ბიზნესი მდგრადობისთვის
მწვანე ოფისი, გარემოზე მოხდენილი ზეგავლენა და შავი კატა ბნელ ოთახში
როგორც ცნობილია, კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობას, ანუ CSR-ს სამი განზომილება აქვს – სოციალური, გარემოსდაცვითი და ეკონომიკური. დღეს სწორედ გარემოსდაცვით განზომილებაზე მინდა გესაუბროთ.


ხშირად ხდება, რომ კომპანიები საკუთარი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გამოსახატად ხეებს რგავენ. ეს შესანიშნავი ქმედებაა. რა ჯობია ბეტონის ჯუნგლებში ხეს, ხე გამოიმუშავებს ჟანგბადს, შთანთქავს ნახშირორჟანგს და ცოტა სუფთა ჰაერის ჩასუნთქვის შესაძლებლობას გვაძლევს.

თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ CSR-ის მთავარი არსი და დანიშნულება არის კომპანიის მიერ საკუთარი საქმიანობის უარყოფითი ზეგავლენების შემცირება – იქნება ეს გარემოზე, ადამიანებსა თუ ეკონომიკაზე მოხდენილი ზეგავლენა (და პირიქით, დადებითი ზეგავლენის გაძლიერება).


არაერთხელ მსმენია კომპანიების წარმომადგენლებისაგან – ჩვენ არ ვახდენთ გარემოზე ზემოქმედებას, ჩვენი საქმიანობა ძირითადად ოფისში მიმდინარეობს, როგორ უნდა შევამციროთ ზეგავლენა, რომელიც არ გვაქვს?

საინტერესო კითხვაა – როგორ მოვძებნოთ შავი კატა ბნელ ოთახში, მით უფრო თუ ის იქ არ არის? თუმცა, არც ისე ზუსტი ანალოგიაა კომპანიებთან და გარემოზე ზემოქმედებასთან მიმართებით, რადგანაც კომპანიების შემთხვევაში ნებისმიერ ბნელ ოთახში მოიძებნება ერთი-ორო პატარა შავი კატა, ანუ ნებისმიერი კომპანია ახდენს ზეგავლენას გარემოზე, ზოგი მეტს ზოგი – ნაკლებს. ცხადია, საადვოკატო ან არქიტექტურული ბიურო, ნაკლებ ზეგავლენას ახდენს გარემოზე, ვიდრე ქიმიური ქარხანა, თუმცა, რომ დავუკვირდეთ, არც თუ ისე უმნიშვნელოს, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს.

ავიღოთ მაგალითად, საშუალო ზომის კომპანია, რომლის საქმიანობა, ძირითადად ოფისში მიმდინარეობს – მას არ აქვს არც საწარმოები, არც საწყობები, არც ჭაბურღილები. რა შეიძლება იყოს მისი ზეგავლენა გარემოზე?

ამ კომპანიის ერთი ჩვეულებრივი სამუშაო დღე განვიხილოთ: დილას თანამშრომლები მოდიან სამსახურში, შემოსვლისთანავე ანთებენ სინათლეს, რთავენ კომპიუტერებს, ზაფხულში ასევე – კონდიციონერებს, პრინტერზე ბეჭდავენ რაღაც საბუთებს – ეს ყველაფერი ელექტროენერგიას მოიხმარს; ზამთარში ოფისში გათბობას რთავენ, რასაც აგრეთვე სჭირდება ბუნებრივი აირისა და ელექტორენერგიის მოხმარება.

საბეჭდად გამოიყენებენ ქაღალდს, გამოყენებული ქაღალდი კი ნაგავში იყრება. პრინტერების მუშაობის შედეგად ასევე დროდადრო ძველი გამოყენებული კარტრიჯები ხვდება ნაგავში. საოფისე ტექნიკაც გამოდის ხოლმე მწყობრიდან და ასევე ნარჩენების რაოდენობას ზრდის.

თანამშრომლები სამსახურში იბანენ ხელს, სარგებლობენ საპირფარეშოთი, ზოგიერთ ოფისში სამზარეულოცაა, სადაც ჭურჭელი ირეცხება ან საკვები მზადდება – ამ ყველაფერს ახლავს წყლის მოხმარება და დაბინძურებული ნარჩენი წყლის წარმოქმნა.

ზოგან ყავის და წყლის აპარატები დგას, რაც ერთჯერადი პლასტიკის ჭურჭლის გამოყენებას და შესაბამისად, პლასტიკის ნარჩენების წარმოქმნას იწვევა (როგორც ჭურჭლის, ისე წყლის ბოთლების სახით).

