საზოგადოება
2023 წელს ჟურნალისტებზე ძალადობის 45-მდე შემთხვევა დაფიქსირდა — კვლევა
მოკლედ: საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს (TI) მიხედვით, 2023 წელს ჟურნალისტებზე ძალადობის 45-მდე შემთხვევა დაფიქსირდა.

TI-ის შეფასებით, 2023 წელს ჟურნალისტებზე ძალადობის სამი ძირითადი კატეგორია გამოყო, ესენია:

მედიის წარმომადგენლების მიმართ ღია თავდასხმები;
მედიის წარმომადგენლების მიმართ მუქარისა და სავარაუდო დაშინების მცდელობები;
ჟურნალისტების მიმართ საპროტესტო აქციებზე განხორციელებულ ძალადობა, მათი დაკავებები და დაჯარიმებები.
Ti-ის შეფასებით, 2023 წლის ეს ტენდენციები 2024 წელსაც გაგრძელდა.
ჟურნალისტების მიმართ საპროტესტო აქციებზე მომხდარი ძალადობა, დაკავებები და დაჯარიმებები: TI-მ დაასახელა სამი შემთხვევა, რომელიც უკავშირდება პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ჟურნალისტების საპროტესტო აქციებზე დაკავებასა და მათ დაჯარიმებას. ესენია:

2023 წლის 2 მარტს, პუბლიკას დირექტორის, ზურა ვარდიაშვილის დაკავება რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე.
2023 წლის 2 მარტს, ტაბულას ჟურნალისტის, ბექა ჯიქურაშვილის დაკავება რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე.
2024 წლის 23 იანვარს, მთის ამბების რედაქტორის გელა მთივლიშვილის დაკავება კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების გაპროტესტებისას.
რას გვეუბნება ჟურნალისტების დაკავება-დაჯარიმების დამკვიდრებული პრაქტიკა: საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო წერს, რომ სამივე დაკავებას საერთო აქვს

დაკავების მუხლი: სამივე ჟურნალისტი დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლის დარღვევის ბრალდებით, რაც წვრილმან ხულიგნობასა (166-ე) და სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას (173-ე) გულისხმობს.
"ჟურნალისტებთან მიმართებით ეს მუხლი გამოიყენება პროფესიულ საქმიანობასთან კონტექსტში და ქმნის ბარიერებს მოვლენების გაშუქებისას, ინფორმაციის მოპოვებისა და გადაცემის პროცესში", — წერს TI და აღნიშნავს, რომ
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებით ჟურნალისტების დაკავების დამკვიდრებული პრაქტიკა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (154-ე მუხლი) დარღვევა და დანაშაულია.
ჯარიმის ოდენობა: TI-ის შეფასებით, სამივე ჟურნალისტი დააჯარიმეს დისპროპორციული ჯარიმებით 2000-2200 ლარით, რაც არის პრობლემა, რადგან "ჯარიმის ოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება ჟურნალისტების ყოველთვიურ შემოსავალს".
ასევე, TI-ის მიხედვით, დისპროპორციული ფინანსური ჯარიმები აძლიერებს შიშის ატმოსფეროს და ზრდის თვითცენზურის რისკებს კრიზისებისა და დემონსტრაციების გაშუქებისას, ჟურნალისტების დასჯის დემონსტრირებას კი აქვს "მსუსხავი ეფექტი" სხვა ჟურნალისტებსა და მთლიანად, მედიაგარემოზე.
განმხილველი მოსამართლე: სამივე საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილა ერთი და იგივე მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა.
"ერთი მოსამართლის მიერ საქმეების ერთგვაროვნად განხილვა ბადებს ეჭვებს სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე", — წერს TI.
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო აღნიშნავს, რომ საარჩევნო წელს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოქალაქეებს ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა ინფორმაციასთან და ამ კუთხით, მედიის როლი შეუცვლელია.

ასევე, TI-ის მიხედვით, სამართალდარღვევათა კოდექსის ინსტრუმენტალიზაცია მედიის წინააღმდეგ, არსებული გამოწვევების მხოლოდ ერთი ასპექტია და კიდევ უფრო თვალშისაცემი და საყურადღებოა საჯარო ჩართულობის წინააღმდეგ სტრატეგიული (ე.წ. SLAPP) სარჩელების ზრდის ტენდენციაც და კოორდინირებული შეტევები დამოუკიდებელ მედიაზე.
"სწორედ ამიტომ, მედიასთან დამოკიდებულებისას, არსებითია სამართალდამცველებმა და სასამართლომ იხელმძღვანელოს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკით და დაამკვიდროს პრაქტიკა, რომელიც გააუმჯობესებს გამოხატვის თავისუფლების სტანდარტს საქართველოში და მისცემს მედიის წარმომადგენლებს საშუალება იმუშაონ უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში", — წერს TI.
წყარო: on.ge
Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.