ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრმა კურორტი მიტარბი გახსნა
30-წლიანი პაუზის შემდეგ, კურორტი მიტარბი სრულიად ახალ სიცოცხლეს იძენს, - კურორტი ოფიციალურად დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მთავრობის წევრებთან ერთად, გახსნა.
სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის ახალი, საქართველოში უპრეცედენტო მოდელი - ასე შეაფასა მთავრობის მეთაურმა 150-მილიონიანი ინვესტიციის განაწილება სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის, რომლის შედეგად, სახელმწიფომ ააშენა საბაგირო გზა, გაარემონტა გზები, ხოლო კერძო კომპანია "ჯიარდისი" ახორციელებს ინვესტიციებს სასტუმროების, აპარტოტელების, მაღაზიების, გასართობი ცენტრებისა და პარკინგების მშენებლობაში.
"ეს არის სრულიად ახალი მოდელი, რომელსაც ჩვენ სხვა კურორტებზეც გამოვიყენებთ. უახლოეს მომავალში მზად იქნება კოხტა-მიტარბის კურორტის გენერალური გეგმა, რომლის მიხედვითაც, კურორტი კანონზომიერად განვითარდება და არ იქნება ქაოსური განვითარება. ეს კურორტი ჩაფლულია ულამაზეს ლანდშაფტში და ვფიქრობ, ამ ინვესტიციებით, ბორჯომ-ბაკურიანის და კოხტა-მიტარბის ერთიანი კომპლექსი შეიქმნება, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი კურორტი იქნება", - განაცხადა პრემიერმა.
გარდა ამისა, ბაკურიანში გასულ წელს დამონტაჟდა სამთო ციგა, 2017 წელს კი იწყება ბიატლონის ტრასის მშენებლობა, დაგეგმარდება ახალი სატრამპლინო სისტემა, დაიწყება ჰოკეის მოედნის მშენებლობა და იარსებებს სრული კომპლექსი, რომელიც მასშტაბური საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობას შეძლებს.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კურორტზე შექმნილი იქნება ყველა პირობა, რათა ნაკრებებმა ვარჯიში მთელი წლის მანძილზე შეძლონ.
"ვფიქრობთ, 12 თვის მანძილზე არ იქნება დღე, როდესაც ეს კურორტები დატვირთული არ იქნება. ეს ნიშნავს უამრავ ახალ სამუშაო ადგილს. ეს კურორტი, 100 კილომეტრის რადიუსში მცხოვრებ მოსახლეობას შეინახავს, რაც უდიდესი შვება იქნება აქ მცხოვრებთათვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერმა ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიანი სარკინიგზო ხაზის აღდგენის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს იქნება ახალი წლის მისალოცი რეგიონის მოსახლეობისთვის.
"ეს იქნება დაბრუნება ბავშვობაში და ამავდროულად - გზა მომავლისკენ. მოგეხსენებათ, ეს ხაზი საჭიროებდა განახლებას და ის, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი სატრანსპორტო ხაზი მთელ ამ მარშრუტზე არსებული სოფლების მოსახლეობისთვის", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ამ წარმატებაში მიიღო მონაწილეობა - "მთის კურორტების განვითარების კომპანიის" ხელმძღვანელ სანდრო ონოფრიშვილს და მის გუნდს; კომპანია "ჯიარდისის"; Black Sea Group-ს, რომელმაც უპრეცედენტოდ მოკლე დროში ძალიან დიდი სამუშაო შეასრულა; Doppelmayr-ს და მის წარმომადგენლებს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც გვერდით ედგნენ პროექტის განხორციელებას. პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა პირველი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის წვლილი, რომელმაც "ძალიან ბევრი იმუშავა, რათა ეს პროექტი რეალობა გამხდარიყო" და წარმატება უსურვა გიორგი გახარიას, რომელმაც პროექტი ჩაიბარა და "ბევრი მუშაობა მოუწევს ყველა დაანონსებული გეგმის განსახორციელებლად".
"ეს პროექტი არის მხოლოდ დასაწყისი ძალიან დიდი განვითარების. 2017 წელი იქნება ძალიან მაგარი წელი. ჩვენ არ გვაქვს დღეს დალხენილი ცხოვრება, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ არც ერთი ნაბიჯის გადადგმისგან არ უნდა შევიკავოთ თავი, რათა ჩვენს ქვეყანაში უკეთესი ცხოვრება იყოს. ჩვენ გვესმის ბევრი პრობლემა, გვტკივა ყველა ის პრობლემა, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აქვს, მაგრამ სწრაფად უნდა ვიაროთ წინ, რათა ჩვენმა მომავალმა თაობებმა იცხოვრონ უკეთეს ქვეყანაში", - განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ყველას მიულოცა დღევანდელი დღე და აღნიშნა, რომ ეს "ძალიან დიდი მომავლის დასაწყისი იქნება".
დაბა მიტარბის ტერიტორიაზე ორი ახალი საბაგირო და ერთი ბიგელი Black Sea Group-მა ააშენა. კურორტზე მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებლის, Doppelmayr-ის საბაგირო დამონტაჟდა.
კოხტა-მიტარბის საბაგიროების მშენებლობის პროექტი მთავრობამ 48 მილიონი ლარით დააფინანსა, კერძო ინვესტორი, კი 70 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
კვირის პოპულარული სიახლე
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.