ამას ემატება ტრანსპორტი – მივლინებებზე რომ არაფერი ვთქვათ, თანამშრომლები ყოველ დღე მოდიან სამსახურში და მიდიან უკან – საკუთარი მანქანებით, ან ტაქსით, ან ავტობუსით, რასაც ახლავს საწვავის მოხმარება და ჰაერის დაბინძურება – ესეც კომპანიის საქმიანობის გარემოზე ზეგავლენის ნაწილია.

აი, სრულიად უწყინარი ოფისის საქმიანობასაც კი რამდენი სხვადასხვა ზეგავლენა ახლავს გარემოზე – ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და საწვავის გამოყენება (აქედან – სათბურის აირის გაფრქვევები და გლობალურ დათბობაში შეტანილი წვლილი, ასევე ჰაერის დაბინძურება გამონაბოლქვით), წყლის მოხმარება და ნარჩენი წყლების წარმოქმნა; ქაღალდის მოხმარება; ნარჩენების წარმოქმნა, ძირითადად ქაღალდის, საკვებისა და შეფუთვის, ერთჯერადი ჭიქების, პლასტიკის ბოთლების, პრინტერების კარტრიჯების სახით, ზოგჯერ სხვა სახის ნარჩენებისაც, მაგალითად, ნახმარი ელემენტების.

ცხადია, ეს ზეგავლენა ბევრად ნაკლებია, ვიდრე დიდი საწარმოს ან ქარხნის ზეგავლენა გარემოზე, თუმცა ჯამურად, ბევრი მცირე ზეგავლენა საკმაოდ მნიშვნელოვან უარყოფით შედეგს გვაძლევს.

მაშ რა ვქნათ, როგორ შევამციროთ ეს ზეგავლენა, ანუ როგორ „გავამწვანოთ“ ჩვენი საქმიანობა? ხოლო თუ ჩვენი საქმიანობა ოფისში მიმდინარეობს – როგორ შევქმნათ „მწვანე ოფისი“?

პირველ რიგში უნდა დასხდეთ და დეტალურად გააანალიზოთ, სად და როგორ ახდენს თქვენი კომპანიის საქმიანობა ზეგავლენას გარემოზე, შემდეგ კი შექმნათ სამოქმედო გეგმა ამ ზეგავლენების შესამცირებლად – იმის გათვალიწინებით, რა შესაძლებლობებია ხელმისაწვდომი ჩვენ ქვეყანაში და რარესურსებს ფლობთ ამ ეტაპზე. მაგალითად, ჯერჯერობით საქართველოში არ ხდება ელემენტების რეციკლირება, ზოგიერთ კომპანიას ნახმარი ელემენტები სხვა ქვეყნებში გააქვს ამ მიზნით, რომ აქ ნაგავსაყრელზე არ მოათავსოს, თუმცა ქაღალდის რეციკლირება ხდება და ეს იოლად შეგიძლიათ გააკეთოთ.


მწვანე ოფისის შესაქმნელად ძირითადი აქტივობები შეიძლება იყოს:


  • ენერგოდამზოგავი ლედ ნათურებისა და სენსორების გამოყენება ენერგომოხმარების შესამცირებლად

  • ენერგო დამზოგავი კომპიუტერების, პრინტერების და სხვა საოფისე ელექტროტექნიკისა და საყოფაცხოვრებო დანადგარების (მაცივრების, კონდიციონერების) გამოყენება

  • დატენვადი კარტრიჯების გამოყენება

  • მოძველებული საოფისე ტექნიკის (კომპიუტერების, პრინტერების და ა. შ.) აღდგენა და გადაცემა მეორადი მოხმარებისათვის (მაგ. სოციალური ორგანიზაციებისათვის, რეგიონსი სკოლებისთვის)

  • შენობის დათბუნება და თბოდანაკარგების შემცირება (ჰერმეტული ფანჯრები, კედლებისა და სახურავის დათბუნება)

  • მგზავრობის შემცირება: მივლინებათა ჩანაცვლება ვირტუალური კონფერენციებით, ოპტიმალური მარშრუტების დაგეგმვა, თანაშრომლების მიერ მანქანის გაზიარების ინიციატივები (car sharing) და ველოსიპედით მგზავრობის სტიმულირება

  • ალტერნატიულ ენერგიაზე მომუშავე მანქანების – ელექტრომობილების, ჰიბრიდული მანქანების გამოყენება

  • წყლის მოხმარების შემცირება – ონკანები ფოტოელემენტებზე, წყლის დამზოგავი ჩარეცხვის სისტემები, წყლის კონსერვაცია და რეციკლირება და ა. შ.

