საქართველოში უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა 2020 წელს 81,3%-ით შემცირდა
2020 წელს საქართველოში 1 759 308
უცხოელი ვიზიტორი იმყოფებოდა, რაც 2019 წელთან შედარებით, 81,3%-იან
კლებას ნიშნავს.
2019 წელს ვიზიტორების რაოდენობა
თითქმის 10 მილიონი იყო. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის
მონაცემებით, პანდემიის მიუხედავად საქართველოსთან კავშირი
შეინარჩუნეს მეზობელმა ქვეყნებმა - ყველაზე ხშირად თურქეთიდან,
აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და რუსეთიდან შემოდიოდნენ. ამ ოთხი
ქვეყნიდან ვიზიტორების ჯამური რაოდენობა მილიონს აჭარბებს. წინა წელს
თითოეული ამ ქვეყნიდან საქართველოს მილიონზე მეტი ვიზიტორი
ჰყავდა.
ვიზიტორების უმეტესობა (1 219 840 ადამიანი) საქართველოში სახმელეთო
საზღვრის კვეთის შედეგად მოხვდა, საჰაერო საზღვრის კვეთით მხოლოდ 269
535 ადამიანი შემოვიდა. 85,4 %-ით არის შემცირებული ევროკავშირის
ქვეყნებიდან შემოსული პირების რაოდენობა, რომელმაც 2020 წელს მხოლოდ
70 738 შეადგინა. ევროპის ქვეყნებიდან საქართველოში ყველაზე მეტი
ადამიანი პოლონეთიდან და გერმანიიდან ჩამოვიდა.
საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის მონაცემები უცხოელი ვიზიტორების
შესახებ, რომელიც თავის მხრივ შინაგან საქმეთა სამინისტროს
სტატისტიკას ეყრდნობა, უცხოელ ვიზიტორებად ტურისტების და საქმიანი
ვიზიტებით ჩამოსული მოქალაქეების გარდა მოიცავს სატვირთო
ავტომობილების მძღოლებსაც, რომლებიც საქართველოს საზღვარს
საერთაშორისო გადაზიდვებისთვის კვეთენ. ნახევარ მილიონზე მეტი,
საქართველოში 2020 წელს შემოსული უცხოელი ვიზიტორებიდან, ერთდღიანი
ვიზიტით ან არატურისტული მიზნით იმყოფებოდა.