ბიზნესი მდგრადობისთვის
რატომ და როგორ ზრუნავს პასუხისმგებლიანი ბიზნესი გარემოს დაცვაზე
„ბიზნესის გარემოსდაცვითი კორპორაციული პასუხისმგებლობა გულისხმობს ბიზნესსაქმიანობის ისეთ წარმოებას, როდესაც კომპანია არათუ არ ახდენს ნეგატიურ ზეგავლენას გარემოზე, არამედ თავისი საქმიანობით წვლილი შეაქვს ბუნებრივი გარემოს გაუმჯობესებაში.“ - ამბობს ტელეკომპანია ბორჯომთან საუბრისას ანა პეტრიაშვილი, CENN-ის კომუნიკაციის ხელმძღვანელი.

ხშირად დიდი თუ მცირე ბიზნესის ეკონომიკური საქმიანობა გავლენას ახდენს გარემოზე. პასუხისმგებლიანი ბიზნესი კი ზრუნავს არა მარტო დასაქმებულებზე, შრომის უსაფრთხოებაზე, წარმოებული პროდუქციის ხარისხზე, არამედ იმ საჭიროებებზეც, რაც ჩნდება მისი ეკონომიუკრი საქმიანობის განხორციელების პროცესში.

დღეს გარემოსდაცვითი კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე ორ წარმატებულ ბიზნესზე უნდა მოგიყვეთ.

თეგეტა ჰოლდინგი პირველი მსხვილი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კორპორაციული მდგრადობის სტრატეგია CSR agency-სთან ერთად შეიმუშავა, 2030 წლამდე განსაზღვრა სამოქმედო გეგმა და მას თანმიმდევრულად მიჰყვება. გარემოზე ზრუნვა კომპანიის პრიორიტეტია.

„ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი საქმიანობით გავლენას ვახდენთ გარემოზე და აღნიშნული ზეგავლენები უკავშირდება კომპანიის მიერ ბუნებრივი რესურსების გამოყენებას, ენერგიის მოხმარებას, ნარჩენების წარმოქმნას, პროდუქციისა და სერვისების ზეგავლენას გარემოზე და ა.შ.“ - ამბობს მარიამ ჯაფარიძე, თეგეტა ჰოლდინგის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერი.



გარემოს დაბინძურების პრევენცია და შემცირება, რესურსების მდგრადი გამოყენება და გლობალურ დათბობაზე ზემოქმედების შემცირება - ეს არის ის ძირითადი მიმართულებებია, რომელიც თეგეტა ჰოლდინგის გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის პრიორიტეტია.
თეგეტა ჰოლდინგის კომპლექსური ხედვა მოიცავს, როგორც მდგრად სატრანსპორტო და სამშენებლო გადაწყვეტებს ნულოვანი ემისიების მისაღწევად, ასევე, ნარჩენების ეფექტურად მართვასა და ცნობიერების ასამაღლებელ საქმიანობას.

„თეგეტა ყოველწლიურად აუმჯობესებს ქვეყანაში ელექტრომანქანებისა და plug-in ჰიბრიდების გაყიდვების მაჩვენებელს და დიდ ინვესტიციას დებს ინფრასტრუქტურის განვითარებაში. დასამუხტი სადგურების დასამონტაჟებლად დამტენების ქსელისთვის, ჯამში, უკვე 1 000 000 ლარზე მეტი თანხა დაიხარჯა. 2024 წლიდან ქვეყნის მასშტაბით 70 ახალი დასამუხტი სადგური მოეწყობა.“ - მარიამ ჯაფარიძე.


2022 წელს ჰოლდინგს კიდევ ერთი შვილობილი ორგანიზაცია „თეგეტა გრინ პლანეტი“ შეემატა, რომელიც ნარჩენების მართვის ეფექტურ გეგმას ახორციელებს. კომპანია მოქალაქეებსა და პარტნიორებს შესაძლებლობას აძლევს, ნარჩენი ზეთები, აკუმულატორები და საბურავები საქართველოს მასშტაბით მოწყობილ 45 შეგროვების პუნქტში ჩააბარონ. ამის შემდეგ „თეგეტა გრინ პლანეტი“ უზრუნველყოფს სპეციფიკური ნარჩენების ტრანსპორტირებასა და ლიცენზირებულ გადამამუშავებელ კომპანიებში ჩაბარებას. თეგეტას აქვს ეკოინიციატივები ქაღალდის შემცირების და პლასტასის შეგროვების კუთხით.
რესურსების მდგრადი გამოყენების მიზნით, თეგეტა აქტიურია ენერგოეფექტური მშენებლობების მიმართულებითაც.

„სულ ახლახანს გავხსენით თეგეტას ულტრათანამედროვე, მულტიფუნქციური საავტომობილო კომპლექსი, რომელიც დღეს გარემოში არსებულ არაერთ გამოწვევას და პრობლემას პასუხობს. კომპლექსის ტერიტორიაზე მოწყობილია 762 მზის პანელი. ობიექტზე განთავსებულია 5 ცალი ელექტრო დამტენი. ასევე, ტერიტორიაზე დამონტაჟებულია გარე სანათები მზის პანელით, რომელიც ელექტრო ენერგიას 100%-ით ზოგავს. გარემოზე ნეგატიური ზემოქმედებით გამოწვეული პრობლემების თავიდან ასაცილებლად, თეგეტას შენობებში გამოყენებულია ენერგო და რესურს ეფექტური პროდუქცია. „ - მარიამ ჯაფარიძე

2021 წელს შეიმუშავა თიბისიმ გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის (ESG) სტრატეგია. გარემოზე პირდაპირი ზეგავლენის შემცირების მიზნით კომპანია ფოკუსირებულია ენერგიის მოხმარების შემცირებაზე, უპირატესობას ანიჭებს ელექტრო და ჰიბრიდულ მანქანებს. მშენებლობებისა და ობიექტების განახლების დროს იყენებს ენერგოეფექტურ სისტემებს და სამშენებლო მასალებს, ცდილობს შეამციროს ქაღალდის, პლასტმასის, საწვავისა და სხვა რესურსების მოხმარება. ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავებით იმართება კომპანიის მიერ წარმოქმნილ სხვადასხვა ტიპის ნარჩენი.

