ხათუნა თოდუა აფხაზეთიდან
დევნილია. გუდაუთიდან ბორჯომში 1992 წელს ოჯახთან ერთად ჩამოვიდა და
სანატორიუმ “მთის ხეობაში” დასახლდა.ამჯერად უმცროს შვილთან ერთად ცხოვრობს. გასული 28 წლის
მანძილზე მრავალი პრობლემის გადალახვა მოუხდა. მისი ცხოვრება
გამოწვევებით სავსე და ერთფეროვანია.
ხათუნა გვიყვება, რომ აფხაზეთის დატოვებისას მისი უმცროსი შვილი 2
თვის მთვარისა გზაში გაცივდა. ექიმებმა არასწორი დიაგნოზი დასვეს და
შეცდომით მკურნალობდნენ. ამასობაში ბავშვის მდგომარეობა თანდათან
დამძიმდა, სხეულის პარალიზება მიიღო. სწორი დიაგნოზი მოგვიანებით
გახდა ცნობილი.
7 წელი თბილისში ერთ-ერთ კლინიკაში შვილთან ერთად გაატარა. ამ დროს
მეორე შვილს მისი ბიცოლა ზრდიდა, რადგან სახლში ორ თვეში ერთხელ
უშვებდნენ. ხანგრძლივ მკურნალობას კიდევ ერთი დაავდაბა დაერთო.
ექიმებმა უთხრეს რომ მთვარისა მხოლოდ 8 წლამდე იცოცხლებდა. ამ
ყველაფრის გამო მამა ნერვიულობის შედეგად 32 წლის ასაკში გარდაიცვალა.
იმ წელს მთვარისა სწორედ 8 წლის ხდებოდა.
მოგვიანებით ხათუნა საავადმყოფოდან ბავშვთან ერთად ღამე გამოიპარა.
მთვარისა გადარჩა, თუმცა ეტლით გადაადგილდება. ახლა 28 წლის არის. 19
წელია დედაა უამრავ პრობლემას დამოუკიდებლად უმკლავდება.
„მარტო ვზრდი და ვუვლი. სახლსა და ბავშვზე ვარ მიჯაჭვული.
სამსახური, მეზობელი ჩემთვის არ არის. ვერსად ვერ გავდივარ“-
ამბობს ხათუნა.
ოჯახის შემოსავალი მთვარისას და
დევნილობის პენსიაა. წელიწადში ორჯერ მერიიდან წამლების დაფინანსებას
იღებს. 100 ლარით ეხმარებიან ახალ წელს და აღდგომას. დახმარების
მიზნით განცხადებებს წერს დევნილთა სამინისტროში და აფხაზეთის
მთავრობაში. სოციალურად დაუცველის სტატუსი 2015 წელს მოუხსნეს. ხშირად
კეთილი ადამიანების იმედად არის. ეხმარებიან ნაცნობები თუ
უცნობები.
„ბორჯომელმა ადამიანებმა ძალიან დიდი დახმარება გამიწიეს
პროდუქტებით. ვინ არ მოდის. პანდემიის დროს ბევრი ადამიანი მოვიდა და
პროდუქტები მომიტანეს“.
მთვარისა განსაკუთრებულ მოვლას, ყურადღებას, კვებას და ფინანსებს
საჭიროებს. უმუშევარმა დედამ დამატებითი შემოსავლის მისაღებად და
შვილის სარჩენად რამდენიმე წლის წინ ხელსაქმე წამოიწყო. თმის
სამაგრების გაკეთება დაიწყო. მოსინჯა და გამოუვიდა. ბორჯომის
ცენტრალურ პარკში გასაყიდად გასულ წელს გაიტანა.
„ინტერნეტში შემთხვევით წავაწყდი. ვცადე იქნებ რაღაც
გამოვიდეს მეთქი და ჩემთვის ადვილი გამოდგა. პირველივე წელს მოწონება
დაიმსახურა. დამსვენებლები იყვნენ უცხოელები და კარგად ვმუშაობდი.