  • ქაღალდის მოხმარების შემცირება, ელექტრონული საქმისწარმოების და დოკუმენტაციის სისტემის შემოღებით, ქაღალდის ორმხრივად გამოყენებით და ა. შ.

  • მდგრადი/ მწვანე ეტიკეტის მქონე ქაღალდის შესყიდვა – მაგალითად, ტყის მართვის საბჭოს FSC ეტიკეტირებული ქაღალდისსაოფისე და საყოფაცხოვრებო ნარჩენების სეპარირება და რეციკლირება,

  • ელექტრონული ნარჩენების სათანადო განთავსება

  • პლასტიკის ერთჯერადი ჭურჭლის ჩანაცვლება შუშის ჭურჭლით

  • განახლებადი ენერგიის მიმწოდებლების შერჩევა – სადაც არსებობს ამგვარი არჩევანი, ასევე ინდივიდუალურად მზის პანელების დამონტაჟებასათბურის აირების აღრიცხვა და კომპენსირება (offsetting)

  • მომწოდებლების შერჩევისას მათი საქმიანობის გარემოსდაცვითი ასპექტების გათვალისწინება და გარემოს მიმართ მეგობრული პროდუქციის შეძენა.

  • უპირატესობის მინიჭება ადგილობრივი მიმწოდებლებისთვის, რაც ადგილობრივი ეკონომიკის სტიმულირებასთან ერთად ამცირებს პროდუქციის ტრანსპორტირებით გარემოზე მოხდენილ ზეგავლენას

  • თანამშრომელთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ქცევის შეცვლის სტიმულირება.

ამ ჩამონათვალიდან, ცხადია, ყველაფერს ვერ განახორციელებთ. როგორც ნებისმიერი CSR ინიციატივის შემთხვევაში, მწვანე ოფისის შესაქმნელად საჭირო ქმედებებიც თქვენი კომპანიის საქმიანობის სპეციფიკასა და გარემოებებზე იქნება დამოკიდებული



ზოგიერთი ინიციატივა შესაძლოა საწყის ინვესტიციას საჭიროებდეს – მაგალითად, ტექნიკის შეცვლა უფრო ენერგოეფექტური მოდელებით, შენობის დათბუნება თბოდანაკარგების შესამცირებლად და ორგანიზაციის ავტოპარკის ჩანაცვლება ელექტრომობილებით ან მზის პანელების დამონტაჟება – თუმცა, საბოლოოდ ყველა ამგვარი ინიციატივა ხარჯებს შეგიმცირებთ და ინვესტირებული თანხის ამოღების შემდეგ მოგებაზეც გაგიყვანთ. მნიშვნელოვანია, რომ ეს ინვესტიციებიც, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა, სწორად დაიგეგმოს, სწორად გადანაწილდეს დროში და სწორად გათვალოთ ამონაგები ინვესტიციაზე.

ცხადია, ყველაფერს ერთდროულად ვერ გააკეთებთ და ეტაპობრივი მიდგომა იქნება საუკეთესო. ამისთვის კი უნდა დაისახოს ამოცანები და შედგეს სამოქმედო გეგმა, ასევე დაგჭირდებათ მონაცემთა მუდმივი აღრიცხვა, რომ შეაფასოთ საკუთარი წინსვლა და დაგეგმილი ინიციატივების ეფექტიანობა. თანამშრომელთა ინფორმირება და ტრენინგიც არ დაგავიწყდეთ, რადგან საკუთარი თანამშრომლების ჩართულობის გარეშე თქვენი გეგმა შედეგიანი ვერ იქნება; და ბოლოს, საზოგადოებასაც აცნობეთ CSR ანგარიშით, რა გააკეთეთ და რა შედეგებს მიაღწიეთ.

აი ასეთი მწვანე ოფისიდან შაბათ-კვირას თუ დაგეგმავთ თანამშრომელთა ერთობლივ გასვლას და ხეებსაც დარგავთ, ნამდვილად იქნებით გარემოზე მზრუნველი და მწვანე კომპანია.


ბლოგი გამოქვეყნდა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. შინაარსი სრულად შესაძლოა არ გამოხატავდეს ევროკავშირის (EU), კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) შეხედულებებს.

პროექტს “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად - საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).





ბლოგის ავტორი: ლელა ხოფერია

სტატია მომზადდა CSR ბლოგისთვის, ეს არის ბლოგი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისა და მდგრადი განვითარების შესახებ
Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.