„თიბისის მდგრადი პორტფელის მოცულობა 1,223 მილიარდ ლარს შეადგენს, საიდანაც 821 მილიონი ლარი გარემოსდაცვით და კლიმატთან დაკავშირებულ მიზნებს ემსახურება, როგორიცაა: განახლებადი ენერგიისა და ენერგო-ეფექტურობის პროექტების, ელექტრო და ჰიბრიდული მანქანების დაფინანსება. დაფინანსებული გვაქვს 42 ჰიდროელექტროსადგური და 15 მზის ელექტრო სადგური საქართველოში.“ - ამბობს მაკა ბოჭორიშვილი, კომპანიის გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხების კოორდინატორი.



თიბისიმ 2015 წელს ხელშეკრულება გააფორმა ქაღალდის გადამამუშავებელ კომპანიასთან და დაიწყო ქაღალდის ნარჩენების გადამუშავება. 2019 წლიდან კი კომპანიას აქვს მწვანე ავტოპარკი, რომელიც ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილებისგან შედგება. 2023 წელს თიბისის ავტოპარკში ელექტრო მანქანების რაოდენობა გაორმაგდა. ამჟამად, თიბისის ავტოპარკის 67%-ს ჰიბრიდული და ელექტრო მანქანები შეადგენს. გასულ წელს თიბისიმ პლასტმასის ნარჩენების შეგროვება დაიწყო, შეგროვებულ მასალას პარტნიორ კომპანიას გადასცემს გადამუშავებისა და მაღალი ხარისხის ბოჭკოვანი ქსოვილი წარმოები მიზნით. პროექტის მიზანია ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობაა. პლასტმასის ნარჩენების შეგროვების პროცესში ჩართულნი არიან თიბისის თანამშრომლები და მომხმარებლები. ურნები განთავსებულია თიბისის ფილიალებსა და სათავო ოფისებში 46 ლოკაციაზე.

„თიბისიში გვაქვს ტრენინგები გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით (ESG) საკითხებზე. ტრენინგების თემები მოიცავს კლიმატურ ცვლილებებს, მრავალფეროვნებას და თანასწორობას, სტერეოტიპებს და დისკრიმინაციას, ჯანსაღ სამუშაო გარემოს და ფარავს თიბისის ყველა თანამშრომელს. დავაარსეთ ESG აკადემია. ESG აკადემიის პირველი კურსი „მწვანე ცნობიერება და მწვანე დაფინანსება“ EFSE-ის (ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის) და GGF-ის (ფონდი მწვანე ზრდისთვის) მხარდაჭერით განხორციელდება და 22 თვე გაგრძელდება. ESG აკადემიის პირველი კურსი გადაამზადებს თიბისის 900 თანამშრომელსა და 300 საცალო, MSME და კორპორატიულ მომხმარებელს.“ - მაკა ბოჭორიშვილი.

იმისათვის, რომ ქვეყანაში გაიზარდოს პასუხისმგებლიანი ბიზნესის რიცხვი მნიშვნელოვანია პოზიტიური მაგალითების განხილვა და აღიარება. თუ თვალს გადავავლებთ ისეთ კონკურსებს, როგორიც არის TBC Business Award, მელიორა, UN Global Compact-ის კორპორაციული მდგრადობის ჯილდო და CENN-ის Beat Plastic pollution კონკურსი, ვნახავთ, რომ უკვე ბევრ სექტორში მოიკიდა ფეხი კომპანიების მიერ მდგრადი ინიციატივების დანერგვამ.

„საქართველოში უფრო და უფრო იზრდება ტენდენცია პასუხისმგებლიანი ბიზნესების. ეს აუცილებელია, რადგან თანამედროვე მომხმარებელს მეტი მოთხოვნები აქვს. ბიზნესს დიდი ძალა აქვს, იყოს საზოგადოებისათვის პოზიტიური ცვლილების მომტანი. ისევე აქვს საზოგადოებას უდიდესი ძალა, უბიძგოს ბიზნესს, იყოს მეტად მდგრადი. მნიშვნელოვანია, ეს როლი ორივე მხარემ კარგად გაითავისოს და ხელი შეუწყოს მდგრად, მწვანე და ინკლუზიურ განვითარებას. ბიზნესის პასუხისმგებლიანი ქცევა მისთვის საბოლოო ჯამში პოზიტიური იმიჯის გარდა, ფინანსური მოგების მომტანია.“ - ანა პეტრიაშვილი

ევროკავშირში დანერგილია არაერთი მექანიზმი იმისათვის, რომ ბიზნესები იყვნენ გარემოსდაცვითი და სოციალური კუთხით პასუხისმგებლიანები, 2023 წლის ბოლოს დამტკიცდა CSR დირექტივაც, სავალდებულო გახდა დიდი კომპანიებისათვის ამ კუთხით რეპორტინგი. საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა და ძალიან მალე, ჩვენთანაც გახდება ეს თემები მნიშვნელოვანი და მოუწევს კერძო სექტორს ფეხი აუწყოს მსოფლიო ტენდებციებს.


სტატია მომზადდა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ტელეკომპანია "ბორჯომი" და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის (EU), კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) შეხედულებებს.


პროექტს “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად - საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).


Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.