ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ბრაკონიერობის ფაქტი გამოვლინდა
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის თანამშრომლებმა - ბუნებრივი
რესურსების სპეციალისტმა, შოთა გოლუბიანმა და უფროსმა რეინჯერმა, ჯაბა
არევაძემ, მიმდინარე თვეში, ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს.
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, ირმის მყვირალობაზე
დაკვირვება-მონიტორინგის განხორციელების დროს, რეინჯერებმა
გამოავლინეს ორი პირი, რომლებსაც ცხენებით ტვირთი გადაჰქონდათ,
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ალპურ ზონაში.
რეინჯერებმა, მიუხედავად გაწეული აქტიური წინააღმდეგობისა და
პროვოკაციული ქმედებისა, მოახერხეს ერთ-ერთი მათგანის შეჩერება და
ტვირთის ჩამორთმევა, რომელიც აღმოჩნდა სავარაუდოდ ირმის ხორცი.
ჩამორთმეული ტვირთი შემდგომში ოფიციალურად გადაეცა ხარაგაულის შს
სამმართველოს თანამშრომლებს.