სუს-მა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე 3 პირი დააკავა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ყალბი დოკუმენტების
დამზადება-გასაღების ფაქტზე 3 პირი დააკავა.
სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაული 3-დან 6 წლამდე
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის
„ბ“ ქვეპუნქტით.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო
ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარდა
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრთა პირადი, ასევე მათი საცხოვრებელი და
ნაქირავები ბინების ჩხრეკა, რის შედეგად ამოღებულია სხვადასხვა
ქვეყნის მაღალი ხარისხის ყალბი დოკუმენტები. მათ შორისაა მართვისა და
პირადობის დამადასტურებელი მოწმობები, დიპლომი და სხვა სახის
დოკუმენტალური ნივთმტკიცება.
პარალელურად, მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეში გამავალ სხვა
პირთა მიმართ დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება, მათი შესაძლო
სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.
დანაშაული 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, -
ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.