ტურიზმი
საქართველოს მთავრობა ტურისტების შეფასებების გათვალისწინებას გეგმავს
ზაფხულის ტურისტული სეზონის შედეგებზე და ტურისტების შეფასებების ანალიზის შესაბამისად, მომავალი წლის ტურისტული სეზონისთვის კიდევ უფრო უკეთ მოსამზადებელ ნაბიჯებსა და პრიორიტეტებზე იმსჯელეს სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
პრემიერმა და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა განიხილეს არსებული ნაკლოვანებები და ის ცვლილებები, რომელთა განხორციელება, მომავალი წლის ტურისტული სეზონისთვის კიდევ უფრო უკეთ მოსამზადებლად, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს.
„ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ ეს ტურისტული სეზონი უპრეცედენტოდ გრძელია. პრაქტიკულად, ტურისტების ნაკადი არ გაჩერებულა. ჩვენ ვხედავთ, რომ თბილისი დღეს ისევ სავსეა ტურისტებით, გასული წლის შემოდგომასთან შედარებით, გაცილებით მეტი ტურისტი გვყავს არა მხოლოდ თბილისში, არამედ ყველა მიმართულებაზე. ზამთრის სეზონისთვის დიდწილად მზად ვართ, თუმცა, მომავალი ზაფხულის სეზონისთვის ჩვენ აუცილებლად უნდა გავაანალიზოთ ის შენიშვნები, სისუსტეები, რა მიმართულებებზე მოგვიწევს აქცენტის გაკეთება, მათ შორის - ინფრასტრუქტურაზე, მომსახურების საკითხებზე, ტრანსპორტზე, ექსკურსიამძღოლების კვალიფიკაციის საკითხზე და ა.შ. მე შევისწავლე ის შენიშვნები და კომენტარები, რომელთა სისტემატიზაციაც გავაკეთეთ და ბევრი ისეთ რამ დავინახე, რაც ახლავე დასაწყებია იმისათვის, რომ მომავალი წლის სეზონს ჩვენ კიდევ უფრო მომზადებული შევხვდეთ. ვფიქრობ, ტურიზმის ზრდა გვექნება როგორც ზამთარში, ისე - მომავალ წელსაც“, - განაცხადა პრემიერმა.
შეხვედრისას ხაზგასმით აღინიშნა, რომ სახელმწიფო ორიენტირებულია სერვისების გაუმჯობესებაზე და მომსახურების დახვეწის პროცესში მაქსიმალურად ითვალისწინებს ტურისტების - სახელმწიფოს სტუმრების შეფასებებს.
პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ ის წარმატება, რომელიც საქართველოს უკვე აქვს ტურიზმის სფეროში, კიდევ უფრო განავითარებს ქვეყანას და ასი ათასობით ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.
„ამისთვის საჭიროა, ჩვენ დღესვე დავიწყოთ მუშაობა იმ რეაგირებებზე, რომლებიც ჰქონდათ ტურისტებს ზაფხულის სეზონის განმავლობაში ინფრასტრუქტურის, უსაფრთხოების, მომსახურების სფეროს თუ სხვა მიმართულებებით, ასევე ყველაფერი გავაკეთოთ კულტურის მიმართულებით, რათა ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო მიმზიდველი გავხადოთ და შევქმნათ სამუშაო ადგილები, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესში. ძალიან მახარებს ის, რომ წელს პირველად, ბათუმში, დიდი სასტუმროების გარდა, დაიტვირთა მცირე ოჯახური ტიპის სასტუმროები. ეს არის კიდევ უფრო მეტი სტიმული სასტუმროების ქსელების განვითარებისთვის; იმისთვის, რომ მათ განავითარონ და მოაწესრიგონ თავიანთი მცირე ინფრასტრუქტურა და მიიღონ კიდევ უფრო მეტი შემოსავალი“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
სამუშაო შეხვედრაში საქართველოს ფინანსთა, ეკონომიკის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, შინაგან საქმეთა მინისტრები და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მონაწილეობდნენ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.