლენ. კერძოდ: მათ წინასწარ უნდა შეისწავლონ იმ ქვეყნის სპეციფიკა, სადაც მიდიან. ასევე სამუშაო ბაზარი და მოთხოვნა იმ სპეციალისტებზე, რომელიც იმ ქვეყანას სჭირდება. თავად უნდა ჰქონდეთ შესაბამისი კვალიფიკაცია, უმჯობესია თუ იქნება განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ნათარგმნი. აუცილებლად უნდა გაიარონ ენის შემსწავლელი კურსები, რომ შეძლონ დასაქმება. უნდა ჰქონდეთ გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება. ტურისტის სტატუსით მოგზაურობისას, ისინი ვერ შეძლებენ მუშაობის უფლების მოპოვებას და ოჯახის დახმარებას. მიგრანტმა ქალებმა უნდა იცოდნენ, რომ სხვა ქვეყანაში მუშაობა მხოლოდ მატერიალურ სარგებელს მოუტანს მათ ოჯახს. მაგრამ, ბავშვები დედის გარეშე გაიზრდებიან და ეს უარყოფითად აისახება მათ განვითარებაზე და ფსიქიკაზე. უცხოეთში ყოფნა გავლენას მოახდენს მათ ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ამიტომ, წინასწარ უნდა გაარკვიონ იმ ქართველ ემიგრანტებთან სამუშაო პირობები, რომლებიც მანამდე წავიდნენ ემიგრაციაში. და რაც მთავარია, მიგრანტმა ქალებმა უნდა იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამომუშავებული ფული ვერ დაუბრუნებს მათ ჯანმრთელობას.

„თითოეულ ქვეყანას აქვს საელჩო, რომლისთვისაც მიგრანტებისთვის დახმარების გაწევა მათი წარმომადგენლობის მოვალეობაა საქართველოში. ყველა ქვეყანაშია არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მიგრანტებს ეხმარებიან იურიდიული კონსულტაციის და სოციალური საკითხების დაცვის კუთხით. ასევე არსებობს ქალთა ორგანიზაციები, რომლებიც მზად არიან დახმარება აღმოუჩინონ ძალადობის მსხვერპლებს. მთავარია, მიგრანტმა ქალებმა იცოდნენ ენა და მათი მოძებნა თუნდაც ინტერნეტით ძალიან მარტივია. ჩემი რჩევა იქნება, არ შეეშინდეთ დახმარება სთხოვონ პოლიციას. ნებისმიერ პირს, ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, იცავს სისტემა. ადამიანის უფლებების დაცვა ყველა ქვეყანის პასუხისმგებლობაა.  თუნდაც, ის ქვეყანაში იყოს უკანონოდ“ - აცხადებს ნანა ნაზაროვა.

რაც შეეხება მთავრობის სამოქმედო გეგმას. სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის ხელშეწყობისთვის სახელმწიფომ 2016 წლიდან დაიწყო მიზნობრივი პროგრამების განხორციელება და თანხების სისტემატურად გამოყოფა ბიუჯეტიდან. 2016 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 600,000 ლარი გამოიყო, 2017 წელს 590,000, ხოლო 2018 და 2019 წლებში - 650,000 ლარი. ბოლო სამი წლის განმავლობაში სახელმწიფო სარეინტეგრაციო პროგრამის ფარგლებში სულ 1,443 ბენეფიციარი დარეგისტრირდა, საიდანაც პროგრამის პირობები დააკმაყოფილა და დახმარება გაეწია 716 პირს.

სტრატეგიის ფარგლებში მიღწეული შედეგების სიღრმისეული ანალიზისა და არსებული გამოცდილების გათვალისწინებით, 2019 წელს დაიწყო მუშაობა 2021-2030 წლების მიგრაციის ახალი სტრატეგიის კონცეფციაზე/ხედვაზე, რომელმაც მიმდინარე სტრატეგიის გამოცდილებაზე, ასევე კვლევებსა და მტკიცებულებებზე

დაყრდნობით უნდა განსაზღვროს ქვეყნის ძირითადი სტრატეგიული მიმართულებები მომავალი 10 წლისთვის.




ასევე დაგაინტერესებთ: დაცლილი სოფელი

Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.