ქალის ბლოგი
სოფლის ექიმები პანდემიის პირობებში
აქამდე თუ ექიმს, მხოლოდ გადაუდებელი შემთხვევის დროს მივმართავდით, ეს რეალობა ბოლო თვეებში საპირისპიროდ შეიცვალა. ახალი კორონავირუსის და ქვეყანაში გავრცელებული პანდემიის გამო, მოვლენების ეპიცენტრში სწორედ მედპერსონალი აღმოჩნდა და სწორედ ეს ადამიანები არიან ისინი, ვინც სამედიცინო იარაღებით და მედიკამენტებით იბრძვიან COVID-19-ის წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, ქალაქად თუ სოფლად, ამ ექიმებზეა დამოკიდებული ადამიანების ჯანმრთელობის ბედი. საკუთარ მხრებზე ეს ტვირთი ყველამ თანაბრად გადაინაწილა და ცდილობენ თავიანთ თემში მოსახლეობას გაუწიონ სამედიცინო მომსახურება და ამასთანავე მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ პაციენტების მიმართ.

იზოლდა ლომიძე ექიმია-პედიატრია. თითქმის 40 წელია სამედიცინო საქმიანობას ეწევა. მუშაობს ჯეო-ჰოსპიტალსის ბორჯომის სამედიცინო ცენტრში და პარალელურად დვირის საექიმო ამბულატორიაში, რომელიც ამავე სოფლის და ქვაბისხევის მოსახლეობას ემსახურება. სწორედ, ამ ამბულატორიაში „ცხელებიანი პაციენტებისთვის“ ცალკე ოთახი მოეწყო იზოლირებულად. იზო ექიმი და მისი მედდები, ერთად აკონტროლებენ მათ თემში ჩასული უცხო მოქალაქეების ვინაობას.





ის, რომ ცხელებიანი პაციენტებისთვის ცალკე კუთხე გამოეყოთ, ეს რეკომენდაცია ყველა სოფლის ამბულატორიამ მიიღო. ისინიც შესაბამისად იცავენ წესებს. მაგ: სოფელ ტბაზე ამბულატორია ძველ შენობაშია, პატარა სივრცე აქვთ ათვისებული ექიმებს და ექთნებს და ცდილობენ, ადგილობრივებიც დისტანციის დაცვით მიიღონ. თუმცა, აქ ის კომფორტი და ფუფუნება არ არის, რაც ახლადგარემონტებულ შენობებშია.






58 წლის ქეთევან კალანდაძე ოთხი სოფლის: ტბის, სადგერის, ცემის და ლიბანის ექიმია. უკვე 10 წელია სამედიცინო საქმიანობითაა დაკავებული. მასთან ერთად მუშაობს ერთი ექთანი. ორივეს ძველ შენობაში უწევს პაციენტების მიღება და მათთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა. ამბულატორიაში ამ დროისთვის შესაბამისი პირობები არ არის.



თუმცა, ამ შენობის გვერდით არის ახალი აშენებული ამბულატორია, რომელიც ინვენტარის აღჭურვის შემთხვევაში იქნება სრულ მზადყოფნაში, რომ მიიღოს პაციენტები და გაუწიოს შესაბამისი მომსახურება.



სწორედ, ამის შემდეგ შეეძლებათ ახალ შენობაში გადასვლა ექიმს და ექთანს. ახალმა კორონავირუსმა და პანდემიამ ეს პროცესი, დროებით შეაფერხა. სავარაუდოდ, როდის შეძლებენ ახალი გარემოში პაციენტების მიღებას, ჯერ-ჯერობით მათთვისაც უცნობია.




სანამ ახალ შენობაში გადავლენ, ძველებურად აგრძელებენ უხილავ მტერთან, კორონავირუსთან გამკლავებას. ქეთინო ექიმი ამბობს, რომ ბოლო თვეებში, პანდემიის პირობებში პაციენტების რიცხვმა იკლო, თუმცა იმატა დაძაბულობამ. ახალი კორონავირუსი მათთვის ახალი გამოწვევების მომტანი აღმოჩნდა.

„პანდემიამ გამოწვევები შექმნა ის, რომ მეტად დაძაბულ რეჟიმში ვართ, ადამიანებში იმატა დაძაბულობამ და ყველა დეტალი ეჩვენებათ რომ კოვიდ 19-თან არის დაკავშირებული. ამიტომ, უფრო მეტად იჩინა თავი ნევროზულმა მდგომარეობამ. ჩვენთვისაც გამოწვევაა, რადგან ჩვენც უნდა გავარჩიოთ ერთმანეთისგან, რომ ეს ნამდვილად პრობლემაა თუ გამოწვეულია ნევროზული მდგომარეობიდან. ამიტომ, უფრო დაძაბულ რეჟიმში ვართ ამ მხრივ“ - ქეთევან კალანდაძე.