წელს ნაკლებად. ჩემსავით გაჭირვებული ქართველი რომ ჩამოვა, ძლივს
ბინის ფულით, მაგას ურჩევნია ბავშვს უყიდოს საჭმელი, ნაყინი და
ატრაქციონებზე აკატაოს. ცოტ-ცოტას კი ვყიდი“.
პარკში სიარული ბავშვის
მდგომარეობასა და ამინდზეა დამოკიდებული. მყიდველის მოლოდინში
ხელსაქმეს ადგილზეც აგრძელებს. აღებული თანხით ზამთრისთვის პროდუქტს
ყიდულობს. ზამთარში კი როდესაც სახლში ზის და გარეთ ვერ გადის თმის
აქსესუარებს ამზადებს და ზაფხულისთვის იმარაგებს.
ხათუნა ამბობს, რომ კორონავირუსის პანდემიას მასზე არ უმოქმედია,
რადგან ოქტომბრიდან აპრილის ჩათვლით გარეთ ისედაც არ გადის.
“Covid-19 ბორჯომში არ იყო. შეგვეხო იმ კუთხით, რომ
დამსვენებლები აღარ გვყავს, ვერ ჩამოვიდნენ. ჩემ ნამუშევრებს წინა
წელს უკეთესად ვყიდდი. უცხოელებში მოწონებას იმსახურებდა. აშშ-ში,
კანადაში, საფრანგეთში მიჰქონდათ. წელს ნაკლებად იყიდება. ქართველებს
მაინც უჭირთ. ვერ ბედავენ სხვა ნივთის ყიდვას. შევამცირე თანხები და
ისეთებსაც ვაკეთებ, რომ 3-4 ლარში გავყიდო. ჩვენი კონტიგენტის
შესაფერისს“.
ხათუნა თოდუას უამრავ პრობლემას კიდევ ერთი დაემატა. მოძველებული
ეტლი, რომლითაც მთვარისა გადაადგილდება რამდენიმე დღის წინ გატყდა.
ეტლი მეზობელმა დროებით შეაკეთა. თუმცა მალევე მთლიანად დაიშალა.
მთვარისა ამჯერად ნათხოვარი ეტლით გადაადგილდება. დედამ ეტლის
შესაძენად მერიას განცხადებით უკვე მიმართა.
კითხვაზე რა სჭირდებათ შშმ პირების მშობლებს ამბობს რომ:
„ყველაზე მეტად ფინანსური დახმარებაა კარგი, რადგან მე უკეთ
ვიცი რა სჭირდება ჩემ ბავშვს. განსაკუთრებული კვება აქვს. მირჩევნია
ისეთი რამ ვიყიდო რაც ჩვენ გამოგვადგება. ყველას ფინანსური და
ფსიქოლოგიური დახმარება დასჭირდება ალბათ. ამ დროს ძალიან დიდი
სიძლიერე და ფსიქოლოგიური თანადგომა საჭირო“.
რა სჭირდებათ შშმ პირების მშობლებს?
შშმ ბავშვების და ზრდასრულების მშობლების ძირითადი დრო ხმარდება
შვილების დახმარებას, რაც იწვევს უმუშევრობას, ოჯახში ფინანსურ და
ეკონომიკურ კრიზისს. ფაქტობრივად ეს ადამიანები სიღარიბის პროგრამაში
ხვდებიან, ან არ არის მათი ოჯახური მდგომარეობა მდგრადი. მარტოხელა
მშობლის შემთხვევაში კი ისინი გადაუჭრელი პრობლემების წინაშე
დგებიან-ამბობს ა.ო „ერთად რეალური ცვლილებებისათვის“ გამგეობის
თავმჯდომარე და ბორჯომის დღის ცენტრის „თებეს“ ხელმძღვანელი ნანა
ლომაძე.
