ახალი ამბები
რა კეთდება ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატისთვის
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ბაკურიანში, თავისუფალი სტილით
სრიალში თხილამურებითა და სნოუბორდით
გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის
დასრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.
მინისტრის მოადგილემ დიდველსა და მიტარბში მოწყობილი ტბის ორი
ხელოვნური რეზერვუარი და გათოვლიანების სისტემები დაათვალიერა. ტბის
ხელოვნურ რეზერვუარებს ჯამურად 300 მლნ ლიტრი წყლის მარაგი ექნება და
გათოვლიანების სისტემას უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველყოფს.
„ბაკურიანში პრაქტიკულად დასრულებულია მსოფლიო ჩემპიონატის
სრულფასოვნად მასპინძლობისთვის საჭირო მასშტაბური ინფრასტრუქტურული
სამუშაოები, რომელიც გულისხმობს ხელოვნური რეზერვუარების მოწყობასა და
29-კილომეტრიანი გათოვლიანების სისტემის მონტაჟს. ამ ეტაპზე
მიმდინარეობს რეზერვუარების წყლით შევსების პროცესი. აღნიშნული
მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა ხელს შეგვიწყობს, რომ საქართველომ
ღირსეულად უმასპინძლოს ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო
ჩემპიონატს ბაკურიანში. ამავდროულად, აღნიშნული ინფრასტრუქტურა
გააძლიერებს კურორტ ბაკურიანს, გაახანგრძლივებს ზამთრის ტურისტულ
სეზონს და გაზრდის ვიზიტორთა გამტარუნარიანობას“, - აღნიშნა
მარიამ ქვრივიშვილმა.
მსოფლიო ჩემპიონატის პროექტის ფარგლებში ბაკურიანში აშენდა ახალი
საბაგიროები, ხელოვნური გათოვლაინების სისტემები, წყლის ხელოვნური
რეზერვუარები, 6 ახალი საშეჯიბრო ტრასა, შეძენილი იქნა სპეც.ტექნიკა,
უსაფრთხოების ინვენტარი. განხორციელდა დაახლოებით 300 მლნ ლარის
ინვესტიცია.
თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურითა და სნოუბორდით მსოფლიო
ჩემპიონატი, 2023 წელს ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამურო
ფედერაციის (FIS) ეგიდით გაიმართება. ჩემპიონატი საქართველოს
მთავრობის მხარდაჭერით, მთის ტრასების სააგენტოსა და საქართველოს
სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ტარდება.
გააზიარეთ :