ბორჯომში რესტორნები დროებით დაიხურა
ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო, ბორჯომში
არსებულმა კაფეების და რესტორნების უმრავლესობამ მუშაობა შეწყვიტა.
საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის
მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ
საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის (მათ შორის, რესტორნების,
კაფეების, ბარების, სასადილოების, სარიტუალო დარბაზებისთვის და სხვა)
გამოსცა რეკომენდაციები, რომლის თანახმად, ახალი რეგულაციები
ამოქმედდება, კერძოდ: მათ ოპერირების უფლება ეძლევათ მხოლოდ ე.წ
მიწოდების სერვისების გზით; იზღუდება სასტუმროს პროფილთან თავსებადი
საქმიანობების, კერძოდ, სასტუმროში არსებული კვების ობიექტების
ფუნქციონირება.
აღნიშნულ რეკომენდაციას დაემორჩილნენ ბორჯომში კვების ობიექტები.
ტელეკომპანია „ბორჯომმა“ ინფორმაცია რამდენიმე მათგანთან
გადაამოწმა.
ერთ-ერთ რესტორანში გვითხრეს, რომ რესტორნის დახურვის გადაწყვეტილება
მთავრობის რეკომენდაციის გამოცხადებამდე მიიღეს. მაკა ნოზაძე
ტელეკომპანია „ბორჯომთან“ აცხადებს, რომ მათი ბოლო სამუშაო დღე კვირა,
15 მარტი იყო. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება კი კვების
ობიექტებთან დაკავშირებით 17 მარტს გაჟღერდა.
მაკა ნოზაძე ამბობს, რომ დროებით რესტორანიც დახურეს და არც შეკვეთის
ბინაზე მიტანის სერვისი არ აქვთ.
„მთლიანად დავიკეტეთ. თანამშრომლებთან ერთად მივიღეთ
გადაწყვეტილება, რომ თავი დაგვეზღვია და მუშაობა შეგვეწყვიტა. აქამდე,
დეზინფექციას ჩვენი ძალები ვატარებდით, თუმცა ამ მეთოდით არ ვიყავით
არცერთი ჩვენგანი დაზღვეული. მე ვერ ავიღებდი იმ პასუხისმგებლობას,
რომ აქ ვინმე შემოსულიყო და დაავადების გავრცელების რისკი შესაძლოა
გაზრდილიყო, ასე ვერც თანამშრომელს დავიცავდი და ვერც ვერავის.
ამიტომ, შევწყვიტე მუშაობა და არც შეკვეთა მიგვაქვს ბინაზე. არ ვიცი,
როდემდე ვიქნებით ასეთ რეჟიმში“ - ყვება ტელეკომპანია
„ბორჯომთან“ ერთ-ერთი რესტორნის მენეჯერი მაკა ნოზაძე.
ორ სხვადასხვა რესტორანში კი გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ
შეკვეთილი საკვების ადგილზე მიტანის სერვისს ამუშავებენ და მაგ დროსაც
ცდილობენ შეფუთული საკვები სახლის კართან დაუტოვონ. ამბობენ, რომ ამ
სერვისით თანამშრომლებს მორიგეობით ამუშავებენ, რომ მინიმალური
ანაზღაურება მაინც გადაუხადონ.
„რეკომენდაციის მიხედვით დავიკეტეთ 18 მარტიდან.
გვითხრეს, რომ თუ არ შევასრულებდით მოთხოვნას 15 000 ლარით
დავჯარიმდებოდით, რისი გადახდის საშუალება ნამდვილად არ გვაქვს.
ერთადერთი რაც მაწუხებს, თანამშრომლებისთვის ხელფასის გადახდის
საკითხია. ადგილზე მიტანის სერვისი გვაქვს და ასე მონაცვლეობით
ვამუშავებ თანამშრომლებს, რომ მინიმალური მაინც ავუნაზღაურო.
ნამდვილად არ გვსურს, დაავადების გავრცელებას რისკი გავზარდოთ, ამიტომ
რესტორანში მომხმარებლებს საერთოდ აღარ ვიღებთ“ -
ამბობს ერთ-ერთი რესტორნის მეპატრონე ნინო ჯაბიშვილი
„რესტორანი დახურულია, მომხმარებლებს აღარ ვიღებთ.
თანამშრომლებს მუშაობა უნდათ და დღის განმავლობაში მოდიან მორიგეობით.
შეკვეთილი საკვების ადგილზე მიტანის სერვისს ვამუშავებთ და ამგვარად
ვცდილობთ თანამშრომლებს ანაზღაურება მივცეთ. დღეს, ყველას უჭირს და
რთულია ადამიანებს უთხრა, აღარ იმუშაოთ, ხელფასს ვეღარ გადაგიხდითო.
ვცდილობთ, ამ გაჭირვების დროს ასე ერთად გავიტანოთ
თავი“ - გვეუბნება ერთ-ერთი რესტორნის მენეჯერი ქეთევან
მაღრაძე.
სურსათის ეროვნულმა სააგენტოს რეკომენდაციით, მომხმარებლისთვის
სურსათის მიწოდებისას დაცული უნდა იყოს შემდეგი პირობები: პერსონალი,
რომელიც მონაწილეობას იღებს სურსათის მიწოდებაში, აღჭურვილი უნდა იყოს
ერთჯერადი პირბადით და ხელთათმანით;
სურსათი მოთავსებული უნდა იყოს ერთჯერად ტარაში, ხოლო მრავალჯერადად
გამოსაყენებელი კონტეინერების რეცხვა-დეზინფიცირება უნდა მოხდეს
ყოველი გამოყენების შემდეგ, სადეზინფექციო და სარეცხი
საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაციით;
სურსათის ტრანსპორტირებისას დაცული უნდა იქნეს სურსათის ტემპერატურული
რეჟიმი.
შეგახსენებთ, საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების
აღკვეთის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სურსათის
ეროვნულმა სააგენტომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის
რეკომენდაციები 17 მარტს გამოსცა, რომლის თანახმადაც მათთვის ახალი
რეგულაციები ამოქმედდა.