ბიზნესი მდგრადობისთვის
რამდენად მდგრადია ჩვენი ყოველდღიური არჩევანი - 5 რჩევა მდგრადი მოხმარებისთვის
პლასტიკის პროდუქტებიდან დაწყებული, სწრაფი მოდით თუ ტრანსპორტით დამთავრებული, ჩვენი ყოველდღიური სამომხმარებლო არჩევანით დიდ გავლენას ვახდენთ პლანეტაზე, გარემოზე და ეკონომიკაზე.

გაეროს მონაცემებით, საკვებ დანაკარგებზე და ნარჩენებზე გლობალური სათბურის გაზების გაფრქვევის 10 პროცენტი მოდის, ხოლო კაცობრიობა ყოველწლიურად დაახლოებით 430 მილიონ ტონა პლასტიკს აწარმოებს, საიდანაც ორი მესამედი მოკლევადიანი მოხმარების პროდუქტია, ანუ მალევე გარდაიქმნება ნარჩენად. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ 2040 წლისთვის პლასტიკის ნაწარმის წვლილი სათბურის გაზების ემისიის გლობალურ მაჩვენებელში 19 პროცენტამდე გაიზრდება.

ამ ფონზე, მომხმარებლის ყოველდღიურ არჩევანს და ამ არჩევანში მდგრადობის პრინციპების ინტეგრირებას დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოზე მავნე ზეგავლენის შემცირების თვალსაზრისით.

სპეციალისტები გვთავაზობენ ხუთ მიმართულებას, რომელთა გათვალისწინება შესაძლებლობას მოგვცემს, ჩვენი ნახშირბადის ნაკვალევი შევამციროთ და მდგრადი სტანდარტებით ვიცხოვროთ.



საკვები


მდგრადობის საკითხების სპეციალისტები თვლიან, რომ თუ ადამიანები შეძლებისდაგვარად მეტად გადაერთვებიან მცენარეულ რაციონზე, ეს ეფექტური გზა იქნება საკვების მოხმარების ნეგატიური ეფექტის გასანეიტრალებლად, რამდენადაც აგროსასურსათო ექსპანსიაზე მოდის ტყეების გაჩეხვის 90 პროცენტი გლობალურად, ხოლო დედამიწის ზედაპირის მეოთხედი პირუტყვის საძოვრად გამოიყენება. ეს ტენდენცია საფრთხეს უქმნის ბიომრავალფეროვნებას და ეკოსისტემას. შესაბამისად, მცენარეულ კვებაზე გადართვა, გარდა იმისა, რომ სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, ამცირებს სათბურის გაზების გაფრქვევასაც და ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებულ რისკებსაც.



მოგზაურობა


დედამიწაზე მოძრავი ტრანსპორტის 95 პროცენტი კვლავ წიაღისეულ საწვავზე მუშაობს, ხოლო სატრანსპორტო სექტორზე ენერგიასთან დაკავშირებული ნახშირბადის ემისიების 23 პროცენტი მოდის გლობალურად. შესაბამისად, საჯარო ან გაზიარებული ტრანსპორტის გამოყენება, ან ტრანსპორტის გამოყენების შემცირება ფეხით თუ ველოსიპედით გადაადგილებაზე გადასვლით, ამ ემისიების შემცირებას შეუწყობს ხელს. ასევე ჰაერის დაბინძურებასაც შეამცირებს და იმაზეც იქონიებს გავლენას, თუ როგორ დაიგეგმება სამომავლოდ ქალაქების ინფრასტრუქტურა.



სახლი და სამსახური


შენობების წილი სათბურის გაზების გლობალურ გაფრქვევაში 21 პროცენტია, ძირითადად ელექტრო ენერგიის და გათბობა-გაგრილების სისტემების მოხმარების გამო. შესაბამისად, სახლში თუ სამსახურში მარტივი ცვლილებებით ენერგომოხმარების შემცირება შესაძლებელი და სასარგებლოა გარემოსთვის. პასუხისმგებლიან მომხმარებელს შეუძლია დაზოგოს საკუთარი ენერგო მოხმარება, მაშინ როცა ბუნებრივი განათება ხელმისაწვდომია, ან ჩაიცვას ისე, რომ გათბობა-გაგრილების სისტემის დატვირთვა შეამციროს. ასევე, პრიორიტეტი მიანიჭოს ენერგო ეფექტურ მოწყობილობებს თუ ავეჯს.





შოპინგი, ანუ დაფიქრდი, ვიდრე იყიდი


კაცობრიობა 2 მილიარდზე მეტ ტონა მუნიციპალურ ნარჩენს წარმოქმნის ყოველწლიურად, საიდანც მხოლოდ დაახლოებით ნახევარი გადამუშავდება. სპეციალისტები თვლიან, რომ ჭარბი მოხმარების ერაში მომხმარებლებმა ქცევა უნდა შეიცვალონ და გაითვალისწინონ საკუთარი რეალური საჭიროება. შესაბამისად, პრიორიტეტი მიანიჭონ პროდუქტს, რომელიც მეტ ხანს ძლებს, ასევე აირჩიონ გაზიარება, გამოყენებული ნივთების აღდგენა ან კვლავ გამოყენება. ამ მიდგომებს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ, როცა ვსაუბრობთ ისეთი მასალის ნარჩენების შემცირებაზე, როგორიცაა პლასტიკი, ქაღალდი, ტექსტილი და მათთან დაკავშირებული ემისიები.




დასვენება და გართობა

იმას, თუ როგორ ატარებენ ადამიანები დასვენების დროს, რაც ტურიზმს და რეკრეაციულ აქტივობებსაც მოიცავს, დიდი გავლენა აქვს გარემოზე. მომხმარებელს შეუძლია გაცნობიერებულად დაგეგმოს ამ ტიპის აქტივობები მაგალითად შიდა ტურიზმზე გადართვით, რაც ასევე გამოიხატება ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერაში. ტურიზმის სექტორზე გლობალური ემისიების 8 პროცენტი მოდის, შესაბამისად, როდესაც გრძელ დისტანციაზე ვმოგზაურობთ, სპეციალისტები გვირჩევენ, ამ მავნე ზეგავლენის გასანეიტრალებლად დარჩენითაც დიდ ხანს დავრჩეთ, პრიორიტეტი მივანიჭოთ ადგილობრივ ნაწარმს და თავი ავარიდოთ ისეთი პროდუქტის გამოყენებას, რომელიც ნარჩენების წარმოქმნას უწყობს ხელს. სანაცვლოდ კი, ხელახალი გამოყენების შესაძლებლობის მქონე პროდუქტს მივანიჭოთ უპირატესობა, მათ შორის ჭურჭელსაც.




ეს სტატია და სიუჟეტი მომზადდა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია "ბიზნეს ფორმულა" და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის (EU), კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) შეხედულებებს.

პროექტს “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად - საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).



წყარო: ბიზნეს ფორმულა
Print E-mail
FaceBook Twitter
კვირის პოპულარული სიახლე
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.