„ სახელმწიფოს მხრიდან არის სერვისები შემოთავაზებული. როცა
ოჯახის წევრს, რომელიც არის მეურვე მშობელი მიეცეს დასაქმების
შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ შეიქმნა დღის ცენტრი. ეს არის მშობლის
გაძლიერება. როცა მისი შვილი ატარებს დროს ამ სერვისში მშობელმა
შეძლოს და იმუშაოს. ეს არის ერთ-ერთი მიდგომა.
იმ შემთხვევაში თუ ვერ იღებს ამ სერვისს და არის სახლში, არის ასეთი
შეთავაზება-სოციალური საწარმო. მშობელს შეუძლია შექმნას რაღაც
პროდუქტი. ეს არის დახმარება, რომ მან მოახერხოს გაძლიერება. ფინანსურ
მდგრადობაზეა საუბარი. მე ვემხრობი იმას რომ მშობელი გაძლიერდეს და არ
იყოს ოჯახი მუდმივად ქველმოქმედების მიმღები“.
ბორჯომში დღის ცენტრი „თებე“ 2018 წელს გაიხსნა, რომელმაც
ბენეფიციარების ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალა. ცენტრში 40
ბენეფიციარია. ბავშვები და ზრდასრულები. სრულად აღჭურვილია
ინფრასტრუქტურით და დაკომპლექტებულია კვალიფიციური კადრებით.
ბენეფიციარები ბავშვები და ზრდასრულები არიან.
ნანა ლომაძე თვლის რომ ამ შემთხვევაში კარგი მიდგომაა პირადი
ასისტენტი. როდესაც მშობელს გასვლა სჭირდება და ვერ ახერხებს შეიძლება
პირადი ასისტენტი დარჩეს დროებით ბენეფიციართან. „ბორჯომში ამ
ეტაპისთვის ეს სერვისი არ არსებობს. თბილისში დაიტესტა და საკმაოდ
კარგად მუშაობს. ვერ ვიტყვი რომ ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის ეს
შეუძლებელია. თუნდაც ჩვენი ორგანიზაციის ბაზაზე ძალიან კარგად
შეგვიძლია ასისტენტები სწორი მიმართულებით გადავამზადოთ, რომ ამ
ადამიანებისთვის გარკვეული შვება იყოს რაღაც
კუთხით“.
ნანა ლომაძე ამბობს, რომ მშობლებს უნდა შეექმნათ პირობები იმისთვის,
რომ თავად იყვნენ ძლიერები, განათლებულები, გაძლიერდნენ ფსიქოლოგიური
კუთხითაც, რადგან მარტოხელა დედისთვის არ არის მარტივი შვილის
პრობლემების პარალელურად ოჯახის კეთილდრეობაზე იფიქროს.
რას აკეთებს მერია შშმ პირებისთვის ბორჯომში?
ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულია 18 წლამდე 73 შშმ პირი.
1-დან 18 წლამდე შშმ ბავშვთა დახმარების პროგრამით ყოველთვიურად შშმ
ბავშვების მეურვეებს ერიცხებათ 100 ლარი. ამავე ოდენობის თანხას
იღებენ აღდგომასა და ახალ წელს.18 წლამდე შშმ ბავშვებს მერია საცურაო
აუზის მომსახურებას სრულად უფინანსებს.
ზრდასრული შშმ პირები ყველა იმ სოციალური პროგრამით სარგებლობენ, რაც
მოქალაქეებისთვისაა განკუთვნილი. 9 და 26 მაისს, ასევე აღდგომას და
ახალ წელს შშმ ვეტერანებზე გაიცემა 100 ლარი. მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე რეგისტრირებული ყველა პირველი ჯგუფის ინვალიდს ასაკის
მიუხედავად, სააღდგომოდ და საახალწლოდ 100 ლარიან დახმარებას
იღებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.