„ესენი არიან სული და გული ხალხისა. რა დროსაც არ უნდა შეაწუხო. სამსახურში იმაზე ადრე მოდიან, როცა ევალებათ. თუ საჭიროა, ოჯახებში მიდიან და ოჯახებში ნახულობენ პაციენტებს. ძალიან კარგები და ყურადღებიანები არიან. კარგად გვემსახურებიან, მარტო მე კი არა, მთელი ოთხი სოფლის მოსახლეობას“ - ჯემალ შოთაშვილი, სოფელ სადგერში მცხოვრები.



ჩვენს კითხვაზე: ეშინია თუ არა თავად როგორც ექიმს ახალი კორონავირუსის? გვპასუხობს, რომ რა თქმა უნდა, მასაც ეშინია ვირუსის, თუმცა ამბობს, რომ ეს შიში არ არის გადამეტებული და მისი სტატუსიდან გამომდინარე არის უფრო მეტად მობილიზებული, ვიდრე აქამდე იყო. ყველა ახალი ინფორმაცია, ბრძანება თუ პროტოკოლი, რაც კი ცნობილი ხდება, ეცნობა და ითვალისწინებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს. ანალოგიურ მდგომარეობაშია ტაძრისის ამბულატორიის ექიმი ნათელა ნიკოლაძეც, რომელიც 23 წელია საყვარელ საქმეს ემსახურება. ტაძრისის ამბულატორიაში 2 ექიმი და 3 ექთანი მუშაობს. ორი სოფელი ტაძრისი და დგვარი ეკუთვნის ნათელა ექიმს და ჰყავს ორი ექთანი.

ნათელა ნიკოლაძეც სისტემატურად ეცნობა მის სფეროში ყველა ახალ ინფორმაციას და თითქმის ყოველდღიურად აკონტროლებს თავისი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას. იმისათვის, რომ პანდემიის პირობებში ყველა სოფლის ექიმი ყოფილიყო მომზადებული და აღჭურვილი, მოხდა მათი დატრენინგება და გადამზადება.




ბორჯომის მუნიციპალიტეტში სულ 12 სოფელის ამბულატორია, 16 ექიმი და 22 ექთანია, თითოეული მათგანი ქალია. ამბულატორიები შემდეგ სოფლებშია: ტაძრისი, ჭობისხევი, დვირი, ყვიბისი, ახალდაბა, წაღვერი, ანდეზიტი, ბაკურიანი, ციხისჯვარი, ტბა, ტაბაწყური, ბალანთა.

ბალანთა, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ყველაზე მაღალმთიანი ზონაა. ეს სოფელი ბორჯომიდან 70 კმ-ის დაშორებით და ზღვის დონიდან 1860 მ სიმაღლეზე მდებარეობს. წლის განმავლობაში, ძირითადად ზამთრის პერიოდში აქ გზები იკეტება და ეს თემი ცენტრს მოწყვეტილი რჩება. პანდემიის დროს, უტრანსპორტობის პირობებში, მუნიციპალიტეტის მერია სოფლის ექიმების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს სახლებიდან ამბულატორიებამდე და პირიქით. თუმცა, კორონავირუსთან ბრძოლის დროს, ეს თემი ძირითადად ადგილობრივი ექთნების იმედად დარჩა, გვეუბნება ამ სოფლის მაცხოვრებელი. გადაადგილების პრობლემის გამო, ექიმები ამ თემში ხშირად მისვლას და მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევას ვერ ახერხებდნენ.

რიგ სოფლებში, ამბულატორიების თუ სამედიცინო მომსახურების მიღებასთან დაკავშირებით პრობლემების მოგვარებაზე ზრუნავს ბორჯომის მუნიციპალიტეტი. მერიაში ამბობენ, რომ დარჩენილია წვრილმანი საკითხები, რომლის გადაჭრაზეც ეტაპობრივად მუშაობენ.




სანამ კორონავირუსთან ბრძოლა გრძელდება რეგიონებში თუ ქვეყანაში, ექიმები ისევ წინა ხაზზე რჩებიან. COVID-19-ის წინააღმდეგ მუშაობს მედპერსონალი როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს მასშტაბით.




Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.